საქართველოს 15-წლამდელთა გუნდი ევროპის სუპერფინალის სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 06 მაისი 2022 10:12

2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების კალათბურთის 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს.

ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ფინური ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში გავა, თუ არადა 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ირაკლი ტომარაძე, ასისტენტი გიორგი ცინცაძე. მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს. 

წაკითხულია 297 ჯერ

Related items

  • საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა დათმო

    თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ბულგარეთთან, რომელსაც აქამდე ყველა წაგება ჰქონდა და რომელიც რეიტინგით ჯგუფის ყველაზე სუსტი წევრი იყო. ამ მარცხით საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში გასვლა გაირთულა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დიდი იყო იმის შანსი, რომ ბოლო ტურში მონტენეგროსთან მხოლოდ მოგება დაგვჭირვებოდა. 

    ასე რომ, ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა: ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ბელგიამ ბულგარეთს უნდა მოუგოს და ასეთ შემთხვევაში ჯგუფში ბულგარეთი და მონტენეგრო რჩებიან. 

    ბელგიას საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვს, რადგან ბულგარეთთან დამარცხების შემთხვევაში ჯგუფში რჩება. ასე რომ, ბელგია საკუთარ თავთან ერთად საქართველოსთვისაც თამაშობს და სასურველი იქნება, თუკი ქართველი გულშემატკივრები ამ მატჩზე დასასწრებად მივლენ და ბელგიელებს უქომაგებენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება და რაც უფრო მეტო ქომაგი მივა თბილისი არენაზე, ბელგიისა და საქართველოსთვის მით უკეთესი.

    რაც შეეხება თამაშს, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი კომპონენტის გამო წააგო – მეტოქეს შორი სროლების შესრულებაში ხელი ვერ შეუშალა. ბულგარელებმა 19(!) სამქულიანი ჩააგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საჭირო დონეზე მხოლოდ მეორე პერიოდის დასაწყისამდე ითამაშა. საქართველო 22:14 იგებდა და მოულოდნელად მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თავიდან რომ სროლები არ მისდიოდათ, ბულგარელებმა ბურთის ბურთზე ჩაგდებას მიჰყვეს ხელი და ამაში მათ ხელი ქართველებმა ვერ შეუშალეს.

    იყო ეპიზოდები, როცა ქართველები ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში ბულგარელები პერიმეტრიდან შეუჩერებლები გახდნენ და თამაში ისე ჩამთავრდა, საქართველოს ნაკრებს წარმატების შანსი არ მისცემია – 80:92 (სტატისტიკა).

    ეს გახლდათ ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანის, გიორგი ცინცაძის მე-200 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ამ შედეგით იგი ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. საიუბილეო მატჩში, ბულგარეთთან მწვრთნელმა ცინცაძე პირველ ნახევარში, არასრული 10 წუთი ათამაშა.

    საქართველოსა და მონტენეგროს მატჩი თბილისი არენაზე 7 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

  • FIBA: ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა

    საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ /FIBA/, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა. 

    თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.

    სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: “გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას.

    https://www.fiba.basketball/news/fiba-statement-regarding-fiba-eurobasket-2022-game-between-turkey-and-georgia

  • ბელგიასთან შემოტრიალებული მატჩი საქართველომ ოვერტაიმში დათმო

    ევრობასკეტი საქართველოსთვის დასანანი მარცხით გაიხსნა. ნებისმიერი წაგება სამწუხაროა, მაგრამ განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია, საშინაო ევრობასკეტის გახსნის მატჩს თითქმის მთელი თამაში რომ აგებ, ეპიზოდებში 12-14 ქულით ჩამორჩები და დეფიციტს ამცირებ, 5 ქულით დაწინაურდები და საბოლოოდ მაინც, თანაც ოვერტაიმში დამარცხდები. ამას დაუმატეთ ის, რომ მეტოქე თანაბარ ანგარიშზე სამქულიანს აგდებს და თამაშის დასრულებამდე 3 წამი რჩება. დარჩენილ დროში დუდა სანაძემ მოასწრო სამქულიანის სროლა, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩავარდა და საქართველო 76:78 (სტატისტიკა) დამარცხდა.

    ბელგია ძალიან კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ეს ჩვენმა გუნდმა კარგად იცოდა და შესაბამისი ტაქტიკითაც ითამაშა. ავად თუ კარგად, საბოლოოდ ეს ტაქტიკა ჭრიდა, შეხვედრა შემოვატრიალეთ და შეხვედრის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე 5 ქულით დავწინაურდით. ეს უპირველესად დაცვის დამსახურება იყო. იმ დაცვის, რომელმაც ბელგიელებს დასკვნითი პერიოდის ხანგრძლივ მონაკვეთში ბურთი არ ჩააგდებინა, პერიმეტრი და სამწამიანი ზონა გადაკეტა და შეტევაში ბურთი, რომ იტყვიან თავისით ჩავარდა. 

    ჩვენს გუნდს შეტევითი პოტენციალი არ დაეწუნება. ეს კარგად გამოჩნდა ნაკრების ახალგაზრდა ფრთის – სანდრო მამუკელაშვილის და გოგა ბითაძის შედეგში, რომლებიც ბელგიასთან მატჩში ჩვენს გუნდს სტატისტიკურ ლიდერებად მოევლინნენ. მამუკელაშვილმა სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 ერთეულით გამოსახა, რაც ევრობასკეტის პირველი დღის მატჩებში მეორე საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, დიდი ალბათობით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა, ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მას მოედანი იძულებით რომ არ დაეტოვებინა. ბითაძემ იმ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე მეტოქესთან ბრძოლაში ფეხი ამოიბრუნა და მოედნიდან გავიდა. მიუხედავად ტკივილისა, გოგა მწვრთნელმა მალევე შეაბრუნა მოედანზე და მან ჩვენების აცილებული ბურთი შეტევაში მოხსნა – ჩასაგდებად დატრიალდა და ისევ ფეხი. ამჯერად “ინდიანა პეისერსის” ცენტრი მოედნიდან საბოლოოდ გავიდა და მისი სასროლი საჯარიმოები მოედანზე დაბრუნებულმა ბექა ბურჯანაძემ შეასრულა – ორიდან ერთი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 70:70. 

    ამ დაძაბულ მომენტში ბელგიელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს – ემანუელ ლეკომ ორივე საჯარიმო ააცილა და საქართველოს დაწინაურების შანსი მიეცა. თითქმის ბოლომდე გათამაშებული შეტევა კახა ჯინჭარაძის აცილებული სამქულიანით დასრულდა და რომ ვერ დავწინაურდით, სანუგეშოდ ბელგიელთა არაზუსტი შეტევა მოგვეცა, რაც შეხვედრის ოვერტაიმში გაგრძელებას ნიშნავდა. დამატებით 5-წუთეულში მხოლოდ 6 ქულა ჩავაგდეთ, რომელიც სანდრო მამუკელაშვილზე მოდის. ბელგიელებსაც 6 ქულა ჰქონდათ, თუმცა მანამ, სანამ ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჯონათან ტაბუ გამარჯვების სამქულიანს ჩააგდებდა. ბელგიელთა მსროლელისთვის თავისუფლად სროლის საშუალების მიცემ იყო ერთ-ერთი და საბედისწერო შეცდომა, რომელიც ჩვენმა მოთამაშეებმა ამ შეხვედრაში დაუშვეს და სწორედ ეს შეცდომები დასახელდა მარცხის მიზეზად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. 

    შეცდომები ყოველთვის ისჯება. ეს ბელგიამ არ გვაპატია – განაცხადა ილიას ზუროსმა – ახლა ორი ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში – ესპანეთი და თურქეთი ევრობასკეტზე მედლებისთვის იბრძვიან. ასევე კარგი გუნდები არიან ბულგარეთი და მონტენეგრო. ძალების მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება წარმატების მისაღწევად.

    რაც შეეხება გოგა ბითაძის ტრავმას, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. გულდასაწყვეტია, როცა ბევრს მუშაობ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ტრავმების გამო გაკლდება კალათბურთელი, არ გვყავს სრული შემადგენლობა…“

    რაც შეეხება ზუროსის კალათბურთელებისთვის, გასახდელში ნათქვამს: “ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდება. წინ 4 ურთულესი მატჩი გვაქვს, რომელთაგანაც 3 უნდა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ!”

    საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 3 სექტემბერს, ესპანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში ბულგარეთი 104:87 (სტატისტიკა) დაამარცხა. ჩვენი ჯგუფის მესამე შეხვედრაში თურქეთმა ბოლო წამებზე, დაძაბულ ბრძოლაში – 72:68 (სტატისტიკა) მოუგო მონტენეგროს.

    კალათბურთის ფედერაცია

  • 1 სექტემბერს თბილისში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში!

    საქართველო  1-7 სექტემბერს პირველად მასპინძლობს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს  ჩეხეთთან, იტალიასთან  და გერმანიასთან ერთად. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.

    ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც თავს მოუყრის მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში და მილიარდზე მეტ მაყურებელს ტელეეკრანებთან. 

    ევროპის ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება, უდიდეს შესაძლებლობას უქმნის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, რათა საკუთარ სახლში,  გულშემატკივრებთან ერთად მნიშვნელოვან სპორტულ შედეგს მიაღწიოს. იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გამორჩეული მასპინძელი იყოს, ევროპის ჩემპიონატის დღეები დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით.

      ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში რიყის პარკის ტერიტორიაზე 31 აგვისტოდან მოეწყობა ფანზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.  

    ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სივრცეებითა აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი,  ეროვნული ნაკრების ფან-შოპი,  სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.

    დიდი საკალათბურთო დღესასწაულის –  ევრობასკეტის უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე,  რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.

    საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნება ზემოხსნებულ ფანზონაში.

    ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი რიყის პარკში,  21:30 საათზე დაიწყება. ღონისძიების პირდაპირ ეთერს საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.

    ფანზონაში ასევე წარმოდგენილი იქნება ევრობასკეტის ოფიციალური თილისმა „DJ Bounce”.

  • გამარჯვება ნიდერლანდებთან და თორნიკე შენგელიას ტრავმა

    “გავიმარჯვეთ, მაგრამ ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა. ჩვენმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რაც უდიდესი დანაკლისია – ამ სიტყვებით დაიწყო ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და დაამატა – ღმერთმა ქნას, მისი ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდეს და თორნიკე მალე დაუბრუნდეს მოედანს”.

    პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ კლინიკიდან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა: თორნიკე შენგელიას მხრის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მინიმუმ კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს არის შეუფასებელი დანაკლისი ჩვენი ნაკრებისთვის, რომელმაც 3 დღეში იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი უნდა ითამაშოს, ხოლო 1 სექტემბრიდან საკუთარ დედაქალაქ თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უნდა უმასპინძლოს.

    ილიას ზუროსს სწორედ შენგელიას შესაძლო გამოკლებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ჩვენი ნაკრების თავკაცმა უპასუხა: “თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ”.

    თუ რამხელა ძალა დააკლდა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე, თუნდაც დღევანდელმა მატჩმა გამოაჩინა. ტრავმის მიღების მომენტში თორნიკეს 21 წუთში 20 ქულა ჰქონდა მოგროვებული – ის იყო უპირობო ლიდერი მოედანზე, რომელსაც გუნდის თამაში მიჰყავდა და ის გაქცევა, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ფაქტობრივად თამაში მოაგებინა, შენგელიას დიდებულ თამაშს უკავშირდება. 

    მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 35:35 დასრულდა, საქართველოს ნაკრები საოცარი შემართებით დაბრუნდა გასახდელიდან. ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე ცეცხლი დაანთეს და შენგელიას, გოგა ბითაძის, გიორგი ცინცაძის, სანდრო მამუკელაშვილისა და ყველა იმ მოთამაშის მონდომებით, რომელიც მესამე პერიოდის პირველ ნახევარში მოედანზე იმყოფებოდა, 16:0 გაქცევა მოაწყვეს. სწორედ ამ ეპიზოდში, ბურთის ჩაჭრისა და სწრაფ შეტევაში გაქცევის შემდეგ მიიღო თორნიკემ ავადსახსენებელი ტრავმა. ის მეტოქესთან შეჯახების შემდეგ უხერხულად დაეცა და მხარი დაიზიანა. ძვალი იმდენად იყო გადაადგილებული, რომ მოედნიდან გასვლის დროს მის მხარს არაერმა ადამიანმა თვალი ვერ გაუსწორა.

    შენგელიას დანაკლისი ჩვენს გუნდს მყისიერად დაეტყო. ნიდერლანდელებმა შეტევის დიაპაზონი გააფართოვეს და დაცვაში მარყუჟებს მოუჭირეს. მე-3 პერიოდის საწყის 6 წუთში ვერც ერთი ბურთის ჩამგდებმა ჰოლანდიელებმა დარჩენილ დროში 9 ქულა მიითვალეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. ბოლო პერიოდში ნიდერლანდელები სამქულიან სროლებზე გადაერთნენ და როცა დუორტი დე იონგს მიზანი გაეხსნა, საქართველოს ლიდერობიდან აღარაფერი დარჩა. ჩარლონ კლუფის სამქულიანის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 60:60 გახდა და ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო.

    ჩვენმა კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი მებრძოლები არიან. ლიდერის ტრავმის გამო 17-ქულიანი ლიდერობის დაკარგვის შემდეგ ხელახლა გაერთიანდნენ, მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. გამარჯვების, რომელიც თორნიკე შენგელიამ გამოჭედა და მისი ტრავმის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებმა კბილებით დაიცვეს. ილიას ზუროსმა და გოგა ბითაძემ, რომლებსაც პრესკონფერენციაზე კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ, ნიდერლანდებთან გამარჯვება ნაკრების კაპიტანს მიუძღვნეს.

    შეხვედრა საქართველოს ნაკრების 11-ქულიანი გამარჯვებით – 77:66 (სტატისტიკა) დასრულდა. ჩვენი გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც 21 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგი შერმადინმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და არაერთი ბურთი მოხდენილად ჩატენა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 5 მოხსნა და თითი ჩაჭრა, პასი და დაფარებაა. 19 ქულა და 5 პასი მოაგროვა თად მაკფადენმა, რომელმაც თავიდან დაბალი პროცენტულობით ესროლა სამქულიანები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჰაერივით საჭირო სამიანები ჩააგდო და გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.

    ჩვენსავე ჯგუფში იტალიამ უკრაინა რიგაში – 97:89 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სწორედ იტალიასთან, ქალაქ ბრეშაში, 27 აგვისტოს გამართავს. ჩვენი ნაკრები აპენინის ნახევარკუნძულზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება. ზუროსით დავიწყეთ და ზუროსის სიტყვებით დავასრულებთ:

    „სამი დღის შემდეგ იტალიაში ვთამაშობთ. ეს კიდევ ერთი შანსია. იქ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი გუნდთან, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. იტალიაში მოსაგებად მივდივართ. ყველა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ”.

    კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური