რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკომისიამ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 05 მაისი 2022 12:19

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა.

პირველ რიგში, ევროკავშირმა იმ მაღალი რანგის სამხედრო პირებისა და სხვა ინდივიდების სია შეადგინა, რომლებიც ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენასა და ქალაქ მარიუპოლის არაადამიანურ ბლოკადაზე არიან პასუხისმგებელნი. „ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია კრემლის მიერ წარმოებული ომის ყველა დამნაშავისთვის: ჩვენ ვიცით, ვინ ხართ და თქვენ პასუხს აგებთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank და კიდევ ორ დიდ ბანკს SWIFT-ის სისტემიდან გათიშავს. ევროკომისიის მიხედვით, ეს ბანკები სისტემატურად თამაშობენ გადამწყვეტ როლს რუსეთის საფინანსო სისტემისა და იმ გამანადგურებელი ქმედებების ხელშეწყობაში, რომელსაც პუტინი ახორციელებს. „აღნიშნული ნაბიჯი გაამყარებს რუსული საფინანსო სისტემის სრულ იზოლაციას გლობალური სისტემიდან“, — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი, ამასთან, თავის სივრცეში სამი რუსული სახელმწიფო მედიაკომპანიის მაუწყებლობას კრძალავს. ისინი ევროკავშირში ინფორმაციის გავრცელებას ვერცერთი ფორმით ვეღარ შეძლებენ — იქნება ეს საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობა, ინტერნეტი თუ სმარტფონის აპლიკაციები. 

„ჩვენ ეს სატელევიზიო არხები გამოვავლინეთ როგორც რუპორები, რომლებიც პუტინის სიცრუეს და პროპაგანდას აგრესიულად ავრცელებენ. ჩვენ მათ ამ სიცრუის გასავრცელებლად სცენა აღარ უნდა დავუთმოთ“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, — „ამასთან, კრემლი ევროპელ ფინანსისტებზე, კონსულტანტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებზეა დამოკიდებული. და ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება. ჩვენ ვკრძალავთ ამ მომსახურებების რუსული კომპანიებისთვის მიწოდებას“.

ევროკომისიას რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვის წინადადებაც შემოაქვს — ეს მოიცავს ზღვით თუ მილსადენით მიწოდებას და ნედლ თუ გადამუშავებულ ნავთობს. ევროკავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ რუსული ნავთობის იმპორტირება ეტაპობრივად და ორგანიზებულად შეწყდეს. ამგვარად ევროკავშირი და მისი პარტნიორები ნავთობის მიღების ალტერნატიული გზების გამონახვასა და გლობალურ ბაზრებზე ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული გავლენის მინიმუმამდე დაყვანას შეძლებენ. 

„ესაა მიზეზი იმის, რომ ჩვენ რუსული ნედლი ნავთობის მოწოდებას ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად შევამცირებთ, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების იმპორტს — მიმდინარე წლის ბოლომდე. ამით მაქსიმალურად გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და, იმავდროულად, მინიმუმამდე დავიყვანთ ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიყენებულ თანმხლებ ზიანს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, არ დაუშვას რუსეთის ეკონომიკის დივერსიფიცირება და მოდერნიზაცია. „პუტინს სურდა, უკრაინა რუკიდან გაექრო. აშკარაა, რომ ის ამას ვერ გააკეთებს. მოხდა პირიქით: ერთიანი უკრაინა აღდგა. ხოლო, მისი ქვეყანა, რუსეთი, იძირება“, — დასკვნის სახით განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ „ევროკავშირს სურს, უკრაინამ ეს ომი მოიგოს“ და ის უკრაინელებს მომავალი თაობებისთვის ქვეყნის ხელახლა აშენებაში დაეხმარება. ამ მიზნით ევროკომისიას შემოაქვს წინადადება, დაიწყოს მუშაობა უკრაინისთვის განკუთვნილ მასშტაბურ აღდგენის პაკეტზე. ეს ქვეყანას მოუტანს უდიდეს ინვესტიციას, რომელიც საჭიროებების დაკმაყოფილებას, აუცილებელი რეფორმების გატარებას,  უკრაინის ეკონომიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და მდგრადი გრძელვადიანი განვითარების საფუძვლის შექმნას მოხმარდება.

წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/rusethis-agresia-ukrainis-cinaaghmdeg-evrokomisiam-sankhtsiebis-meekhvse-paketi-caradgina/

წაკითხულია 217 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი 2023 წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილ თანხას 1.7 მილიარდ ევრომდე გაზრდის

    ევროკავშირმა 2023 წელს გასაწევი ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის საწყისი წლიური ბიუჯეტი დაამტკიცა.
    ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება ბუნებრივი კატასტროფებით და სამხედრო კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორის არიან იძულებით ადგილნაცვალი პირები, გადაადგილებაშეზღუდული მოსახლეობები და ლტოლვილთა მასპინძელი საზოგადოებები. დახმარება, ძირითადად, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით ხორციელდება.
    დადგენილი ბიუჯეტიდან 207.8 მილიონი ევრო მოხმარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და ევროპულ სამეზობლოს. ეს, ძირითადად, მოიცავს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებზე რეაგირებას და, ასევე, კავკასიის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაფინანსებას. 
    დარჩენილი თანხიდან 141.5 მილიონი ევრო გამოიყოფა საგანგებო ვითარებებისთვის, 122 მილიონი ევრო — გაუთვალისწინებელი ჰუმანიტარული კრიზისებისთვის, ხოლო 108.2 მილიონი ევრო — ინოვაციური პროექტებისა თუ სამოქმედო გეგმებისთვის.
    „ჰუმანიტარული საჭიროებები საგრძნობლად იზრდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ცუდი მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც სიცოცხლის  გადამრჩენი დახმარება ესაჭიროება, აშშ-ის მოსახლეობას აღემატება“, — აღნიშნა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა, — „ევროკომისიის დაფინანსება 2023 წელსაც უზრუნველყოფს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელი მიუწვდებოდეს ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ვინც ან სადაც უნდა იყვნენ ისინი“.
    გარდა ამისა, ლენარჩიჩმა გლობალურ საზოგადოებას საზიარო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების 80%-ზე მეტს მხოლოდ 10 უმსხვილესი დონორი უზრუნველყოფს.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი
    ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი

  • ევროკავშირი უკრაინისთვის 3 მილიარდ ევროს გამოყოფს

    დღეს ევროკავშირი დეკემბერში შეთანხმებული 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური მხარდაჭერიდან პირველ 3 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

    „უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიის დასაძლევად დაფინანსების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის გადამწყვეტი და გადაუდებელი“, - წერს ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

    „კომისია მოქმედებს მაქსიმალური სისწრაფით და მონდომებით.ამ გადაუდებელი დახმარების მიზანია მოკლევადიანი ფინანსური დახმარება, უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებების დაფინანსება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და თავდაპირველი მხარდაჭერა ომის შემდგომი მდგრადი რეკონსტრუქციისთვის, უკრაინის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

    სესხებს 10 წლიანი საშეღავათო პერიოდი ექნება.

    მეტი ინფორმაციისთვის:

    Find out more

    Ursula von der Leyen’ Tweet 

  • ევროკავშირი გაახანგრძლივებს სანქციებს ბელორუსისა და ირანის წინააღმდეგ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

    ევროკავშირი გაახანგრძლივებს სანქციებს, რომლებიც გამოცხადდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, მათზე, ვინც სამხედრო გზით უჭერს მხარს რუსეთის ომს, როგორიცაა ბელორუსი ან ირანი. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირ-ნატოს თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

    „ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მამაცი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება სანქციების მკაცრი რეჟიმის გამო“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

    „ჩვენ ასევე დავაწესებთ ახალ სანქციებს ბელორუსის მიმართ, რომლებიც უპასუხებენ ბელორუსის როლს რუსეთ-უკრაინის ომში. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს "არსებითი ჰუმანიტარული ეკონომიკური და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინისადმი, სანამ ეს საჭირო იქნება".

    დაწვრიულებით სანახავად გადადით ბმულზე:

    Press conference broadcast

  • მორავიეცკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია

    პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია. ამის შესაახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, მორავიეცკიმ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ სანქციების პაკეტის შესახებ გაურკვევლობა იყო. მან დასძინა, რომ მათ მიაღწიეს სანქციების შეთანხმებულ პუნქტს და დაამატა: "ეს არის სანქციები, რომლებიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ სანდოები. ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა წევრ ქვეყნებს შორის. რუსეთი ევროკავშირის შიგნით დაყოფაზე თამაშობს და ჩვენ ეს არ დავუშვით“.

    პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ და ლიეტუვამ წამოაყენეს წინადადება, განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 12 თვიან ციკლში

    „ჩვენი შეთანხმება სანქციების ამ პაკეტზე არის ერთიანობის ნიშანი. მიღებული ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების მეცხრე პაკეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ძალის შესუსტებისკენ. ჩვენ ასევე დავაწესეთ რუსეთში აკრძალვა სამთო სექტორში ინვესტიციებზე, რაც არ ყოფილა აქამდე. ეს არის ზეწოლის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა. ჩვენ შევძელით, შევინარჩუნეთ რწმენა, რომ ერთიანობა, ერთობა და მშვიდობა უნდა იყოს გამარჯვებული უკრაინისა და ევროპისთვის“. - აღნიშნა მორავიეცკიმ.

    ახალი სანქციების პაკეტის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

    მე-9 სანქციების პაკეტის წინადადება, რომელიც ევროკომისიამ გასულ კვირას მოამზადა, მოიცავს სანქციების სიაში დაახლოებით 200 ფიზიკური პირის, ორგანიზაციის და 3 რუსული ბანკის დამატებას, ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის აკრძალვას და სამთო ინვესტიციების აკრძალვას.

    წევრი ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამ პაკეტის დეტალებზე.

  • ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესების წინადადება წამოაყენა

    ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 7 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესების წინადადება წამოაყენა.
    ევროკომისიის წინადადებით, ევროკავშირის სანქციების სიას კიდევ 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი უნდა დაემატოს. სიაში შესულია რუსეთის შეიარაღებული ძალები მთლიანად და ცალკეული ოფიცრები, თავდაცვითი სამრეწველო კომპანიები, სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკური პარტიები. 
    „სია მოიცავს ფიგურებს, რომლებიც არსებით როლს ასრულებენ სამოქალაქო მოსახლეობაზე სასტიკ და მიზანმიმართულ სარაკეტო თავდასხმებში, უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და რუსეთში გადაყვანაში და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოპარვაში“, — ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
    მეორე რიგში, ევროკომისია თვლის, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთის კიდევ სამ ბანკს. ამაში შედის რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკისთვის ტრანზაქციის სრულად აკრძალვა. 
    მესამე რიგში, ევროკომისიის წინადადებით, საჭიროა საექსპორტო კონტროლის ახალი ზომების და შეზღუდვების დაწესება — განსაკუთრებით, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე. ამაში შედის ძირითადი ქიმიკატები, ნერვულ-პარალიზური მოქმედების მომწამლავი ნივთიერებები, ელექტრონიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტები, რომელთა გამოყენებაც რუსულ არმიას შეუძლია.
    მეოთხე რიგში, სანქციები რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებზე წვდომას შეუზღუდავს. გარდა ამისა, ევროკომისიის შეთავაზებით, უნდა აიკრძალოს ახალი ინვესტიციები რუსეთის სამთო მრეწველობის სექტორში.
    ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის მიზანია, კიდევ ოთხ პროპაგანდისტულ არხს აეკრძალოს ეთერში გასვლა და ყველა სხვა სადისტრიბუციო პლატფორმაზე წვდომა. 
    ამავე კვირის დასაწყისში ევროკავშირის მიერ სრულად აიკრძალა რუსეთის საზღვაო ნავთობის იმპორტი. დიდი შვიდეულის ქვეყნები კი რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური