საქართველოსა და ჩეხეთს მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ - ეკონომიკის მინისტრი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 03 მაისი 2022 16:59

საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მე-6-ე სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომლითაც განისაზღვრა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველოსა და ჩეხეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

„ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 31%-ით, ხოლო ექსპორტი 3%-ით. ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არის გამოუყენებელი და შეუსწავლელი პოტენციალი, მჯერა, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის თქმით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შეღავათებით.

ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ დარგებში. აღინიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, ჩეხეთი შედის საქართველოს ინვესტორი ქვეყნების სამეულში, მის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 82 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

კომისიის ფარგლებში, თბილისში ასევე გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი.

წაკითხულია 201 ჯერ

Related items

  • 2022 წელს ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

    2022 წლის 1 ივლისს ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს - მეორედ ევროკავშირში მისი წევრობის განმავლობაში. ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, 2021 წლის 14 დეკემბერს ზოგად საკითხთა საბჭომ (GAC) მხარი დაუჭირა ე.წ. სამეულის პროგრამას - სამი შემდგომი სახელმწიფოს თავმჯდომარეობას: საფრანგეთი, ჩეხეთი და შვედეთი. პროგრამა სამეული იმ დროს შემუშავდა, როდესაც ევროკავშირის მთავარი გამოწვევა იყო პანდემიის შემდეგ გამოჯანსაღება. ამიტომ ის ორიენტირებული იყო მოქალაქეებისა და თავისუფლებების დაცვაზე, ევროპის ეკონომიკური მოდელის შემუშავებაზე, კლიმატ- ნეიტრალური, მწვანე, სამართლიანი და სოციალური ევროპის აშენებაზე და ევროპული ინტერესებისა და ღირებულებების პოპულარიზაციაზე მსოფლიოში. 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ევროკავშირის პრიორიტეტების ფუნდამენტური გადაფასების აუცილებლობა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩეხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების მომზადებაზე. ჩეხეთის თავმჯდომარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების გადაუდებელ საკითხებზე როდესაც გაუძღვება თავდაპირველად იდენტიფიცირებულ ფაილებს, როგორიცაა ევროკავშირის გადასვლა მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე.
    ჩეხეთის თავმჯდომარეობის სლოგანია “Europe as a task – rethink, rebuild, repower” „ევროპა, როგორც ამოცანა - გარდაქმნა, გადახედვა, გაძლიერება“. ვაცლავ ჰაველის მოსაზრების მემკვიდრეობა ევროპის გლობალური როლის შესახებ მსოფლიო წესრიგის გადაწყობის ისტორიულ მომენტში და შეხსენება, რომ ევროპა - ეს არის ის, რაც განუწყვეტელ მუშაობას მოითხოვს ყველა მოქალაქისგან. ჰაველის სლოგანი ასევე მოგვიწოდებს პასუხისმგებლობისა და პროაქტიული გადაწყვეტილებების მიღებისკენ ღირებულებებსა და სინდისზე დაყრდნობით.
    CZ PRES-ის პოლიტიკური პრიორიტეტები იყოფა ხუთ დარგთაშორის საფლაგმანო სფეროდ. მათი მიზანია რეაგირება მიმდინარე გამოწვევებზე, ასევე ევროკავშირის გრძელვადიანი მიზნების განხორციელება:
    1 - ლტოლვილთა კრიზისის მართვა და უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა: უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ყველა არსებული საშუალებით, ევროკავშირის სოლიდარობის, ეფექტურობისა და მოქნილობის ხელშეწყობა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვაში, კონსენსუსის მიღწევაში უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ეკონომიკური აღდგენისა და სტაბილურობის ხელშეწყობა.
    2 - ენერგეტიკული უსაფრთხოება: ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება ავტორიტარულ რეჟიმებზე, როგორიცაა რუსეთი, რესურსების დივერსიფიკაცია მთელ REPowerEU-ში, ენერგიაზე მაღალი ფასების უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილება.
    3 – ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, მ.შ. კიბერუსაფრთხოების: ნატოსთან თანამშრომლობის ხელშეწყობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში: სტრატეგიული კომპასის დანერგვა, უკეთესი თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირის შიგნით და ევროკავშირის ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერება სტრატეგიულ სფეროებში.
    4 - ევროკავშირის ეკონომიკის სტრატეგიული მდგრადობა: მტრულ რეჟიმებზე დამოკიდებულების შემცირება, თვითკმარობის გაძლიერება და დემოკრატიული სახელმწიფოების შიდა ბაზრის გაღრმავება, დიჯიტალიზაციის დაჩქარება და თავისუფალი ბაზრის წესების ადაპტაცია ამ მოვლენებთან.
    5 - დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობა: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებების დაცვა, მედიის თავისუფლება, გამჭვირვალობა, ღია დიალოგი მოქალაქეებთან (მათ შორის ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციის შედეგებზე) როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში.
    დარგობრივი პრიორიტეტები საგარეო ურთიერთობების სფეროში:
    საგარეო ურთიერთობებში ერთიანი და ეფექტური ევროკავშირის ხელშეწყობა, წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევა კოორდინაციის მეშვეობით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან და კომისიასთან.
    ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაღრმავება და ურთიერთობების განმტკიცება სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, უკრაინასთან და აღმოსავლეთ ევროპასთან, დასავლეთ ბალკანეთთან, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან და საჰელის რეგიონთან.
    კონსენსუსის მიღწევა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, აღმოსავლეთ სამეზობლოში ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, კონკრეტული პროგრესის მიღწევა ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებში და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა.
    უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის ინიციატივის ხელშეწყობა (Rebuild Ukraine); ურთიერთკავშირის ხელშეწყობა ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების აქტივობებს შორის, მდგრადობის ამაღლება, კატასტროფების რისკის შემცირება და სურსათის უსაფრთხოების ხელშეწყობა.
    გამოქვეყნებულია კალენდარი მრავალრიცხოვანი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნდა გაიმართოს ბრიუსელში, ლუქსემბურგსა და ჩეხეთში. დაგეგმილია დაახლოებით ორი ათასი სამუშაო ჯგუფი და ელჩების დონეზე შეხვედრა ბრიუსელში. ჩეხი მინისტრები უხელმძღვანელებენ ორმოცდაათ შეხვედრას ევროკავშირის ქვეყნების კოლეგებთან. ჩეხეთში 320-ზე მეტი პოლიტიკური მოვლენა გაიმართება.
    ამ შეხვედრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 14 არაფორმალური შეხვედრა მინისტრების დონეზე და სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა არაფორმალური სამიტი პრაღაში (სამიტის თარიღი, ფორმატი და შინაარსი tbc). საბჭოს არაფორმალური შეხვედრები ასახავს CZ PRES-ის პრიორიტეტებს და ჩატარდება პრაღის კონგრესის ცენტრში (სამიტი მოეწყობა პრაღის ციხესიმაგრეში) მონაწილეების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    ოფიციალური საკომუნიკაციო არხებითავმჯდომარეობის ვებსაიტი www.eu2022.cz, ასევე Facebook, Twitter, Instagram, Flickr და YouTube ექაუნტები ამოქმედდა 2022 წლის 15 ივნისს.

  • საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის სენატისა და საელჩოს დელეგაცია სტუმრობდა

    საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

    სენატის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირჟი რუჟიჩკა, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ვაცლავ ხალოუპეკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავიდ სმოლიაკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი მარეკ ჰილშერი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის მდივანი იტკა პილარჟოვა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოდან ელჩი პეტრ მიკისკა და ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა.

    დელეგაციის წევრები საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ქართულ მედიაში არსებულ სტანდარტებს, ასევე იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.

    „საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რაობა, როგორც ინსტიტუციის, მით უმეტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ამ გზაზე მიმავალი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ ქართულ მედიაზე, იმ სტანდარტებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ მთლიანობაში, მედია. ვისაუბრეთ ყალბი ამბების გამოწვევებზე, ზოგადად მსოფლიო გამოწვევებზე, რომელიც ყველგან პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ჩვენი მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მეშვეობით ყველა ჩვენს მსგავს ორგანიზაციასთან, კვლავაც გაგრძელდეს. ასევე ვისაუბრეთ, რა შეიძლება, კიდევ გაკეთდეს, რათა გაღრმავდეს ურთიერთობები ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არის უამრავი საინტერესო პროექტი, რომელზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, რომ ამ ევროპულ გზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მნიშვნელობას, კიდევ არაერთხელ გაესმება ხაზი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

    ჩეხეთის პარლამენტის სენატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირჟი რუჟიჩკამ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ეცნობიან საქართველოში არსებულ სიტუაციას.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პირველი არხის ხელმძღვანელთან. ჩეხეთის დელეგაციაში ჩვენ მედიის კომიტეტიდან ვართ. იცით, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და გვაინტერესებს საქართველოში არსებული სიტუაცია. ვისაუბრეთ მედიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაზე და პირველ რიგში, მედიის დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ირჟი რუჟიჩკამ.

    წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

  • ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება - შ. პაპუაშვილი

    „იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

    მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება.

    „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე, ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ეწვია

    საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    აეროპორტში მაღალი დონის სტუმარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი დახვდნენ.

    ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

    მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

    დაგეგმილია ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან.

    ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

    მილოშ ვისტრჩილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში.

    დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

  • შალვა პაპუაშვილი - ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

    მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა.

    შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

    შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში რუსულ აგრესიაზე.

    პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

    პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე და აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის შევსებაზე.

    შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც 2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას.

    მხარეებმა ისაუბრეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური