ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 17 მაისი 2022 12:29

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ. 
აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი. ცერემონიალს წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღვოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობითჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს. სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 
ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.

წაკითხულია 87 ჯერ

Related items

  • ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

    2022 წლის 23 მაისს, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას მონაწილეობით. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი.
    შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 
    სხდომაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშორმლობის განვითარების გზებზე, განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობა. 
    ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული დახმარება, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
    ალიანსის წევრებმა ერთხმად დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და მადლიერება გამოხატეს ქვეყნის მიერ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი ღირებული წვლილისთვის. 
    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში პატრიკ ტერნერთან და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ხავიერ კოლომინასთან.

  • ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა

    საქართველოში ვიზიტით დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრმა ნატოს წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 

    საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. 
    ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები. 

    აღსანიშნავია, რომ ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება.

  • ნატო-საქართველოს სწავლება გეგმის მიხედვით ჩატარდება

    მიმდინარე წლის 20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სამეთაურო საშტაბო სწავლება  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი რიგით მესამეა, რომელიც ნატოს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება.

    ნატო-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ საქართველოში მარტში გაიმართება

    ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს. კონფერენციაზე სპეციალურად ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ. ნატოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს. საუბარი ასევე ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. 

    „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

  • თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის დაწყებამდე კი, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობბაუერთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

    ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ძალების მეთაურმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაზრდილი სამხედრო პროვოკაციებსა და მზარდი მილიტარიზაციის პროცესებზე.

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტებზე და თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამომავლო გეგმებზე.

    შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობასა და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობებისა განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის როლზე. საუბარი ასევე შეეხო, 2022 წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვის პროცესის მიმდინარეობას.

    ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმდინარეობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ. აღინიშნა, SNGP-ის როლი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ნატო-სთან თავსებად ძალად ჩამოყალიბების საქმეში.
    ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა საქართველოს დელეგაციისაგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, აშშ-თან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
    ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა აღნიშნეს ქართველი სამხედროების დიდი წვლილი ალიანსის საერთაშორისო მისიებში და მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი კონტრიბუციისთვის. თავის მხრივ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.

    ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი
    სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური