საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 18 მაისი 2022 14:57
ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს.
გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური
წაკითხულია 268 ჯერ

Related items

  • ჩავუშოღლუ: „ჩვენი მხრიდან ამ პირობებში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა შეუძლებელია“

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ შვედეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათთან მაგიდასთან დასხდომა და საუბარი შესაძლებელი იქნება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    „ამ დროისათვის, ამ პირობებში ჩვენთვის შეუძლებელია, შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ, ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

    პრესკონფერენციის დროს, კითხვაზე, თურქეთი და უნგრეთი გახლავთ ის ორი ქვეყანაა, რომლებიც არ ეთანხმებიან შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ჩავუშოღლუმ ასე უპასუხა: „ჩვენ, როგორც უნგრეთი, მხარს ვუჭერთ ნატოს გაფართოებას. მაგრამ ერთის მხრივ, ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოების საზრუნავის გვედრით, მიუღებელია, რომ თურქეთის უსაფრთხოების საზრუნავი არ დაკმაყოფილდეს, რაც ტერორიზმთან ბრძოლაა. სამწუხაროდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს FETÖ-ს, PKK-ს და PYD-ს აქვთ ძლიერი ყოფნა ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით შვედეთში. ამ ქვეყნებში ხდება მათი დაფინანსება, ტერორისტების გადამზადება და შემდეგ სირიასა და ერაყში გაგზავნა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთსა და ფინეთში წმინდა ყურანის დაწვა, მიუღებელი ქმედებაა. თურქეთ-შვედეთ და ფინეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი, ამდაგვარი ქმედებების აკრძალვასაც ითვალისწინებს. ეს ნათელი და ცალსახაა. ჩვენ არც მეტი არც ნაკლები გვინდა ამ მემორანდუმის ვალდებულებების შესრულება. ჩვენი რწმენით, ანტისემიტიზმი ისევე არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ანტიქრისტიანობა და ანტიისლამი. ქმედებებს, რომლებიც არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ შეიძლება ეწოდოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ შვედეთი ერთ დღეს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათ, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დავსხდებით და მოვილაპარაკებთ. ამ პირობებში კი საკითხთან მიმართებაში ჩვენი მხრიდან, „დიახ“ თქმა შეუძლებელია“.

  • ნატო-სა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას!

    ნატო-სა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას თანამშრომლობის შემდეგ დონეზე გადაყვანის, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაზრდისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა ერთობლივ განცხადებას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი.

    ახალ ტექსტში, რომელიც მომზადებულია 2016 და 2018 წლებში ხელმოწერილი განცხადებების საფუძველზე, ნათქვამია, რომ ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რომ დღეს ევროატლანტიკური რეგიონი ბოლო წლების ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას და რომ რუსეთის ომი უკრაინაში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

    „რუსეთის ომი ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოში“. - ნათქვამია განცხადებაში და უმკაცრესად არის დაგმობილი რუსეთის აგრესია.

    ნატომ და ევროკავშირმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ურყევია და ეს ასე გაგრძელდება.

    განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ავტორიტარული აქტორები ნატოსა და ევროკავშირის ინტერესებს ცდიან, ასევე ნათქვამია: „ჩვენ ვცხოვრობთ გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის პერიოდში. ჩინეთის მზარდი პრეტენზიები და პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევებს, რომლებსაც ჩვენ უნდა გადავხედოთ“.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში არსებული მყიფე და არასტაბილური ვითარება სტრატეგიული მეტოქეებისა და ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებს.

    იქვე ხაზგასმულია ასეთ პერიოდში აშშ-სთან კავშირების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ნატო წარმოადგენს კოლექტიური თავდაცვის საფუძველს ევროატლანტიკურ რეგიონში და აღიარებულია „უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვის“ მნიშვნელობა და რომ ეს ნატომ უნდა შეავსოს.

    ”რადგან ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების საფრთხეები და გამოწვევები განვითარდა მასშტაბურად და სიდიდით, ჩვენს პარტნიორობას ავაყვანთ შემდეგ დონეზე, ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველზე”. - ნათქვამია განცხადებაში.

    სფეროები, სადაც თანამშრომლობა გაიზრდება, არის გეოსტრატეგიული კონკურენცია, მდგრადობის საკითხები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, მზარდი დამანგრეველი ტექნოლოგიები, კოსმოსი, კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების ეფექტი და საგარეო ინტერვენციები და ინფორმაციული მანიპულაციები.

  • თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

    თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო.
     
    მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
     
    საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ.

     

  • რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის ვიზიტი
    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
    გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი.
    ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.
    ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
    ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ ნატო-ს ძირითად ჯგუფს და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრეს. დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა.
    რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
  • ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა

    თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა. 

    სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კურსის მსმენელები გაეცნენ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით საჭირო სტანდარტიზაციის პოლიტიკას, სტრატეგიას, ზოგად დოკუმენტებსა და პროცედურებს. ასევე, მათ შეისწავლეს ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის ვებ-გვერდზე მუშაობის პრინციპები და მათი გამოყენების შესაძლებლობები. 

    სასწავლო კურსის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტმა სტრუქტურაში სტანდარტიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს  სერტიფიკატები საქართველოში საბერძნეთის თავდაცვის ატაშემ გადასცა.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური