ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით საჯარო შენობების მოდერნიზაცია აუმჯობესებს სასწავლო გარემოს და ხელს უწყობს ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესს საქართველოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 04 მაისი 2022 14:33

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (Nefco) პირველი განხორციელებული ენერგოეფექტურობის პროექტის აღნიშვნა საქართველოში ემთხვევა ახალი 6.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ხელმოწერას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით ქვეყნის შორეულ მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების მოდერნიზაციას.

Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში, რომელიც მოიცავს 26 საჯარო შენობის განახლებას ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის შემოდგომიდან 2021 წლის ბოლომდე ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა მოდერნიზაციამ განაპირობა შენობების შიდა პირობების გაუმჯობესება, ენერგიის დაზოგვა და საქართველოს მხარდაჭერა მწვანე ენერგეტიკის განვითარების გზაზე განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით. პროექტმა ასევე ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საქართველოს ეროვნული მიზნების განხორციელებას და აჩვენა ახალი სამშენებლო ნორმების და წესების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციის შენობებში, და აღნიშნული ახალი ნორმების დაცვა სხვადასხვა კლიმატურ ზონებში.

Nefco-ს მიერ 2.8 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო დაფინანსების გარდა, პროექტი დაფინანსდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) გრანტის მიერ, რომელიც 1.87 მილიონ ევროს შეადგენდა, აქედან ყველაზე დიდი წილი ევროკავშირს და შვედეთს ეკუთვნის. დანიამ პროექტის ტექნიკური მხარდაჭერისთვის 956,000 ევროზე მეტი გაიღო, როგორც განხორციელების, ისე პროექტის მომზადების ფაზაში.

პროექტის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, E5P-თან და მის სპონსორებთან, ასევე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა პროექტი 2022 წლის 4 მაისს და მოინახულა ენერგოეფექტური მოდერნიზებული ორი სკოლა, რომლებშიც განხორციელდა ზომები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით - 55-ე საჯარო სკოლა და სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა.

„მოხარული ვართ საზეიმოდ აღვნიშნოთ ჩვენი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში. პროექტის პარტნიორებთან ერთად, ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის პროგრესის დანახვა ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის გზაზე. სიამოვნებით გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის მეშვეობით, რომელიც განსაკუთრებით საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს მოუტანს სარგებელს“, - განაცხადა დღეს თბილისში ტრონდ მოემ, Nefco-ს მმართველმა დირექტორმა.

როგორც განხორციელებული, ისე ახლადხელმოწერილი პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ ხასიათდება საქართველოში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით. განხორციელებული ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ყოველწლიურად სითბური და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას დაახლოებით 5000 მგვტ/სთ და შედეგად 1100 ტონა CO2-ის ემისიების შემცირებას. ფაქტობრივი დანაზოგების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხდება ათი წლის განმავლობაში. განხორციელებულმა პროექტმა შექმნა კარგი და კომფორტული სასწავლო გარემო სკოლის მოსწავლეებისა და მუნიციპალური მუშაკებისთვის. Nefco-ს მიერ განხორციელებული მეორე პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას და 15 საჯარო სკოლის განახლებას საქართველოს მთიან რეგიონებში.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაფასებთ Nefco-ს და E5P-ის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში და იმ გულისხმიერებას, რომლითაც ისინი უდგებიან ჩვენს პრიორიტეტულ საჭიროებებს. პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ მხარს უჭერს საქართველოს გადასვლას მწვანე ეკონომიკაზე, ხელს უწყობს უფრო მდგრადი და ეფექტური ინფრასტრუქტურის აშენებას, ამავდროულად, აუმჯობესებს სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის ჩვენი ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში და დახმარებას უწევს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. მიმაჩნია, რომ პროექტს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროში და ბევრ სარგებელს მოიტანს, როგორიცაა სწავლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, გაუმჯობესებული კომფორტის დონე და სტუდენტებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მომავალში გაზრდილი ენერგოეფექტურობის კატალიზატორი “, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Nefco-ს მეორე პროექტი საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 15 საჯარო სკოლის მოდერნიზაციას და განახლებას. ის დაეფუძნება პირველი დასრულებული პროექტის შედეგად მიღებულ გამოცდილებას და მოიცავს უფრო ფართო და რთულ გეოგრაფიულ არეალს ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში, რაც სარგებელს მოუტანს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. გარემოზე დადებითი ზემოქმედებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პარალელურად, ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით განათლების, ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის სფეროში. Nefco-ს ორივე პროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ შემოღებულ ახალ ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონებს და წარმოადგენს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებასთან არის დაკავშირებული.

„E5P დონორები ამაყობენ ამ პირველი Nefco-ს პროექტით და მისი გაგრძელებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. E5P დონორები, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, კვლავ მზად არიან განახორციელონ ისეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომლებიც უამრავ გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელს უზრუნველყოფენ რეფორმების დღის წესრიგთან ერთად “, - განაცხადა ევა მანიკმა, E5P-ის ასოცირებულმა დირექტორმა.

„ევროკავშირი, E5P ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, მოხარულია, რომ მხარს უჭერს სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებას საქართველოში. Nefco-ს მიერ განხორციელებულ E5P პროექტებს, ენერგოეფექტურობის კუთხით, ეკონომიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის სარგებელი მოაქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში შენობების სარემონტო სამუშაოების გააქტიურებას ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროგრამებით, რომლებიც ეფუძნება რეფორმების დახმარებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

თბილისში დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის ჯამური ინვესტიცია 6,5 მილიონ ევროს შეადგენს. Nefco-ს საკრედიტო დაფინანსება შეადგენს 3,9 მლნ ევროს, ხოლო E5P საგრანტო დაფინანსება 2,6 მლნ ევროს შეადგენს. შვედეთმა დააფინანსა პროექტის შემუშავების ხარჯები და, სავარაუდოდ, გამოყოფს დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერისთვის პროექტის განხორციელების პროცესში, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, 2022 წლის ბოლოს დაიწყება.

„შვედეთი მოხარულია წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლაში, მათ შორის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში. ჩვენ განვახორციელეთ 8 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია E5P ფონდში საქართველოსთვის, როგორც უმსხვილესი ორმხრივი დონორი. ასევე, ჩვენ წარმოვადგენთ ერთერთ მთავარ დაინტერესებულ მხარეს Nordic Green Bank Nefco-ში  სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ უზრუნველვყოფთ თანადაფინანსების გრანტებს მუნიციპალური სექტორის პროექტებისთვის საქართველოს მასშტაბით ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად და სხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებში პროგრესის დასაჩქარებლად. შვედეთის მხრიდან დახმარება უნდა განიხილებოდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში გატარებული რეფორმების მტკიცე პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უფრო ფართო კონტექსტში“ - განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში.

ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებები, რომლებიც ახალი პროექტით არის გათვალისწინებული, ეხება შენობების გარსის თბოიზოლაციას, კარ-ფანჯრების შეცვლას, ახალი გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟებას, ასევე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ზომებს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სტრუქტურული მოდერნიზაცია სკოლის შენობების ცუდი მდგომარეობის გამო. განხორციელებული განახლება და ენერგოეფექტურობის გაზრდის ღონისძიებები გაახანგრძლივებს შენობების ექსპლუატაციის ვადას.

2010 წლიდან Nefco-მ დააფინანსა 170-ზე მეტი ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით უკრაინაში საჯარო შენობების მოდერნიზაციის პროექტი და ამჟამად ახორციელებს პროექტებს მოლდოვაში, რომელთაგან პირველი პროექტი 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდა.Nefco-მ E5P-თან ერთად 36 ენერგოეფექტურობის პროექტი  დაასრულა  აღმოსავლეთ ევროპაში.

Nefco-ს შესახებ

Nefco, the Nordic Green Bank, არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI), რომელიც უზრუნველყოფს სარისკო კაპიტალს სკანდინავიის ქვეყნების მწვანე ტექნოლოგიებისთვის (Nordic green solutions). 1990 წელს დაარსებული ხუთი სკანდინავიური ქვეყნის მიერ: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი, Nefco ემსახურება მისი მფლობელების ინტერესებს. ჩვენი ამოცანაა განვახორციელოთ კონკრეტული ქმედებები მწვანე გარდაქმნის პროცესის დასაჩქარებლად. საგრძნობი შედეგების მქონე მცირე და საშუალო პროექტებზე ფოკუსირებით, ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ კლიმატის და გარემოსდაცვითი პროექტები მდგრადი და ხარჯეფექტური გზით. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ეფექტიანობას ევროკავშირის ტაქსონომიის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ჩვენი საკუთარი გარემოსდაცვითი კრიტერიუმების შესაბამისად. წლების განმავლობაში, Nefco -მ განახორციელა დაახლოებით 1500 კერძო და საჯარო პროექტი სხვადასხვა სექტორში მსოფლიოს მასშტაბით. Nefco-ს შტაბ-ბინა მდებარეობს ჰელსინკში, ფინეთი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.nefco.int

E5P-ს შესახებ

 აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობა (E5P) არის სხვადასხვა დონორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის (IFI) მიერ შექმნილი მხარდამჭერი ფონდი, რომელიც დაარსდა 2009 წელს ევროკავშირის ინიციატივით შვედეთის თავმჯდომარეობის დროს. E5P ფონდი საქართველოსთვის შეადგენს 40,56 მილიონ ევროს. ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ევროკავშირია (20,4 მილიონი ევრო), ფინასური წვლილი შეაქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი (8 მილიონი ევრო), გერმანია (4 მილიონი ევრო), ნორვეგია (3 მილიონი ევრო), დანია (0,5 მილიონი ევრო), ფინეთი (0,4 მილიონი ევრო), ლიტვა (0,35 მილიონი ევრო), აშშ (0,3 მილიონი ევრო), ესტონეთი (0,15 მილიონი ევრო), პოლონეთი (0,13 მილიონი ევრო), ჩეხეთი (0,1 მილიონი ევრო), სლოვაკეთი (0,1 მილიონი ევრო) , TaiwanBusiness EBRD TC ფონდი (0,13 მილიონი ევრო). საქართველომაც განახორციელა 3 მილიონი ევროს ოდენობის კონტრიბუცია. ფონდი ახორციელებს საგრანტო თანადაფინანსებას მუნიციპალური სექტორის პროექტებისთვის ენერგოეფექტურობის გაზრდის და მრავალი სხვა გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პროგრამის ფართო კონტექსტში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:  www.e5p.eu/georgia

წაკითხულია 200 ჯერ

Related items

  • როგორ მოვემზადოთ ხანძრისთვის და ევაკუაციისთვის?

    ხანძარი ბინებსა და შენობებში

    ხანძარი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მცირე ხანძარიც კი საშიშია, რადგან ის შეიძლება სწრაფად უფრო ვრცელ ტერიტორიად მოედოს და კონტროლიდან გამოვიდეს. როდესაც ხანძარი ჩნდება, საშუალო ზომის ოთახი ცეცხლის ალმა შეიძლება, სულ რაღაც ორ წუთში შთანთქას. ამიტომ, სახლშიც და სამუშაო ადგილზეც აუცილებელია ზომების მიღება ხანძრის თავიდან ასაცილებლად და იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.

    მოამზადეთ ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა

    სახანძრო უსაფრთხოება არ არის გარანტირებული, თუ მზად არ გაქვთ სწორი ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა.

    დახაზეთ სახლის იატაკი, რომელზეც აღნიშნულია სახლიდან ან ოფისიდან გასასვლელი ყველა მარშრუტი, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ადგილმდებარეობა, როგორიცაა ცეცხლმაქრები. შეამოწმეთ გასასვლელები და დარწმუნდით, რომ ისინი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც შენობაში იმყოფება. პერიოდულად გაიმეორეთ ევაკუაციის გეგმა, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს არავინ დაიბნეს.

    თუ ხანძარი გაჩნდა

    გადი გარეთ. დახურეთ კარები, რათა შეანელოთ ცეცხლის გავრცელება. ნუ ეცდებით ცეცხლთან ბრძოლას თუ არ გიწევთ სიცოცხლის გადარჩენა. დარეკეთ სასწრაფოში და სახანძროში და მზად იყავით მისამართის, ქუჩის გადაკვეთისა და ნომრის ზედმიწევნით გადასაცემად.

    მაღალსართულიანი შენობის მაცხოვრებლებისთვის

    ხანძრის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ შენობა. არ გამოიყენოთ ლიფტი. თუ გესმით ხანძრის განგაში, მაგრამ ვერ ხედავთ ხანძარს ან კვამლის სუნს, ფრთხილად დაიწყეთ ევაკუაცია. გასვლამდე შეეხეთ კარს. თუ კარი ცხელია, არ გააღოთ და გასასვლელად სხვა გზა სცადეთ. თუ თქვენ აღმოაჩინეთ ხანძრის საშიშროება, მაშინვე ჩართეთ სახანძრო სიგნალიზაცია ან სხვა გზით შეატყობინეთ მაცხოვრებლებს მოსალოდნელი განგაშის შესახებ.

    როგორ მოვემზადოთ უფრო კარგად?

    ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები უკვე არა მხოლოდ კეთილი ნება, არამედ აუცილებლობაა. სახანძრო უსაფრთხოებისთვის, ბინაში, ოფისში თუ სხვაგან, აუცილებლად დაუკავშირდით შესაბამის კომპანიას და აღჭურვეთ შენობა შესაბამისი ტექნიკით.

    მაგალითად, ქართული კომპანია "ვეზირი" მომხმარებლებს სთავაზობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს, როგორიცაა:

    • ხანძრის ავტომატური დეტექცია,
    • ხმოვანი შეტყობინება და ევაკუაცია,
    • ხანძრის ავტომატური ქრობა,
    • ასევე ამ სისტემათა ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც კონკრეტული დაწესებულების უნიკალურ მოთხოვნებს უპასუხებს

    აუცილებლად დააინსტალირეთ კვამლის დეტექტორები მთელს სახლში ან ბინაში. თუ კვამლის დეტექტორები ბატარეით მუშაობს, რეგულარულად შეამოწმეთ ისინი. იქონიეთ ცეცხლმაქრები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამზარეულო სადაც შესაძლოა, ხანძარი გაჩნდეს. მოათავსეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები სახანძრო დოკუმენტის ჩანთაში. მაღალსართულიანი ბინებისა და საოფისე შენობებისთვის, გქონდეთ კვამლის ნიღბები ევაკუაციაში დასახმარებლად. მეორე და მესამე სართულის ოთახებში სახანძრო გასაქცევი კიბეები. თუ უსაფრთხოების გისოსები დამონტაჟებულია ფანჯრებზე ან კარებზე, დარწმუნდით, რომ გასასვლელი საკეტები მუშაობს გამართულად და რომ ყველამ, ვინც ამ კორპუსში ცხოვრობს, იცის როგორ მართოს გისოსები.

  • კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    კონკურსის რიგით მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი 2022 წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა.
    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

    სინქრონი და კადრები: 

    https://we.tl/t-QUJbRpOo4t
    https://we.tl/t-KY6OWNuaGY  

    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას: “ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
    მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია.
    წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს.
    ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან.
    ამ მიზნით, მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო  რიგით მე-11 კონკურსი ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში. ”
    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად. 
    კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგავრებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით,  ჩვენ აღვნიშნავთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და  მთლიანად რეგიონში.
     
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
     
    • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
    გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე (ინდიგო)
    ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა 
     
    საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
    გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)
    ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე
     
    საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
    გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)
    ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი
     
    საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
    გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე (on.ge)
    ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი 
     
    საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
    გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო)
    ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე
     
    საუკეთესო დოკუმენტური ფოტორომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს
    გამარჯვებული: გიორგი შენგელია (ინდიგო)
    ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი
     
    კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): 
    გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)
    ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე
     
    პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.
     
    გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ:  https://www.euprizejournalism.ge/
     
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის შესახებ :
    155-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა,  საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“.
     
    საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმრომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:
     
    -ნათია აბრამია ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის ხარისხის კონტროლის და რისკის მართვის მენეჯერი. მას აქვს ქართულ და საერთაშორისო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.  2006 წლიდან სხვადასხვა დროს ის იყო BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების რადიო, ტელე, ონლაინ და სოციალური  პლატფორმების რედაქტორი. 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ ნათია აბრამია იყო BBC-ის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს “ნიუსნაითის” გამომშვები პროდუსერი. ამჟამად მისი მოვალეობაა BBC-ის ოპერაციების და რესურსების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტურობის გაზრდა. 
     
    -ანა საჯაია ჟურნალისტი და ტელე-პროსიუდერი. 2019 წლიდან მუშაობს შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგულ მაუწყებელში - ტელეკომპანია Fox News-ში, პოლიტიკის პროდიუსერის პოზიციაზე. 2014 - 2018 წლებში იყო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი და რედაქტორი ვაშინგტონში, სადაც საქართველოს, ევრაზიის და ამერიკის პოლიტიკას აშუქებდა როგორც ტელე, ასევე რადიო და ვებ პლატფორმებზე. შეერთებულ შტატებში კარიერის გაგრძელებამდე, საქართველოში იყო ჟურნალ “ლიბერალის” ახალი ამბების და ვების რედაქტორი, რადიო “ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ის მმართველი რედაქტორი. საქართველოში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან: BBC, FRANCE 24 და TRANSITIONSONLINE.  პარალელურად ასწავლიდა ჟურნალისტიკის მიმართულებებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში. არის რამდენიმე ჯილდოს - მათ შორის, ამერიკის ფედერალური მაუწყებლობის უმაღლესი - ოქროს მედლის მფლობელი.  არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი, ასევე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 2007 - 2008 წლებში სწავლობდა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, როგორც ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი.
     
    -ლია ჩახუნაშვილი ბოლო 20 წლის განმავლობაში  საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მსხვილ პროექტს უხელმძღვანელა IREX-სა და BBC World Service Trust-ში მუშაობისას. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ლია ჩახუნაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. აქვს მეცნიერებთა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.  
     
    -გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 1999 – 2007 ჟურნალი “ამარტას” ფოტო რედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე “თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” თანადამფუძნებელი. ფოტოგრაფიის ისტორიის მოწვეული ლექტორი საქართველოს ორ უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი). 
     
    ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. 
     
    პრიზის შესახებ მეტი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ: https://www.euprizejournalism.ge/

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

    "მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად", - განაცხადა პრემიერმა.

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

    „მინდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • დანია საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება

    დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იეპპე კოფორდის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და დანიის მთავრობებს შორის საგრანტო შეთანხმებას პროგრამის „ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისთვის“ მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

    შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობაზე. აღინიშნა, რომ დანია ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის ამ მიმართულებების განვითარებას, მათ შორის, როგორც გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე საქართველოს ბაზრით დანიური პროფილური ბიზნესის დაინტერესებით. 

    „ჩვენ გავაგრძელებთ დანიის სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების, მათ შორის, მდგრადი ენერგიების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, დანიას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში განახლებადი, მათ შორის, ქარის ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

    მისი თქმით, განახლებადი ენერგიების განვითარება საქართველოს ძალიან დიდი პრიორიტეტია. „ჰიდროელექტროგენერაციის გარდა, რომელზეც დიდი აქცენტები საქართველოში ყოველთვის კეთდებოდა, დღეს ჩვენ განვიხილავთ ქარისა და მზის ენერგიის განვითარებასაც,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, დანიას ქარის ენერგიის ზღვაში წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.

    „ვფიქრობთ, მოხდება როგორც გამოცდილების გაზიარება და ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ზრდა, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ინვესტიციები, რაზეც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ დანიელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ენერგოგენერაციით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

    გაფორმებული შეთანხმებით, დანია საქართველოს 2023 წლამდე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება. 

  • ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოს

    ევროკავშირი არ ცნობს იმ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

    ჰარცელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

    „ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ კვლავ სრულად არის მობილიზებული“, — აღნიშნა ჰარცელმა.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური