უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირის მთავარი ღირებულება მშვიდობაა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 10 მაისი 2022 15:02

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს, რომ ევროკავშირის უცვლელ ფასეულობას მშვიდობა წარმოადგენს და რომ ის ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების დამცველია.  

ევროპის დღე რობერტ შუმანის იმ დეკლარაციის მიღებას აღნიშნავს, რომელმაც ევროპულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაბრუნდა, წელს ევროპის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უზარმაზარი წარმატების აღმნიშვნელია, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთ ევროპელს ევროპული პროექტის სარგებლიანობაში ეჭვი ეპარება“, — აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს „ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის, ფასეულობას“ და იმას, რომ ის მსოფლიო პოლიტიკაში სამშვიდობო პროცესის მძლავრი მონაწილეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბორელმა ოთხ პუნქტს გაუსვა ხაზი:

  • წევრმა ქვეყნებმა აგრესიის ფონზე უძლიერესი პოლიტიკური ერთიანობა გამოავლინეს. „ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ [რუსული] აგრესიის სერიოზულობა და მისით გამოწვეული საფრთხეები. აქედან გამომდინარეობს ის დაჩქარებული ტემპი, რომლითაც ევროკავშირმა G7 პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები მიიღო“.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა გამოიყენა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფინანსური რესურსები აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოსთვის, რათა მას საკუთარი თავის დაცვაში დახმარებოდა. უკრაინისთვის გადარიცხული სამი ტრანშის მთლიანი ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს უტოლდება. ამ ევროპულ მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნები პირდაპირი სამხედრო დახმარებითაც უდგანან გვერდში. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავის სახელმწიფოებს არათუ ზღუდავს, არამედ ხელს უწყობს თითოეული მათგანის გაძლიერებას“.
  • ევროკავშირი საერთო ძალისხმევით მუშაობს ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასასრულებლად. ამ გზით ევროკავშირი უჩვენებს, რომ ის ერთობლივად უფრო ძლიერია, ვიდრე — მისი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე. „ევროკავშირი არა მარტო უფრო ძლიერი მოთამაშეა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ის ასევე ეხმარება თავის წევრებს, არ იქცნენ ენერგეტიკული შანტაჟის მსხვერპლად. ეს ჩვენს სტრატეგიულ სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს“.
  • უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პასუხის სიძლიერე და სიმტკიცე საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გზით ისინი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომავალი პოტენციური აგრესიისგან დასაცავად და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. გარდა ამისა, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ზოგადი საერთაშორისო ზეგავლენის — მათ შორის, ეკონომიკური ზეგავლენის — შემცირებაში. „ამ მხრივ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებისას ევროკავშირის ერთიანობას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.

„ამ ომის გამო ევროპა უფრო სწრაფად სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს სიძლიერის ენა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, — „2022 წლის 9 მაისმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია: ევროკავშირის და მისი ფუძემდებლური ფასეულობების დაცვა; ჩვენი კოლექტიური ძალის ჩვენი პარტნიორის, უკრაინის სამსახურში ჩაყენება, რათა მან საკუთარი თავის და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს; საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა არსებითი საერთაშორისო ნორმების და უსაფრთხოების დასაცავად და სოლიდარობის გამოსავლენად ამ ომის გლობალური შედეგების დაძლევის მიზნით“.

უახლესი ცნობები და ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორებთან! 

წაკითხულია 117 ჯერ

Related items

  • ავსტრალია უკრაინას დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა

    ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტისას, ამ ქვეყანას მეტ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" BBC-ზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას.

    BBC-ის ცნობით, ალბანესი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას „რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი“ და დაჰპირდა დამატებით სამხედრო დახმარებას. ალბანესმა ასევე განაცხადა, რომ 16 რუს მინისტრს და ოლიგარქს სამგზავრო აკრძალვა დაუწესეს და რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეწყვიტეს.

    მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 100 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც ავსტრალიამ გადასცა უკრაინას, მოიცავდა უპილოტო საჰაერო ხომალდებს და 34 ჯავშანმანქანას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე კი ავსტრალიამ უკრაინას მთლიანობაში 390 მილიონი ავსტრალიური დოლარის დახმარება გაუწია.

  • ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სპეციალურმა ჯგუფმა რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს 30 მილიარდი დოლარის ქონება გაუყინა

    რუსეთის ელიტის, ნდობით აღჭურვილი პირების და ოლიგარქების (REPO) საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა 100-დღიანი მუშაობის პერიოდში რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების 30 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივები გაყინა. გარდა ამისა, სპეციალურმა ჯგუფმა სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს ძვირადღირებული საქონელიც გაუყინა ან ჩამოართვა. ამ გზით აღნიშნული პირებს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ. 

    სპეციალური ჯგუფი აპრილის შუა რიცხვებში შეიქმნა, რათა მაქსიმალურად გაეძლიერებინა სანქციების გავლენა იმ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. REPO-ს ფარგლებში ევროკავშირი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან — კანადასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, იაპონიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან — და ავსტრალიასთან თანამშრომლობს.

    მჭიდრო ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, სპეციალური ჯგუფის წევრებმა: 

    • დაბლოკეს ან გაყინეს სანქცირებული რუსი მოქალაქეების ფინანსური ანგარიშების და ეკონომიკური რესურსების სახით არსებული 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები;
    • მიმოქცევიდან ამოიღეს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები;
    • სანქცირებულ რუს მოქალაქეებს ჩამოართვეს, დაუყადაღეს ან დაუკავეს მათ კუთვნილებაში, სარგებლობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი იახტები და სხვა ხომალდები;
    • სანქცირებულ რუს მოქალაქეებს ჩამოართვეს ან დაუყადაღეს კუთვნილებაში, სარგებლობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი ძვირადღირებული უძრავი ქონება; 
    • შეზღუდეს რუსეთის წვდომა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე, რაც რუსეთს უკრაინაში უსამართლო ომის საწარმოებლად საჭირო ტექნოლოგიების შესყიდვას ურთულებს.

    სპეციალური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ სანქცირებული რუსი მოქალაქეების აქტივების მონიტორინგს მომავალ თვეებშიც გააგრძელებენ და არ მისცემენ მათ ერთობლივად დაწესებული შემზღუდველი ზომების დარღვევის საშუალებას.

    „ჩვენ კვლავ ვუზრდით რუსეთს მის მიერ წარმოებული ომის ფასს“, — აცხადებენ ისინი.  

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაარჩინეს 144 ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის მიერ ტყვეობაში იყვნენ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ გადაარჩინეს 144 ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის მიერ ტყვეობაში იყვნენ. ზელენსკიმ აღნიშნულის შესახებ, გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    „ჩვენ გავათავისუფლეთ 144 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან. მათ შორისაა 59 ეროვნული გვარდიიდან, 30 საზღვაო ძალებიდან, 28 შეიარაღებული ძალებიდან, 17 მესაზღვრე, 9 ანტიტერორისტული ჯარისკაცი და 1 პოლიციელი. კერძოდ, აზოვსტალის 95 მცველი სახლში ბრუნდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა უკრაინელი სახლში დავაბრუნოთ“, აცხადებს ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

    აღნიშნულის შესახებ განცხადება გუშინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილებამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთ-უკრაინას შორის ყველაზე დიდი ტყვეების (144 ჯარისკაცი) გაცვლა გუშინ მოხდა.  

     

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით

    გუშინ ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის  წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
    ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს  რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.  
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.
    საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.   
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას,  რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და  წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. 
    მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
    საქართველო, როგორც  საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების  ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას,  რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.
    საქართველო აქტიურად იმუშავებს  რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. 
    ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

  • უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    „ჩვენ გვჭირდება იარაღი, ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერა“, აღნიშნული ფრაზები ზელენსკიმ კანადაში 11 განსხავებულ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ შეხვედრაზე წარმოთქვა.

    „ჩვენთვის ინტერნეტი არის ერთგვარი იარაღი, რადგან ასე შეგვიძლია ვაჩვენოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ცრუ ინფორმაციამ შეიძლება ზოგჯერ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს, ვიდრე ზოგიერთმა იარაღმა. თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა შემთხვევაში. ამისათვის კი მონდა მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენ გვჭირდება იარაღი, ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერა“. განაცხადა ზელენსკიმ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრის დროს.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური