ქუთაისსა და ქ. სიანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ

გამოქვეყნებულია ჩინეთი
პარასკევი, 06 მაისი 2022 15:07

ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაცია იტყობინება.

ხელმოწერის ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და ქალაქ სიანის მერი ლი მინგუანი.

მხარეები შეთანხმდნენ ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისთვის განავითარონ თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის სფეროებში.

„დღეს ხელი მოეწერა პარტნიორულ ურთიერთობას ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის. რომელიც მომავალში ფართო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. მნიშვნელოვანია ქალაქ სიანთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც ქუთაისის მსგავსად, სიანი ჩინეთის უძველესი ქალაქია, სადაც თავმოყრილია ჩინური კულტურის და ისტორიის სიძველეები.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ სიანი ავირჩიეთ პარტნიორ ქალაქად, რადგანაც ამ ორი ქალაქის ისტორია და თანამედროვე ინტერესები თანხვედრილია.

მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ელჩს ჩინეთში , ბატონ არჩილ კალანდიას, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა ქუთაისსა და სიანს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება.

მჯერა, რომ ეს მეგობრობა წარმატებული იქნება ორივე ქალაქისთვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხულია 90 ჯერ

Related items

  • თბილისის და ბუქარესტის მერებმა ხელი მოაწერეს თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას

    თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.

    მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

    ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კახა კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

    გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ისე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩას.

    „დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

    „აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ნიკუშორ დანმა.

    ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია.

    ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

    თბილისის მერიის პრეს-სამსახური

  • "მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების კულტურებს შორის შედგება ეს გამოფენები, რომლებიც საქართველოს ევროპის გულში აბრუნებს"-ს. ზურაბიშვილი

    ,,მოხარული ვარ, რომ სწორედ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების კულტურებს შორის შედგება ეს გაცვლითი გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ევროპის გულში აბრუნებს, სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ,,ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ -ის გახსნაზე.

    ,,მოხარული ვარ დღეს, რომ მომეცა საშუალება, დავესწრო ამ გამოფენის გახსნას. პირველი, იმიტომ რომ ეს გამოფენა ტარდება აქ, ამ გალერეაში, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ და მეორე ის, რომ გამოფენა ქუთაისში ტარდება, რადგან მიმაჩნია, რომ მან საქართველოს კულტურული დედაქალაქის ადგილი უნდა დაიბრუნოს.

    მოხარული ვარ, რომ დღეს აქ წარმოდგენილი არიან უკრაინელი ხელოვანები, რომლებიც მართალია, ახლა ჩვენს გვერდით ვერ არიან, მაგრამ წარმოადგენენ უკრაინას. მინდა, ყველას მადლობა

    გადავუხადო, მათ შორის, უცხოელებს, ვინც მონაწილეობენ ამ გამოფენაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    ,,ქარავან არტ ფორუმი” პროგრამა “ქარავანსარაის“ ფარგლებში ხორცირლდება და მის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც დაარსდა პარიზში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. მისი მიზანი კულტურული გაცვლითი პროგრამები, არტისტების მობილობა და სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • EU4Culture საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

    1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრეს-კონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

    კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შერჩეულ იქნა შემდეგი 3 ქალაქი: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

    შერჩეული ქალაქები  მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

    ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - ბ-ნი კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

    EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

  • ამერიკელი მეცნიერი ქუთაისის უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მსოფლიო რანგის წამყვან ამერიკელ მეცნიერს, ნორთვესტერნის  უნივერსიტეტის ჩიკაგოს პროტონული ცენტრის სამედიცინო ფიზიკისა და დოზიმეტრიის დირექტორს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის პროფესორს, მარკ პანკეკს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიხეილ ჩხენკელმა ამერიკელ მეცნიერს დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი.  შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი პანკეკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდება და  ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ და კვლევით პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.

    ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

  • ჩინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება "საქართველო ღვინის სამშობლო"
    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეკინის ინოვაციების ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "საქართველო - ღვინის სამშობლო", რომელსაც ესწრებოდნენ პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე, წამყვანი მედია საშუალებები.
    ღონისძიების დროს საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ გააცნო დამსწრე საზოგადოებას, ქართული ღვინის უნიკალური კულტურის შესახებ და ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ქვევრის ღვინის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას.
    ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩეველმა, პროფესორმა ადამ ჰუანგმა ისაუბრა ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე და ჩინეთის ბაზარზე ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
    მიღების დროს, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ. ასევე, გაიმართა ქართველი მოქანდაკის ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
    სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ 20-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის ქვევრის ღვინოები.
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური