11 მაისს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 მაისი 2022 12:39
2022 წლის 11 მაისს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იტყობინება.
ამ არცთუ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მთავარ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება, რაც არსებული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა  და მის  თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანას უზრუნველყოფს.  
საქართველოსა და იტალიას მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აერთიანებს,  მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა  ვაჭრობა და ეკონომიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ინოვაციები, განათლება და კულტურა. 
დღეს არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ხელშეწყობას  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი საჭიროებს. იტალია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სავაჭრო ბრუნვა  58%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA)ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით სულ უფრო მეტი იტალიელი მეწარმე და მსხვილი კომპანია ინტერესდება.  
აღსანიშნავია, რომ 11 მაისს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით,  თბილისში მართავს გამოფენას, რომელიც იტალიელი მისიონერი ბერისა და მოგზაურის ქრისტოფორო კასტელის მიერ მე-17 საუკუნის საქართველოს შესახებ შექმნილი უნიკალური მასალის წარმოჩენას ეძღვნება.  ასევე დაგეგმილია ამ პერიოდის ჩანახატებისა და რუკების სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია. მიმდინარეობს მუშაობა საიუბილეო საფოსტო მარკის გამოშვებაზეც.
 
წაკითხულია 119 ჯერ

Related items

  • 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია - ჩინეთის ელჩი საქართველოში

    ოთხშაბათს, ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც მიეძღვნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ჩინეთის ტაივანის რეგიონში განხორციელებულ ვიზიტს.
    ელჩმა ჟურნალისტებს გააცნო ჩინეთის მტკიცე პოზიცია ტაივანის საკითხზე, აშშ-ის პროვოკაციული ქმედების წინამძღვრები და ჩინეთის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომების მიზეზები.
    როგორც ჭოუ ციენმა აღნიშნა, 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. 1943 წელს, ჩინეთის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა „კაიროს დეკლარაცია“ მიიღეს, რომლის მიხედვითაც იაპონიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის ტაივანი, ჩინეთს უნდა დაჰბრუნებოდა. 1945 წლის „პოტსდამის დეკლარაციით“ ხელახლა დადასტურდა „კაიროს დეკლარაციის“ პირობების შესრულების აუცილებლობა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა კი მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. სწორედ ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მთავარი არსი. 1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ №2758 რეზოლუციის მიღებით დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი. ამჟამად, ჩინეთთან 181 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს და აშშ-ს, აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული და „ერთი ჩინეთის“ პრინციპი ყველა შესაბამის დოკუმენტში არის შეტანილი.
    1979 წლის 1 იანვარს ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეში შეერთებულმა შტატებმა გარკვევით აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა და პირობა დადო, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აშშ-ის ხელისუფლების რიგით მესამე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირია. იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რიგით მეორე მემკვიდრეა. იგი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, სადაც მისივე განცხადებით „ოფიციალური ვიზიტი“ განახორციელა. ამით აშშ-მა აშკარად დაარღვია „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“. ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, პროვოკაციული და საშიში ქმედება.
    „ერთი ჩინეთის“ პრინციპი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსის საგანია. მიუხედავად ამისა, ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ „ტაივანთან ურთიერთობის აქტის“ და ე.წ. „ექვსი გარანტიის“ მიღებით, აშშ-მა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი არაერთხელ დაარღვია და დღესაც იმავეს აკეთებს. იგი ცალმხრივად ცდილობს ტაივანის სტატუს-კვოს და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის შეცვლას. ორმოცდაათი წლის წინ, ჰენრი კისინჯერი პირადად მონაწილეობდა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის ნორმალიზების მოლაპარაკებებში, რა დროსაც მხარეებმა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის საფუძველზე მართებულად გადაჭრეს ტაივანის საკითხი. ცოტა ხნის წინ, კისინჯერმა აღნიშნა, რომ „შეერთებულმა შტატებმა ეშმაკური გეგმებით თუ თანდათანობითი პროცესით არ უნდა შეიმუშაოს „ორი ჩინეთის“ სქემა“.
    ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ჩინელები ცხოვრობენ. ჩვენ მაქსიმალური კეთილსინდისიერებით და ძალისხმევით ვეცდებით ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებას, მაგრამ არ დავუშვებთ ჩინეთისგან ტაივანის რაიმე ფორმით გამოყოფას. ბოლო წლებში ტაივანის ხელისუფლება უარყოფს ფაქტებს და სამართლებრივ საფუძველს, რომ სრუტის ორივე მხარე ერთ ჩინეთს ეკუთვნის. „ტაივანის დამოუკიდებლობა“ დემოკრატიული პროგრესული პარტიის გაცხადებული მიზანია. ტაივანის ამჟამინდელი ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას. იგი კონტინენტურ ჩინეთთან ისტორიული და კულტურული კავშირების გაწყვეტას, ეროვნული იდენტობის წაშლას და დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს. შეერთებული შტატები, თავის მხრივ, „ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას“, „ტაივანის კოზირს“ იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად. იგი მუდმივად ამახინჯებს, ცვლის და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ბოლო წელიწად-ნახევარში აშშ-მა ტაივანს მოწინავე შეიარაღება ხუთჯერ მიჰყიდა.
    პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ინარჩუნებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და მხარს არ უჭერს „ტაივანის დამოუკიდებლობას“. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსის ვიზიტი „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალებს მძლავრ მესიჯს უგზავნის, რომ „აშშ მათ გვერდშია“. ეს სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ჩინეთ-აშშ-ის სამივე ერთობლივ კომუნიკეს და აშშ-ის მიერ დადებულ პირობას. ეს კიდევ უფრო წაახალისებს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალებს, რომ სახიფათო გზაზე წინ წავიდნენ, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას ტაივანის სრუტეში კიდევ უფრო რთულს, სახიფათოს და არაპროგნოზირებადს გახდის.
    ტაივანის საკითხი ჩინეთის სუვერენიტეტისა და გაერთიანების პრინციპული საკითხია, რაც თავიდან ბოლომდე ჩინეთის საშინაო საქმეა. პელოსის ვიზიტი ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა, რამაც 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის აღშფოთება გამოიწვია. შეერთებულ შტატებში ზოგიერთები აგრძელებენ ტაივანის საკითხით ჩინეთის სუვერენიტეტის პროვოცირებას, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, რასაც ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი იღებს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ტაივანის კუნძულის მახლობლად ატარებს სამხედრო წვრთნებს; შეწყდა ან დროებით შეჩერდა ჩინეთ-აშშ-ს შორის თანამშრომლობა სხავდასხვა მიმართულებით; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, პელოსისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაწესდა სანქციები. ქართველი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მჯერა, რომ მათ ესმით ჩინელი ხალხის გრძნობები და ჩინეთის მთავრობის საპასუხო ზომები.
    მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია. ეს არის 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელის საერთო მისწრაფება და წმინდა პასუხისმგებლობაა. არც ერთმა ქვეყანამ, ძალამ თუ ინდივიდმა არასწორად არ უნდა შეაფასოს ჩინეთის მთავრობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, ძლიერი ნება და დიდი შესაძლებლობები, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ერის გაერთიანებასა და აღორძინებას უკავშირდება. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მხარესა და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.

     

  • 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება

    2022 წლის 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შედგა საქართველოს და იაპონიის პრემიერ-მინისტრებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მისალოცი წერილების გაცვლა.
    საგარეოს ადმინისტრაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მისალოცი წერილების გადაცემის ცერემონია ერთდროულად გაიმართა, როგორც თბილისში, ასევე ტოკიოში. საქართველოში წერილების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აკირა იმამურამ. იაპონიაში კი, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-სახელმწიფო მინისტრმა ტაკაკო სუზუკიმ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. 
    იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული და ძლიერი მხარდამჭერია. 30 წლის მანძილზე იაპონიას და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთო ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის საფუძველზე განვითარდა და დღეს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. 
    უნდა აღინიშნოს ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა. ამ მხრივ, ხაზგასასმელია 2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რამაც ნათლად დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევები და დამატებითი ბიძგი მისცა არსებული მეგობრული კავშირების სამომავლო განვითარებას. რეგულარული ხასიათი მიეცა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმის თუ კულტურული ღონისძიების ჩატარებას. მაღალ დონეზეა პარლამენტთა შორისი ურთიერთობები, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფები. 
    საქართველო იაპონიას შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. აღსანიშნავია 2021 წლის 23 ივლისს, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების „ინვესტიციების და გადასახადების შესახებ ხელშეკრულების“ ამოქმედება, რაც, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 
    ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქმიანობა და ის დახმარება, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს როგორც საგანმანათლებლო, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

  • საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ
    26 ივლისს, თურქეთის ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა „MÜSİAD“-ის („დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციაცია“) ბათუმის ოფისის ხელმძღვანელთან, ჰამზა ქოსესთან.
    გ. ჯაფარიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ჰ. ქოსე სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს „Ayder Health Georgia“ დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას თურქეთის წამყვან კლინიკებში.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამედიცინო ტურიზმის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
  • თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

    ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.

    მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.

    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ. 

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო მედალიონი მოიჭრა
    ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დაკვეთით, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული ზარაფხანის მიერ, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მოიჭრა საიუბილეო მედალიონი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საელჩოში განუცხადეს.
    მედალიონის ესკიზი, რომელზეც ქართულ-თურქული ეროვნული სიმბოლიკა აისახა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს მიერ ერთობლივად იქნა შემუშავებული.
    აღნიშნული საიუბილეო მედალიონი წარმოადგენს საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის სიმბოლოს.
    საქართველოს საელჩო, კიდევ ერთხელ, გულითადად ულოცავს ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს და გამოთქვამს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედს, კვლავინდებურად, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებითა და ურთიერთპატივისცემის პრინციპის დაცვით, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური