შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2022 10:06

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ისაუბრა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც მოიცავს. მიშელმა ეს წინადადება 18 მაისს ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში გამოსვლისას წამოაყენა.

როგორც მან აღნიშნა, ინიციატივის მიზანია „კავშირების გამყარება და ქმედითი თანამშრომლობის გაღრმავება საერთო გამოწვევების, მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად ჩვენს კონტინენტზე“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს: „ჩემი აზრით, უკვე არსებობს დე-ფაქტო გეოპოლიტიკური საზოგადოება, რომელიც რეიკიავიკიდან ბაქომდე თუ ერევნამდე და ოსლოდან ანკარამდეა გადაჭიმული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ გეოგრაფიულ სივრცეს პოლიტიკური განზომილება უნდა მივანიჭოთ“. 

მიშელის წინადადებით, ამ თანამშრომლობის ძირითადი სფერო საერთაშორისო პოლიტიკა უნდა იყოს. მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი შესაძლოა გაკეთდეს იმ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე, რომლებში გაერთიანებაც არ საჭიროებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მაგრამ რომლებსაც კონკრეტული ორმხრივი სარგებლის მოტანა შეუძლიათ: „ნათელია, რომ ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus თუ Horizon და ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედი პროექტები ამგვარი თანამშრომლობისათვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს“.

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები 27 ევროპელ ლიდერთან გაიარა და გადაწყვიტა, რომ ის ევროპული საბჭოს ივნისის გეგმაში შეიტანოს. ევროკავშირის და შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ამ წინადადების განსახილველად მან კონფერენციის ზაფხულში ან მოგვიანებით ჩატარების წინადადებაც წამოაყენა.

მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნამ არ უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირის გაფართოების პროცესი. თავის მხრივ,  ეს უკანასკნელი უნდა წარიმართოს უფრო სწრაფად, დინამიკურად და შექცევადად, რათა წაახალისოს რეფორმები და  ხელი შეუწყოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ: დღეს გაფართოების პროცესი ერთგვარი ნულოვანი ჯამის თამაშია. გარკვეულწილად, ეს უკომპრომისო თამაშია. ეს იწვევს ორივე მხარის ღრმა გულგატეხილობას და იმედგაცრუებას, რაც ყოველთვის უშლის ხელს ნდობის ჩამოყალიბებას“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი აზრით, გამოსავალი გაწევრიანების პროცესის ეტაპობრივ და განგრძობით ინტეგრაციად ქცევა შეიძლება იყოს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

წაკითხულია 130 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით

    გუშინ ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის  წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
    ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს  რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.  
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.
    საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.   
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას,  რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და  წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. 
    მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
    საქართველო, როგორც  საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების  ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას,  რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.
    საქართველო აქტიურად იმუშავებს  რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. 
    ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

  • ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

    ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

    რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

    "პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", აღნიშნულია ტექსტში. 

    პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

    ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან.

    უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცლოას მადლობა გადაუხადა "შესაბამისი სიმბოლური დადგენილების დღეს მიღებისთვის".

    "უკრაინა არის ევროკავშირის ქვეყანა. ჩვენ კი ამ ამ უფლებისთვის ვიბრძვით არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ იურიდიულ სფეროშიც", - წერს სტეფანჩუკი.

    წყარო: https://mtavari.tv/news/89822-evropulma-parlamentma-ukrainisa-moldovistvis 

  • „უკრაინის სახეები“ - ევროკავშირმა ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა

    „უკრაინის სახეები“ — ევროკავშირმა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა.

    მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა. მათი ნაწილი ქვეყნის მეტად უსაფრთხო რეგიონებში გადავიდა, ნაწილმა კი სახელმწიფო საზღვრები გადაკვეთა. 

    20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ავამოქმედეთ სპეციალური გვერდი, „უკრაინის სახეები“ (Faces of Ukraine). აქ იმ უკრაინელების ისტორიების გაცნობას შეძლებთ, რომლებიც ლტოლვილებად თუ იძულებით ადგილნაცვალ პირებად იქცნენ და მათ ამბებსაც შეიტყობთ, ვინც ქვეყნის დატოვება არ ისურვა. ამ ისტორიების საშუალებით თქვენ ევროკავშირის მიერ უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას. 

    გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინელების ერთი მესამედი გახდა იძულებული, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – დღეისათვის ეს მიგრაციით გამოწვეული უდიდესი მსოფლიო კრიზისია. ქვეყნის საზღვრები 7 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა. კიდევ 7 მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა, უკრაინის საზღვრებშივე შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე კიდევ დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია ჩარჩენილი. მათ წასვლა გადაადგილებასთან დაკავშირებული უზარმაზარი რისკის, ხიდების და გზების განადგურების ან იმის გამო არ შეუძლიათ, რომ არ იციან, როგორ მიაღწიონ უსაფრთხო ადგილებს. 

    „ზუსტად ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირის საზღვართან არსებული ქვეყნის 14 მილიონი მოსახლე რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გახდებოდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ადამიანების ყველაზე მასშტაბური გადაადგილებაა“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ლტოლვილთა საერთაშორისო დღის წინ გაკეთდა.

    ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავშესაფრით უზრუნველყვეს 6 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, რომლებიც, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში — პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში გადავიდნენ. ლტოლვილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

    დამატებითი ინფორმაცია

    უკრაინის სახეები (Faces of Ukraine)

    გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) – უკრაინელ ლტოლვილთა მდგომარეობა

    ლტოლვილთა საერთაშორისო დღე: ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება

  • საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

    2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, სადაც თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.

    იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

    თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ.

    მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

    ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

    ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას.

    შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.

    სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას.

    თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი!

    პატივისცემით,

    ნინო ლომჯარია

    საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)

  • 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა

    20 ივნისს რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაიკეტა და პარლამენტის წინ, აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყოა. ადგილზე მსვლელობით უკვე მიემართებიან სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს. 

    დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან:

    • რასა იუკნევიჩიენე;
    • მარკეტა გრეგოროვა;
    • ჟიგიმანტას პავილიონისი;
    • ანდრიუს კუბილიუსი;
    • ანა ფოტიგა.

    რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა.

    როგორც მანიფესტშია ნათქვამი, ისინი ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას.

    „მინდა, გაგაცნოთ ყველა იმ ძვირფას ადამიანთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში, შემუშავებული მანიფესტი და მიმართვა ყველას, თითოეულ თქვენგანს. ეს მანიფესტი მოიცავს შემდგომი მოქმედებების გეგმას. დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ, რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაუმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი და თუ თაობიდან თაობამდე ისევ და ისევ ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მომავალს ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს გადაშენება არ უწერია. აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია, ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით დავიწყებთ და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინაურობაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი თუ საჯარო მოხელე, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ გაღებული მსხვერპლი დამოუკიდებლობისთვის, გავერთიანდით ეროვნული მიზნით – საქართველო ევროკავშირში.

    ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარიო პრობლემა ეღობება, ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. აქ, ამ გამზირზე ერთად დგომით შეძლებს ჩვენმა ევროპელმა წინაპრებმა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. სწორედ აქ, ერთად დგომით შევძელით 1991 წლის 9 აპრილს და აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. 2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით თქვენ – ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას – სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტსა და მედიაგაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმრჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ, რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ. წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური