საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 22 მაისი 2022 11:18

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა 1992 წლის 21 მაისს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
1921 წელს, ანკარაში გაიხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიმონ მდივანი. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, სიმონ მდივანმა, პირველმა უცხოელმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

პირველი ქართული დიპლომატიური მისიის ანკარაში მოღვაწეობიდან 70 წლის თავზე, 1991 წლის 16 დეკემბერს, თურქეთმა, კვლავ ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის 30 ივლისს, საქართველოსა და თურქეთს შორის ,,მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ’’ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, თურქეთში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა 1994 წლის მაისში. საელჩოს გახსნამდე, აპრილის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, ხოლო მოგვიანებით, 1998 წელს, გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში.

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 2,145,884,100 აშშ დოლარს - რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქართული ექსპორტის ზრდის მიზნით.

2021 წლიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური/სატრანსპორტო პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე. მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის საკანონმდებლო ორგანოებში მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა.

უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის (TANAP და TAP) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის.

მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე, სხვა უწყებების დონეზე. სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

აღსანიშნავია თურქეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19 პანდემიის დროს აქტიური თანამშრომლობა, ასევე, თურქეთის მხარის მიერ გაწეული დახმარება პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების და სამედიცინო და საველე აღჭურვილობის რესურსების უსასყიდლოდ გამოყოფის მხრივ.

2022 წლის 27 იანვრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად იმპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანა.

2021 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოსა და თურქეთის ფოსტების მიერ, გამოიცა ერთობლივი ქართულ-თურქული საფოსტო მარკები.
ქართული მხარის ინიციატივით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, მოიჭრება საიუბილეო მედალი.

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ!

    ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ოთხთა სამიტზე თურქეთმა მიიღო ის, რაც სურდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდელენა ანდერსონი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხმხრივ შეხვედრაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

    პრესისათვის დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა მიაღწია იმის მიღებას, რაც სურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ მემორანდუმს ხელი, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

    საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში კი აღინიშნა: „ფინეთი და შვედეთი მკაფიოდ და ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას აღკვეთონ PKK-ს და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობა“.

    განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე ქვეყანამ გადაწყვიტეს გაზარდონ თანამშრომლობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთის მიზნით და რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად განიხილავენ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დეპორტაციის ან ექსტრადიციის მოთხოვნებს ინფორმაციის გათვალისწინებით.

    ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატოს მომავალი მოკავშირეები, არ დაუჭერენ მხარს PYD/YPG-ს და თურქეთში FETÖ-ს სახელით განსაზღვრულ ორგანიზაციას და აღინიშნა, რომ ხსენებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონმდებლობის არბიტრაჟს განახორციელებს.

    ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ეროვნული იარაღის მიმართ ემბარგოს აღარ დააწესებენ.  

  • ნატო თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი მუშაობენ თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი წევრობა ძალიან მოკლე დროში შეუძლებელია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    საინფორმაციო საიტის Politico-ს პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრობისთვის განაცხადების შესახებ ალიანსში არაერთხელ გამოითქვა განსხვავებული შეხედულებები.

    სტოლტენბერგმა საკითხთან დაკავშირებით მაგალითებად მოიყვანა 1950-იანი წლების სუეცის კრიზისი, 1960-იან წლებში საფრანგეთის გამოყოფა ნატოს სამხედრო ფრთისგან, 1970-იან წლებში ომები აფრიკასა და ვიეტნამში და მოკავშირეებს შორის განსხვავებული დამოკიდებულება ერაყის ომთან მიმართებაში.

    „ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვართ 30 სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა გეოგრაფიით, განსხვავებული ისტორიით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებით ხელისუფლებაში. მიუხედავად ყველა უთანხმოებისა, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ „დაიცვან ერთმანეთი“. მე მჯერა, რომ ჩვენ შეთანხმებულები ვართ ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის დავსხდეთ და მოვაგვაროთ მოკავშირეების მიერ გამოთქმული უთანხმოება და შეშფოთება, როგორც ამას აკეთებს ახლა თურქეთი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი არის ერთადერთი ნატოს მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ტერორისტული თავდასხმებით. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება სირიას და ერაყს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხშიც ყველაზე დიდი წვლილი მათ შეაქვთ. როდესაც თურქეთი გამოთქვამს თავის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსხდებით და ვეცდებით მათ გამოსწორებას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც საშუალებას მისცემს ფინეთს და შვედეთს გახდნენ ალიანსის წევრები რაც შეიძლება მალე“, აღნიშნა სტოლტენბერგმა.

     

  • „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“

    ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, 15 ივნისს, გაზეთში „გოძი შანგპაო“ საქართველოში ჩინეთის ელჩის - ჭოუ ციენის საავტორო სტატია გამოქვეყნდა.

    „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“
    საქართველოში ჩინეთის ელჩი - ჭოუ ციენი
    წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება. მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, ერთმანეთს ენდობიან და კეთილსინდისიერად თანამშრომლობენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, ეხმარებიან, ერთად ვითარდებიან, ხელს უწყობენ „სარტყლისა და გზის“ და სხვა მიმართულებით საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას; ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
    - პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად იზრდება
    1992 წლის 9 ივნისს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მას შემდეგ, ორივე ქვეყანა მუდამ იცავს თანასწორობის, ურთიერთნდობის, გულწრფელი თანამშრომლობის და ერთობლივი განვითარების პრინციპს; ჩინეთი და საქართველო ერთად იცავენ საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს; პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძირითად ინტერესებს. ერთად მისდევენ ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომლის ბირთვსაც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია წარმოადგენს; ხელს უწყობენ ინოვაციებს, საერთო შეხების ფაქტორების მოძებნას, მწვანე და დაბალნახშირბადიან ეკონომიკას, დაბალანსებულ განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების გაფართოებას, რეგიონულ განვითარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ეკონომიკური გლობალიზაციით მიღებული შედეგების ურთიერთგაზიარებას. საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. ჩინეთი და საქართველო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და სავაჭრო ზონების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში საქმიან თანამშრომლობას აქტიურად ახორციელებენ; ცდილობენ პოლიტიკური კოორდინაციის, ინფრასტრუქტურული კავშირების, თავისუფალი ვაჭრობის, ფინანსური ინტეგრაციის და ხალხთაშორისი კავშირების რეალიზებას. ამ მხრივ, ორმა ქვეყანამ არაერთ წარმატებას მიაღწია. შეიქმნა ურთიერთსარგებლიანი განვითარების მოდელი. ორ მხარეს შორის პოლიტიკური ნდობა დღითიდღე იზრდება. ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან.
    - ორმხრივი ვაჭრობა სწრაფად ვითარდება
    ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. მრავალი წელია, სავაჭრო ბრუნვა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს. სტატისტიკური მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 1992 წელს სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 1.48 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 400-ჯერ გაიზარდა. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა დაამყარა. ამით, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ახალი პერიოდი დაიწყო. ორმხრივი ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ რეგიონის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ, პირიქით, კიდევ უფრო მოიმატა. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკის აღდგენაში და ქართული მხარის კმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა წინა წელთან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა და 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა და 616 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 22%-ით გაიზარდა და 865 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა. ორმხრივი ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში 10.3%-ია. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა, ჩინეთში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.5%-ია. ჩინეთი საქართველოს საიმპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილზეა, ჩინეთიდან იმპორტის წილი მთლიანი მოცულობის 8.6%-ს შეადგენს.
    - თანამშრომლობა უწყვეტად ღრმავდება
    საქართველო, ევროპისა და აზიის გასაყარზე, სტრატეგიულად მნიშველოვან ადგილას მდებარეობს. იგი უძველესი კულტურის და თვალწარმტაცი ბუნების მქონე ქვეყანაა. საქართველო ცნობილია, როგორც „ღვთის ბაღნარი“ და „ღვინის სამშობლო“. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მაღალი დონის ეკონომიკური თავისუფლება და კარგი საინვესტიციო პირობებია. ბოლო წლებში, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, უცხოური კაპიტალის გამოყენებით აქტიურად უწყობს ხელს პორტების, ჩქაროსნული მაგისტრალების, რკინიგზის, ელექტროსადგურების, წყალმომარაგების და სადრენაჟე სისტემების და მისთ. მშენებლობას. „გარეთ გასვლის“ სტრატეგიის ფარგლებში, ჩინური კომპანიები საქართველოს შედარებით ღია და სამართლიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, აქტიურად მონაწილეობენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინვესტიციებს დებენ ინდუსტრიული პარკების, ჰიდროელექტროსადგურების და მისთ. მშენებლობაში, აქტიურ როლს თამაშობენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; მათი აქტიურობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამავდროულად, ჩემი ქვეყნის შესაბამისი მაღალხარისხოვანი აღჭურვილობა, სპეციალური ტექნოლოგია, მენეჯმენტის გამოცდილება ქართულ ბაზარზე ფეხს იკიდებს და დიდი ნდობით სარგებლობს. ჩინეთი და საქართველო განაგრძობენ საქმიან თანამშრომლობას, მრავალმხრივი და ორმხრივი შესაძლებლობების გამოყენებას, ერთმანეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, ფორუმებზე, გამოფენებზე, სემინარებზე დასწრებას; საქართველოს მთავრობა, ორგანიზაციები, ბიზნესასოციაციები და მათი წევრი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოში, კუანგჭოუს ბაზრობაში, ჩინეთის საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაში, ცენტრალური ჩინეთის ექსპოსა და სხვა ღონისძიებებში, ჩინეთის შესაბამის ასოციაციებთან და კომპანიებთან ამყარებენ კონტაქტებსა და საქმიან თანამშრომლობას, სარგებლობენ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დადებითი მხარეებით და მსოფლიო ბიზნეს შესაძლებლობებით.
    სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის არსებულ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში პრაგმატული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ფართო პერსპექტივას აჩენს. ორმხრივ სავაჭრო თანამშრომლობაში განვითარების ახალი პერიოდი იწყება. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას. იმედია, საქართველო დამაკავშირებელი ხიდის როლს ითამაშებს და დაეხმარება ჩინურ კომპანიებს დსთ-ის, აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ბაზრებზე გასასვლელად, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ბაზრებსა და მოსახლეობას.

     

  • პრემიერ-მინისტრი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
    ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა". აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.
    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
    მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • KGK-ს ღონისძიება „ართვინ-ბათუმის მედია შეხვედრა“ დიდი წარმატებით ჩატარდა!

    საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის და მთავრობის დამსახურებაა. 8-12 ივნისს ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს (KGK) მორიგი შეხვედრა სახელწოდებით „ართვინ-ბათუმის მედია შეხვედრა“ თურქეთში, ქალაქ ართვინში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა 100-მდე ჟურნალისტი და მედია ექსპერტი 57 ქვეყნიდან. ღონისძიების გახსნის შემდეგ KGK -ს ართვინის ბიუროს ხელმძღვანელმა აიდინ თათარმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მუსტაფა ქემალ ათათურქისა და მოწამეების ხსოვნას. შესრულდა თურქეთის ეროვნული ჰიმნი.

    ამის შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას მოხსენებით მიმართა ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს გენერალურმა მდივანმა მეჰმეთ ალი დიმმა. მან აღინიშნა, რომ დაარსებიდან მოკლე დროში საბჭოს წევრთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და ახლა 57 ქვეყანას მოიცავს. წლის ბოლოსთვის კი KGK -ს წარმომადგენლობების რიცხვი 70-ს მიაღწევს.

    მომავალ ამოცანებზე საუბრისას, ალი დიმმა განაცხადა, რომ KGK -ის მთავარი მიზანია განავითაროს და კიდევ უფრო გააძლიეროს მეგობრობა და ძმობა ხალხებსა და ერებს შორის, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვანი მედიის დახმარებით. KGK -ის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სახალხო დიპლომატიის განვითარებაა. საუბარი შეეხო ჟურნალისტების მნიშვნელოვან როლს სახალხო დიპლომატიის განვითარებაში. 

    ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს გენერალური მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ, მათ სურდათ ქალთა რაოდენობის გაზრდა KGK-ის დიდ ოჯახში და დაამატა, რომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა და ძალა მოიპოვეს ჰუსნიე კარაკოიუნის მონაწილეობით, რომელიც დაინიშნა თუნცელის წარმომადგენლად.

    ალი დიმმა  განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ თურქეთში უცხოელი ჟურნალისტების მასპინძლობის პროგრამას. მისივე თქმით, თებერვალში ქართველი ჟურნალისტების ვიზიტის შემდეგ, თურქეთის სახელმწიფოების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ბაღდად ამრეევის თხოვნით, სტამბოლსა და ბურსაში ყაზახეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტთა ჯგუფს უმასპინძლეს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს და ალი დიმმა დაამატა, რომ: "რაც უფრო მეტი უცხოელი ჟურნალისტი ჩამოვა თურქეთში, მით უფრო გაიზრდება თურქეთისადმი მათ დაინტერესება და ასევე გაძლიერდება მეგობრული ურთიერთობები".

    ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს გენერალური მდივანის განცხადებით, ამ პროგრამის შემდეგ, საქართველოს მოწვევით მოეწყო საპასუხო ვიზიტი თბილისში და ასევე დაიგეგმა მომავალი შეხვედრის გამართვა საქართველოში, 2023 წლის მაისში.

    ღონისძიების ფარგლებში გამართულ საინფორმაციო სესიაზე განიხილეს საპარლამენტო კომისიაში შემოტანილი ანტიდეზინფორმაციული კანონპროექტისა და ციფრული საავტორო უფლებების შესწავლის თემები, რომლებიც ბოლო დღეებში ფართოდ განიხილებოდა სოციალური მედიისა და ციფრული უსაფრთხოების განათლების კვლევის ცენტრის დახმარებით. აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, და რომ ჟურნალისტები ბევრ პრობლემასთან ერთად მარტო რჩებიან, რადგან მათთვის ობიექტურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    საქმიანი შეხვედრების პარალელურად შესაძლებლობა მოგვეცა უდიდესი სიამოვნება მიგვეღო თურქეთის მდიდარი, კულტურულ-ისტორიული ძეგლების გაცნობით. სტუმრები გაემგზავრნენ შავშატში, ბუნების საოცრებაში და მოინახულეს შავშატ კარაგოლი, ტიბეტის ისტორიულ ეკლესია, იავუზკოი და ეფკარის გორაკი. ასევე მოეწყო ნავით ტური ბორცკა მარინა კაშხალის ტბაზე.

    გარდა ამისა სტუმრებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს უგემრიელესი თურქული სამზარეულოს დაგემოვნებით. ჩვენმა თურქმა კოლეგებმა სტუმართმოყვარეობის უმაღლესი მწვერვალები აჩვენეს და თითოეული მათგანისგან მთელი ღონისძიების განმავლობაში განსაკუთრებულ მზრუნველობას, სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდით.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ართვინიდან

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური