"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების კულტურებს შორის შედგება ეს გამოფენები, რომლებიც საქართველოს ევროპის გულში აბრუნებს"-ს. ზურაბიშვილი

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 13 მაისი 2022 17:10

,,მოხარული ვარ, რომ სწორედ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების კულტურებს შორის შედგება ეს გაცვლითი გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ევროპის გულში აბრუნებს, სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ,,ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ -ის გახსნაზე.

,,მოხარული ვარ დღეს, რომ მომეცა საშუალება, დავესწრო ამ გამოფენის გახსნას. პირველი, იმიტომ რომ ეს გამოფენა ტარდება აქ, ამ გალერეაში, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ და მეორე ის, რომ გამოფენა ქუთაისში ტარდება, რადგან მიმაჩნია, რომ მან საქართველოს კულტურული დედაქალაქის ადგილი უნდა დაიბრუნოს.

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ წარმოდგენილი არიან უკრაინელი ხელოვანები, რომლებიც მართალია, ახლა ჩვენს გვერდით ვერ არიან, მაგრამ წარმოადგენენ უკრაინას. მინდა, ყველას მადლობა

გადავუხადო, მათ შორის, უცხოელებს, ვინც მონაწილეობენ ამ გამოფენაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

,,ქარავან არტ ფორუმი” პროგრამა “ქარავანსარაის“ ფარგლებში ხორცირლდება და მის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც დაარსდა პარიზში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. მისი მიზანი კულტურული გაცვლითი პროგრამები, არტისტების მობილობა და სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

წაკითხულია 142 ჯერ

Related items

  • რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია

    რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია’’, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები კონფლიქტებში“.

    ,,სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც 106 დღის განმავლობაში, უკრაინაში ვუყურებთ. სიტყვები არ მყოფნის ამ სასტიკ ომზე საუბრისას, რომელსაც რუსეთი იმ ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს, რომელსაც თავის ძმად და ახლობელ  ქვეყანად წარმოაჩენს. 

    პარადოქსი აშკარაა - ეს არ კეთდება ახლობელი ქვეყნისა და ახლობელი ხალხის მიმართ. ეს არის ხალხი ყოველდღე კვდება და კვდებიან  ქალები და ბავშვები. იმის თქმა მსურს, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლნი ქალები არიან და საქართველოში, გვაქვს ამგვარი კონფლიქტების გამოცდილება. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულმა სამმა აგრესიამ აჩვენა, რომ ქალები იყვნენ როგორც მსხვერპლები, ასევე ლტოლვილები, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინამ გვაჩვენა, რომ ქალებმა შეწყვიტეს მსხვერპლად ყოფნა, ისინი ასრულებენ თავიანთ როლს, დგანან მტკიცედ და სრულად ახდენენ ერის ერთიანობის არაჩვეულებრივ დემონსტრირებას. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები მართავენ, ეს არის ომი, რომელსაც მთელი უკრაინელი ერი წარმართავს. 

    ეს ჩვენს სრულ აღფრთოვანებას იმსახურებს და მინდა ეს გზავნილი გადავცე ქალბატონ ზელენსკას - ყველა ქართველი ქალის სოლიდარობის გზავნილი, რომელთაც მე აქ წარმოვადგენ. 

    - როგორც ახსენეთ, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული. არებობს საქართველოში განცდა, რომ თქვენ შემდეგი იქნებით?

    როდესაც რუსული აგრესია გაქვს გამოვლილი, ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველთვის მისვამენ. ჩემმა ოჯახმა პირველი რუსული, საბჭოთა ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა, რომელიც გრძელდება. როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა -  ყირიმის მსგავსად, ანექსიაზე დანიშნული რეფერენდუმი და შემდეგ მისი გაუქმება, რომელიც შესაძლოა, ხვალაც დაბრუნდეს.  

    ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ ახლა, აქ, ამ შენობაში მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხეა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ყველა ქვეყნისათვის. ის, რაც არ გაკეთებულა ყირიმსა და საქართველოში რუსული აგრესიის დროს, ახლა უნდა გაკეთდეს და ნაწილობრივ გაკეთდა კიდეც - ევროკავშირმა და ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს რუსეთის რეალური სახე და რუსეთის რეალური მიზნები. მაგრამ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი - რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას.

    ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ კონფლიქტში დაზარალებული ქალები და ქალი ლიდერები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

    ღონისძიების, რომელსაც  გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა  და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება

    საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს პრეზიდენტი:

    დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს. არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, რომ პირველი ვიზიტი საქართველოში შემდგარიყო. ეს ჩვენი მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ნიშანია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. 

    ასევე, ამ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ეს 30 წელი ჩვენი ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მუდამ კეთილმეზობლურია, რაც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას ასახავს, რომელიც მეგობრულად, ურთიერთშეთავსებითა და თანამშრომლობით კიდევ საუკუნეები გაგრძელდება. 

    ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, კიდევ ერთხელ ირღვევა ჩვენი ქვეყნების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც.

    ყველასთვის შემაშფოთებელია, რასაც უკრაინაში ვხედვთ - ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგევართ და მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ.

    რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესია. სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელედება და მძიმდება, რასაც დღეს, 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის სახით ახალი მუქარაც ემატება, თუმცა, ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს, ყოველმხრივ, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალ განვითარებისთვის, კიდევ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

    ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

    შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს - სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტეციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და  ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.

    აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება. 

    ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალქეების თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. 

    დაბოლოს, მინდა, ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და მომავალი საუკუნეების მანძილზე ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გამყარება. 

    სომხეთის პრეზიდენტი:

    უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისთვის და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში, პირველი, ოფიციალური ვიზიტი მეზობელ, სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელე. ეს წელი განსაკუთრებულია და ჩვენი ქვეყნებისთვის საიუბილეოა, რადგან ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. 

    მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. 

    კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთიბები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთიბისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. 

    მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უფრო მეტად გაფართოებისათვის სრულდება ორმხრივად აღებული ვალდებულებები. 

    სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ,,განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები“ ეწოდება და ეს ასეთი კვალიფიკაცია უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას განაპირობებს, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები. თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი სრულ ურთიერთნდობას ეფუძნება.

    დღეს, მე და ქალაბატონმა პრეზიდენტმა, მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი განვიხილეთ და შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო, სატრანსპორტო დერეფანი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, საჭიროა ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახლემწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას გვაძლევს გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები.

    ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავს საკითებში - რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში, ყველაფერი ქართულ-სომხურ მეგობრობას ეფუძნება. 

    დიდი მადლობა მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ყველა წამოწყების წარმატებულ დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს წარმატებებს მოუტანს.

  • "მზად ვარ ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს" (ვიდეო)

    ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

    დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს, თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.

    26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება; ამგვარად, ქართველმა ერმა, ერთხელ და სამუდამოდ, უარი თქვა სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე.

    26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

    ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა. რამეთუ, დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი! ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს. თუმცა, ეს დაფიქრება, ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან, სიფრთხილესთან ერთად, ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას. მოითხოვს, პირველ რიგში - და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება - ერთიანობას.

    ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:

    1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.

    2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.

    3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.

    4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.

    ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით - ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა.

    დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!

    ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და  ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს.

    ამ დროს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს.

    დღეს 26 მაისს  ჩემი თხოვნა და მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკურ ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის: ძალა ერთობაშია! როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია! ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ! კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს!

    მინდა წაგიკითხოთ ერთი წინადადება ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის მიერ შექმნილ დეკლარაციიდან: „საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად რათა ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“.

    ჩვენ გვევალება, რომ ამ ახალგაზრდებს ვუსმინოთ და მომავალ თაობებს საკუთარი არჩევანისთვის გზა გავუხსნათ. წარმატება ამ გზაზე ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ნიშნავს ყველაზე: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება თავის ყველა კომპონენტით.

    მე ამიტომ მზად ვარ ვიყო თქვენი ყველასი ხმა და ეს ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს! რათა გაიგონ საქართველოს ერთიანი გზავნილი „ევროპელები ვართ“! რამეთუ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მშვიდობის გამყარება, მხოლოდ ამ გზით მოიპოვება... ამ  მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველა.... და ასე მესმის დღეს თქვენს მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: „ვემსახურები საქართველოს!“

    გაუმარჯოს საქართველოს!

    გთავაზობთ ვიდეოს: 

     

  • შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ისაუბრა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც მოიცავს. მიშელმა ეს წინადადება 18 მაისს ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში გამოსვლისას წამოაყენა.

    როგორც მან აღნიშნა, ინიციატივის მიზანია „კავშირების გამყარება და ქმედითი თანამშრომლობის გაღრმავება საერთო გამოწვევების, მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად ჩვენს კონტინენტზე“.

    პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს: „ჩემი აზრით, უკვე არსებობს დე-ფაქტო გეოპოლიტიკური საზოგადოება, რომელიც რეიკიავიკიდან ბაქომდე თუ ერევნამდე და ოსლოდან ანკარამდეა გადაჭიმული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ გეოგრაფიულ სივრცეს პოლიტიკური განზომილება უნდა მივანიჭოთ“. 

    მიშელის წინადადებით, ამ თანამშრომლობის ძირითადი სფერო საერთაშორისო პოლიტიკა უნდა იყოს. მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი შესაძლოა გაკეთდეს იმ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე, რომლებში გაერთიანებაც არ საჭიროებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მაგრამ რომლებსაც კონკრეტული ორმხრივი სარგებლის მოტანა შეუძლიათ: „ნათელია, რომ ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus თუ Horizon და ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედი პროექტები ამგვარი თანამშრომლობისათვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს“.

    მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები 27 ევროპელ ლიდერთან გაიარა და გადაწყვიტა, რომ ის ევროპული საბჭოს ივნისის გეგმაში შეიტანოს. ევროკავშირის და შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ამ წინადადების განსახილველად მან კონფერენციის ზაფხულში ან მოგვიანებით ჩატარების წინადადებაც წამოაყენა.

    მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნამ არ უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირის გაფართოების პროცესი. თავის მხრივ,  ეს უკანასკნელი უნდა წარიმართოს უფრო სწრაფად, დინამიკურად და შექცევადად, რათა წაახალისოს რეფორმები და  ხელი შეუწყოს ევროპულ ინტეგრაციას.

    „ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ: დღეს გაფართოების პროცესი ერთგვარი ნულოვანი ჯამის თამაშია. გარკვეულწილად, ეს უკომპრომისო თამაშია. ეს იწვევს ორივე მხარის ღრმა გულგატეხილობას და იმედგაცრუებას, რაც ყოველთვის უშლის ხელს ნდობის ჩამოყალიბებას“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი აზრით, გამოსავალი გაწევრიანების პროცესის ეტაპობრივ და განგრძობით ინტეგრაციად ქცევა შეიძლება იყოს.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ქუთაისსა და ქ. სიანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ

    ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაცია იტყობინება.

    ხელმოწერის ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და ქალაქ სიანის მერი ლი მინგუანი.

    მხარეები შეთანხმდნენ ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისთვის განავითარონ თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის სფეროებში.

    „დღეს ხელი მოეწერა პარტნიორულ ურთიერთობას ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის. რომელიც მომავალში ფართო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. მნიშვნელოვანია ქალაქ სიანთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც ქუთაისის მსგავსად, სიანი ჩინეთის უძველესი ქალაქია, სადაც თავმოყრილია ჩინური კულტურის და ისტორიის სიძველეები.

    ნიშანდობლივია, რომ სწორედ სიანი ავირჩიეთ პარტნიორ ქალაქად, რადგანაც ამ ორი ქალაქის ისტორია და თანამედროვე ინტერესები თანხვედრილია.

    მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ელჩს ჩინეთში , ბატონ არჩილ კალანდიას, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა ქუთაისსა და სიანს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება.

    მჯერა, რომ ეს მეგობრობა წარმატებული იქნება ორივე ქალაქისთვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური