საქართველოს ისტორიული არჩევანია, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - ი. ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 მაისი 2022 10:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

წაკითხულია 87 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და ნატოს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

    მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი". აღსანიშნავია, რომ სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, აღნიშნულია ნატოს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

    საქართველოს თემატიკა დეტალურად არის ასახული ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

    აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი", რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში ნატოს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული

    საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

    2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, სადაც თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.

    იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

    თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ.

    მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

    ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

    ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას.

    შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.

    სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას.

    თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი!

    პატივისცემით,

    ნინო ლომჯარია

    საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მთავრობის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატების ფორმატში მთავრობის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
    როგორც ი.ღარიბაშვილმა აღნიშნა, საუბარი მინდა იმ მთავარი მიღწევით დავიწყოთ, რომლის მომსწრენიც ყველა ერთად გავხდით რამდენიმე დღის წინ.
    „ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, და ოფიციალურ დოკუმენტში დიდი ხნის ნანატრი ჩანაწერი გამოჩნდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, როგორც უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ ამ მხრივ მათ განსხვავებული მიდგომა დააფიქსირეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, „მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რაც მემკვიდრეობით მიიღო“.
    „ევროკომისიამ დოკუმენტში მკაფიოდ განაცხადა, რომ რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, შეუნარჩუნოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რათა ის გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება“, - დასძინა ი.ღარიბაშვილმა.
    პრემიერის თქმით, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, მთელი გუნდით მზად არის და მოტივირებულია გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება.
    საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შემდეგ იგი უპასუხებს კითხვებს. შემდეგ იქნება პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური დებატები.
    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 1 ივნისს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წერილობით წარუდგინა ყოველწლიური ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ.

  • პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა

    საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    ყურადღება დაეთმო საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო - აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით.

    პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია.

    ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური