ლევან დავითაშვილი აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ჯუდიტ ფრაიორს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 12 მაისი 2022 13:21

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ხელმძღვანელებთან საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ლევან დავითაშვილმა აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჯუდიტ ფრაიორთან, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნე გარემოსა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში. 

აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-დან ინვესტიციებს, რომლებმაც თავის დროზე დიდი წვლილი ითამაშეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოში 1.8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა არსებობს მეტი პოტენციალი და საქართველო განიხილავს მეტი ინვესტიციის მიღებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი და სხვ. 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტზე. მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა, მეტი დაინტერესება გამოიჩინონ საქართველოში 5 G ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და მათი დაძლევის გზებზე.

წაკითხულია 159 ჯერ

Related items

  • 2022 წლის იანვარ-ივლისში ჩინეთის ეკონომიკის ძირითად აქტივებში ინვესტიციები 5,7 პროცენტით გაიზარდა

    პეკინი, 15 აგვისტო (სინხუა) – 2022 წლის იანვრი-ივლისის მონაცემებით, ჩინეთის კაპიტალის ინვესტიციები 5,7 პროცენტით გაიზარდა.

    ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთის კაპიტალის ინვესტიციებმა 31,98 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 4,74 ტრილიონი დოლარი) შეადგინა.

    ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით შენელდა. თუმცა შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 6,1 პროცენტით გაიზარდა, წლიური მაჩვენებლის თვალსაზრისით.

    ივნისთან შედარებით ივლისში ქვეყნის ძირითად აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 0,16%-ით გაიზარდა.

    წლიური მაჩვენებლის თვალსაზრისით, პირველ შვიდ თვეში ეკონომიკის კერძო სექტორის ინვესტიციები ქვეყნის ძირითად აქტივებში 2,7 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 17,8 ტრილიონი იუანი შეადგინა, აღნიშნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკურ სამსახურში.

  • სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ყავს

    დღეს, სს „ლიბერთი ბანკმა“ ბრუნო ბალვანერას სამეთვალყურეო საბჭოში ახალ დამოუკიდებელ წევრად დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომელიც ძალაში შედის 2022 წლის 3 აგვისტოდან.

    ბრუნო ბალვანერას აქვს 35 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო/საინვესტიციო სფეროში, მათ შორის 23 წელი სხვადასხვა პოზიციებზე EBRD-ში, როგორც სათავო ოფისში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ასევე რეგიონალურ ოფისებში (სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, თბილისი და ნურსულთანი). 2013-2018 წლებში ბრუნო ბალვანერა იყო რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, რომელიც იმართებოდა თბილისიდან, შემდეგ კი ცენტრალური აზიის რეგიონის მმართველი დირექტორი 2020 წლამდე.

    ბრუნო ბალვანერას გამოცდილება მოიცავს კერძო სექტორში ინვესტიციებს მდგრადი განვითარების მიმართულებით და ასევე, წარმატებულ ექსპერტულ ცოდნას ინვესტიციებირისკებისშესაბამისობისსამართლებრივისოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტებიინკლუზიურობის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

    ბრუნო ბალვანერას ეკავა რამდენიმე კომპანიის საბჭოს წევრის თანამდებობა, მათ შორის 2020 წლის ბოლოს არჩეული იყო არა-აღმასრულებელ დირექტორად Asaka Bank-ში (უზბეკეთი). ის ამჟამად არის კერძო ინვესტორი ფინტექ მიმართულებით, ჩართულია საერთაშორისო ბიზნესსა და აკადემიურ სწავლებაში და ასევე, არის სტრატეგიის კონსულტანტი.

    სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: სამეთვალყურეო საბჭოს სახელითმინდა მივესალმო ბრუნო ბალვანერას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში გაწევრიანებას. ბრუნოს დიდი გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და ფინტექში, ინვესტიციების, ციფრული ფინანსებისა და სტრატეგიის გამოცდილებასთან ერთად, ფასდაუდებელი იქნება ბანკის მიერ დასახული ზრდის გეგმის მისაღწევადდარწმუნებული ვართ, ბრუნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელებს პოზიტიურ ცვლილებებს თავისი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ლიბერთისთვის ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე.

    სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა წევრმა, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა:

    „მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს. მხარს ვუჭერ ბანკის სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მიზანია უნიკალური ფართო მომხმარებელთა ბაზის ეფექტურად გამოყენება და მცირე ბიზნესის განვითარება საქართველოს ყველა რეგიონში! ლიბერთი და მისი პროფესიონალიენერგიული გუნდი კარგად არის პოზიციონირებული იმისათვის, რომ გაიმყაროს ადგილი სექტორში, როგორც ძლიერი მოთამაშე და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაციფრულებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.”

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge

  • საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები განიხილეს

    საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკულ კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურმა დირექტორმა ბენ მაკ უილიამსმა

    საუბარი კერძოდ შეეხო SpaceX საქართველო¬ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდების საკითხის უზრუნველყოფას.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.

    „SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“ - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა ჩად გიბიმ.

    პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

    ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

    SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.

    სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამოხატა კომპანიამ ინტერესი საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართვაზე, ასევე საქართველო განიხილეს რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. 

    ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. 

    თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. 

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე

  • გურამ გურამიშვილი: საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემისა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაციაში, რომელიც ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურში ოფისში გაიმართა. 

    ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსმა რევაზ ბაბილუამ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კორეის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში დაესუ ჩანგმა. 

    მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა ამის დასტურია. 

    „სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა.

    თუმცა ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს - საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

    კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია. 

    სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვის პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით, ასევე ჩატარდა ერთობლივი კვლევები, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში.

    რაც შეეხება საფოსტო მარკას „საქართველოს საზღვაო შუქურები“, ის „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. სამივე შუქურას დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

    ეკონომიკის სამინისტრო

  • ევროკავშირი „ჰორიზონტი ევროპის“ ბიუჯეტს მწვანე, ჯანდაცვის სფეროს, ციფრული ინოვაციებისა და უკრაინელი მეცნიერების მხარდასაჭერად ზრდის

    10 მაისს ევროკომისიამ დაამტკიცა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) 2021-2022 წლების სამუშაო პროგრამის შესწორება, რომელიც მის ბიუჯეტს თითქმის 562 მილიონი ევროთი ზრდის. დამატებითი ინვესტიციები დაეხმარება ევროკავშირის მისიებს (კლიმატის ცვლილება, ონკოლოგიური დაავადებები, ოკეანე და წყლები, ნიადაგი და კლიმატ-ნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქები), გამოიყენონ ინოვაციური გადაწყვეტები ეკოლოგიის, ჯანდაცვის და ციფრული სფეროს გამოწვევებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტით, ამასთან, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერების დახმარება იქნება შესაძლებელი.

    პროგრამის 2021 და 2022 წლების მთლიანი ბიუჯეტი ახლა დაახლოებით 16 მილიარდ ევროს შეადგენს.

    ახალი MSCA4Ukraine სქემის ფარგლებში, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ნაწილია, იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერებისთვის 25 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამ გზით ისინი ევროკავშირის და „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნების აკადემიურ ან არააკადემიურ მასპინძელ ორგანიზაციებში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ამასთან, ასობით უკრაინელი მეცნიერი პროგრამის, Human Frontier Science, 1 მილიონ ევრომდე გაზრდილი ბიუჯეტითაც ისარგებლებს. 

    გარდა ამისა, აღნიშნულ შესწორებაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ რუსეთში, ბელარუსში ან უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე დაფუძნებულ იურიდიულ ობიექტებს არცერთი ფორმით არ აქვთ „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ რაიმე საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, მიზეზების დასაბუთებით.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური