ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჰეიდარ ალიევის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2022 16:51

2022 წლის 10 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის - ჰეიდარ ალიევის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის  მნიშვნელოვანი წვლილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავების საქმეში.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ტრადიციებზე და კეთილმეზობლობაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰეიდარ ალიევმა ითამაშა დიდი როლი ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში და მისი ეს ღვაწლი საქართველოში სათანადოდ არის დაფასებული.“- აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო დინამიური გახდება და ახალ განზომილებას შეიძენს.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

წაკითხულია 75 ჯერ

Related items

  • ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს გენერალური მდივანი: ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა აზერბაიჯანისგან

    8-12 ივნისს ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს (GJC) მორიგი შეხვედრა სახელწოდებით „ართვინ-ბათუმის მედია შეხვედრა“ თურქეთში, ქალაქ ართვინში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა 100-მდე ჟურნალისტი და მედია ექსპერტი 57 ქვეყნიდან. ღონისძიების გახსნის შემდეგ GJC-ს ართვინის ბიუროს ხელმძღვანელმა აიდინ თათარმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მუსტაფა ქემალ ათათურქისა და მოწამეების ხსოვნას. შესრულდა თურქეთის ეროვნული ჰიმნი.

    შემდეგ სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს გენერალური მდივანი მეჰმედ ალი დიმი. მან აღინიშნა, რომ დაარსებიდან მოკლე დროში საბჭოს წევრთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და ახლა 57 ქვეყანას მოიცავს. მომავალ ამოცანებზე საუბრისას, ალი დიმმა განაცხადა, რომ GJC-ის მთავარი მიზანია განავითაროს და კიდევ უფრო გააძლიეროს მეგობრობა და ძმობა ხალხებსა და ერებს შორის, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს წამყვანი მედიის დახმარებით. GJC-ის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სახალხო დიპლომატიის განვითარებაა. საუბარი შეეხო ჟურნალისტების მნიშვნელოვან როლს სახალხო დიპლომატიის განვითარებაში. აზერბაიჯანში თავის ბოლო ვიზიტზე საუბრისას, მეჰმედ ალი დიმმა განაცხადა: „ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა აზერბაიჯანში TEKNOFEST აზერბაიჯანის ფესტივალში. ამ დიდი ღონისძიების ფარგლებში ჩვენ შევხვდით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და გვქონდა ვრცელი დისკუსია საბჭოს საქმიანობის შესახებ. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა აზერბაიჯანის მხრიდან. საბჭოს აზერბაიჯანელი წარმომადგენლის ძალისხმევით, ბაქოს ცენტრში, იჩერი შეჰერში წოდებულ ადგილას, შეიქმნა GJC-ის ოფისი. დღეს ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს წევრებს შორის არის აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - AZERTAC. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციას“.

    გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრები მომავალი წლის შუა რიცხვებში საქართველოში, შემდეგ კი ბაქოში გაიმართება. შემდეგ მედიის პროფესორმა ლევენტ ერასლანმა ისაუბრა ტრადიციულ მედიასა და სოციალურ მედიას შორის არსებულ შეუსაბამობაზე, ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამშრომლობაზე. დისკუსიების დროს მომხსენებლებმა ისაუბრეს ტრადიციულ მედიასა და სოციალურ მედიას, ინტერნეტ მედიას შორის არსებულ განსხვავებაზე და გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები სოციალური მედიის საფრთხეების შესახებ.

    AZERTAC-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა საქართველოს საკითხებში ხატაი აზიზოვმა ისაუბრა აზერბაიჯანში მედიის სფეროში არსებულ კანონებზე და გამოხმაურებულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, ის რომ კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტები ართვინის რეგიონებს ეწვევიან.

    სპეციალურად ართვინიდან

    ხატაი აზიზოვი

    AZERTAC-ის სპეციალური კორესპონდენტი

  • სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება

    საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს პრეზიდენტი:

    დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს. არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, რომ პირველი ვიზიტი საქართველოში შემდგარიყო. ეს ჩვენი მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ნიშანია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. 

    ასევე, ამ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ეს 30 წელი ჩვენი ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მუდამ კეთილმეზობლურია, რაც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას ასახავს, რომელიც მეგობრულად, ურთიერთშეთავსებითა და თანამშრომლობით კიდევ საუკუნეები გაგრძელდება. 

    ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, კიდევ ერთხელ ირღვევა ჩვენი ქვეყნების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც.

    ყველასთვის შემაშფოთებელია, რასაც უკრაინაში ვხედვთ - ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგევართ და მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ.

    რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესია. სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელედება და მძიმდება, რასაც დღეს, 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის სახით ახალი მუქარაც ემატება, თუმცა, ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს, ყოველმხრივ, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალ განვითარებისთვის, კიდევ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

    ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

    შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს - სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტეციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და  ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.

    აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება. 

    ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალქეების თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. 

    დაბოლოს, მინდა, ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და მომავალი საუკუნეების მანძილზე ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გამყარება. 

    სომხეთის პრეზიდენტი:

    უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისთვის და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში, პირველი, ოფიციალური ვიზიტი მეზობელ, სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელე. ეს წელი განსაკუთრებულია და ჩვენი ქვეყნებისთვის საიუბილეოა, რადგან ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. 

    მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. 

    კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთიბები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთიბისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. 

    მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უფრო მეტად გაფართოებისათვის სრულდება ორმხრივად აღებული ვალდებულებები. 

    სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ,,განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები“ ეწოდება და ეს ასეთი კვალიფიკაცია უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას განაპირობებს, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები. თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი სრულ ურთიერთნდობას ეფუძნება.

    დღეს, მე და ქალაბატონმა პრეზიდენტმა, მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი განვიხილეთ და შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო, სატრანსპორტო დერეფანი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, საჭიროა ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახლემწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას გვაძლევს გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები.

    ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავს საკითებში - რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში, ყველაფერი ქართულ-სომხურ მეგობრობას ეფუძნება. 

    დიდი მადლობა მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ყველა წამოწყების წარმატებულ დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს წარმატებებს მოუტანს.

  • აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტარები ქ. შუშაში შეიკრიბებიან

    მომავალ კვირას, აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში, გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა.
    როგორც აზერბაიჯანული პრესა იუწყება, სამი ქვეყნის პარლამენტარების შეხვედრა 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.
    რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს და განსახილველ საკითხებს, იგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

  • ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში, ჰ. ალიევის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ მემორიალურ გამოფენას მასპინძლობს

    ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გუშინ ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მეგობრობისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია სახელწოდებით „გზა მომავლისკენ“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, რომელმაც ისაუბრა აზერბაიჯანისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობაზე.

    გამოფენა ეძღვნება მე-20 საუკუნის გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 99-ე დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორი ქვეყნის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობის ამსახველი ისტორიული ფოტოები, აზერბაიჯანის საელჩოსა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის აექივიდან. საზოგადოებამ პირველად იხილა უნიკალური ისტორიულ-მემორიალური ექსპონატები, პირადი ნივთები და ჰეიდარ ალიევის მიერ ედუარდ შევარდნაძისთვის გადაცემული საჩუქრები.

    გამოფენის მიზანი ორი ლიდერის მიერ განხორციელებული ისტორიული პროექტების ჩვენებაა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, როდესაც ენერგომატარებლების ალტერნატიული დერეფნები სულ უფრო აქტუალური ხდება.

    გამოფენა ედუარდ შევარდნაძის ოჯახისა და აზერბაიჯანის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევითაა ორგანიზებული. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებული გამოფენის პარტნიორია მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმი თბილისში. აზერბაიჯანული კულტურის ამ კერის დაარსება 1982 წელს ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება. 

    ორი ქვეყნის პრეზიდენტებისა და მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტო არქივის ხილვა დამთვალიერებელს 15 მაისამდე შეეძლება.

    აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1918 წლის 28 მაისს, სწორედ თბილისში გამოცხადდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. გასული საუკუნის 90-ან წლებში კი, როცა აზერბაიჯანს ჰეიდარ ალიევი, ხოლო საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგნენ სათავეში, ორ ქვეყანას შორის სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რამაც ჩვენი ქვეყნების სასიკეთო მომავლის გზა გაკვალა. ამ დროიდან იწყება ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის, როგორც თანამოაზრეების მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა, რაც შემდგომ მყარ მეგობრობაში გადაიზრდება და უდიდეს როლს შეასრულებს ამ ქვეყნების განვითარებაში, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის მოპოვებაში.

    აზებაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 1996 წლის მარტში შედგა. მაშინ ხელი მოეწერა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას. ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის თებერვალში, ედუარდ შევარდნაძის საპასუხო ოფიციალური ვიზიტი შედგა აზერბაიჯანში და გადაწყდა, რომ საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყებოდა.

    საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტს დასავლეთის მიმართულებით, ბუნებრივია, ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, რომელსაც საკუთარი ინტერესები, გეგმები ამოძრავებდა და ამიტომ ედუარდ შევარდნაძის მიმართ მუქარა არაერთხელ გაჟღერებულა. 1998 წლის თებერვალში შევარდნაძეზე ტერაქტიც განხორციელდა. თუმცა, შეთანხმება მიღწეული იყო და მას ვერაფერი შეცვლიდა. 

    ბაქო-სუფსის ნავთობსადენი - შემდგომი ნავთობისა და გაზსადენების დიდი კასკადის პირველი მერცხალი, 1999 წლის 17 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა და დაიწყო აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის ბრწყინვალედ გატარებული სანავთობო სტრატეგიის დიდი გამარჯვება იყო.

    ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის ისტორიულ დოკუმენტს, 1999 წლის 18 ნოემბერს სტამბულის სამიტზე ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა. სამიტზე საგანგებოდ ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

    კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელება - დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერების თანამშრომლობისა და მჭიდრო მეგობრობის ნაყოფია. ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩაფიქრებული პროექტების შესრულება დღესაც გრძელდება... გრძელდება აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული, პარტნიორული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობებიც, თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის დასტურია ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ისევე როგორც სხვა დიდი პროექტები.

    ორი ლიდერის - ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მთავარი მიზანი მშვიდობიანი კავკასია იყო. აზერბაიჯანისა და საქართველოს პარტნიორობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის 25 წლიანი ფუნდამენტი დღესაც განსაზღვრავს ამ ქვეყნების გზას მომავლისკენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • საქართველო „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ დეკლარაციას მიუერთდა

    საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. 

    ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, დეკლარაციაში ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და  სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციისა მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი როლი. 

    დოკუმენტში ასევე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშეწყობისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი როლი და ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობაზე, რაც სარკინიგზო ხაზის გაძლიერებას ემსახურება.

    დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აღნიშნული მარშრუტით სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისათვის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელოვანი საჭიროება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური