საქართველოში დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022 15:24

საქართველოში ამოქმედდა პირველი დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი, რომელზეც 10 წლის განმავლობაში იმუშავა „ჩინური ენის ცენტრის“ ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიამ, ქართველი სინოლოგების (ჩინეთმცოდნეების) - ზურაბ მამნიაშვილის და თათია სიორიძის ხელმძღვანელობით.

ლექსიკონის სანახავად გადადით ბმულზე www.chinese.ge

ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებამდე 1 წლით ადრე, 1991 წელს, საქართველოში შეიქმნა ჩინური ენის ფაკულტეტი. მას შემდეგ, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში, გამოიკვეთა სინოლოგიის უმნიშვნელოვანესი როლი ორმხრივი ეკონომიკური, სავაჭრო თუ კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.

ჩინური ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ენის სწავლა ქართველ მსურველებს მხოლოდ სხვადასხვა ენის მეშვეობით უხდებოდათ, რაც საკმაოდ ართულებდა პროცესს.

ლექსიკონის შექმნის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ დაიბადა, თუმცა მის დაბადების დღედ ითვლება 2013 წლის 6 მარტი, როდესაც სარედაქციო გუნდის მიერ თავადვე შექმნილ სამუშაო პლატფორმას პირველი სიტყვა დაემატა. ლექსიკონის ელექტრონული სახით გამოცემის იდეა პირველ რიგში მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით გაჩნდა, რადგან მათ შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი დროს და ნებისმიერი სივრციდან ჰქონდეთ წვდომა ლექსიკონზე და წამებში მოიძიონ სასურველი სიტყვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ელექტრონული ლექსიკონის სხვა დიდი უპირატესობები: ნებისმიერი აღმოჩენილი ხარვეზი შესაძლოა სულ რაღაც 10 წამში აღმოიფხვრას. ამასთან, ენა ცოცხალი ორგანიზმია და კარგმა ლექსიკონმაც ენაში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად უნდა ასახოს. შესაბამისად, ონლაინლექსიკონი წარმოადგენს უწყვეტად განახლებად, უსაზღვრო გაფართოების მქონე პლატფორმას:

 საწყის ეტაპზე ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი მოიცავს:

  • 41 ათასზე მეტ სიტყვას;
  • სამი სახის ძიების ფუნქციას;
  • სიტყვის გახმოვანების ფუნქციას;
  • იეროგლიფის წერის ანიმაციას;
  • შესაბამის ფოტომასალას;
  • თემატურ ცნობარს;
  • ბიბლიოთეკას და სხვ.

ლექსიკონი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ჩინური ენის სპეციალისტებისთვის, პედაგოგებისთვის, მთარგმნელებისა და სტუდენტებისთვის, აგრეთვე, ყველა სხვა, ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, ის გარკვეულწილად დაეხმარება ქართული ენით დაინტერესებულ ჩინურენოვან მომხმარებლებსაც.

სარედაქციო გუნდი აგრძელებს ლექსიკონზე მუშაობას და შემდეგ ეტაპად გეგმავს 60 ათას სიტყვამდე გაფართოებას. ასევე, იგეგმება ლექსიკონის პროგრამაში ახალი ფუნქციების ჩაშენება, მობილური აპლიკაციის შექმნა და სხვა. საბოლოო მიზანი კი არის, შეიქმნას უწყვეტად განახლებადი, არანაკლებ 100 ათასი სიტყვის შემცველობის მქონე დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი.

სარედაქციო კოლეგია ლექსიკონს უძღვნის საქართველოში სინოლოგიის ფუძემდებელს, ქალბატონ მალი ლიუ-ყანდარელს.

ლექსიკონი შექმნილია სინოლოგ ზურაბ მამნიაშვილისა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით.  

ლექსიკონზე მუშაობდნენ სინოლოგები: ზურაბ მამნიაშვილი, თათია სიორიძე, ნატალია მაისურაძე, თამარ მუჯირი, ელენე ყანდარელი, ნინო ტეტუნაშვილი, ლიკა გაბლიშვილი, მარიამ ასათიანი, ანა კონტრიძე.

წაკითხულია 246 ჯერ

Related items

  • ოქსფორდის ინგლისურენოვანმა ლექსიკონმა 2021 წლის სიტყვად „ვაქცინა“ დაასახელა

    ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი, რომელიც ყოველწლიურად ადგენს ყველაზე პოპულარულ ინგლისურ სიტყვებს,  2021 წლის სიტყვად „ვაქცინა“ დაასახელა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    სააგენტოს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო, 2021 წელს როგორც საზოგადოების სხვადასხვა ფენების ასევე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე მეტად „vax“, რომელიც ინგლისურად „ვაქცინის“ შემოკლებაა, იქნა გამოყენებული.

    დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით 72-ჯერ მეტი გამოყენებული ცნება „vax“, რომელიც „ვაქცინის“ შემოკლებაა და ლიტერატურაში 1980-იანი წლების შემდეგ შევიდა, მას შემდეგ ყველაზე მეტად 2021 წელს იქნა გამოყენებული.  

    ცნობისათვის, 2020 წელს, ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვად „სელფი“ და „პოსტ-ჭეშმარიტება“ დაასახელა.

     

  • ჩინეთში პირველად გამოიცა ჩინური ენის ლექსიკონის ქართულენოვანი ვერსიები

    „ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი“ 

    „ჩემი ჩინური ენის პატარა ილუსტრირებული ლექსიკონი“

    ჩინური ენის ამ ორი ლექსიკონის ქართულენოვანი ვერსიები წელს პირველად გამოიცა ჩინეთში ქ. პეკინში გამომცემლობა „ქომერშიალ პრეს“-ის მიერ. მთარგმნელი და ქართული ტექსტის რედაქტორია სინოლოგი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ელისო ელისაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლექსიკონები წლების მანძილზე დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა ათეულობით სხვადასხვა ენებზე, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც მოხდა ამ ლექსიკონების გამოცემა ქართულ ენაზე. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს ჩინეთის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის და კეთილგანწყობის კიდევ უფრო მატებაზე.

    „ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი“ მოიცავს 15 თემატურ ერთეულს, რომელთა ქვეშ დეტალიზებურია 142 სასაუბრო თემა და შესულია 4200 ხშირადგამოყენებადი სიტყვა. თემატიკა ძირითადად ხანპანის „ჩინური ენის სწავლების საერთაშორისო სასწავლო გეგმის“ მიხედვით განისაზღვრა და მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს. ხოლო „ჩემი ჩინური ენის პატარა ილუსტრირებული ლექსიკონი“ განკუთვნილია პატარა ბავშვებისთვის, შესაბამისად აღწერს ბავშვების ცხოვრების 70 რეალურ სცენას და სულ მოიცავს 1400 სიტყვას. ლექსიკონებში გამოყენებული მსუბუქი და სახალისო მეთოდები, ტრანსკრიფცია, მაგალითები, დანართები უზრუნველყოფს სიტყვების სწრაფ და ადვილ შესწავლას. ლექსიკონი მდიდარია როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ჩინეთის ცხოვრების და კულტურის ასპექტებით, რომელთა ერთობლიობა მკითხველის თვალწინ მთელი ჩინეთის პანორამულ ხედს შლის. გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ ლექსიკონებში შესულია ისეთი სიტყვებიც, რომლებიც საშუალებას იძლევა, სტუდენტი გაეცნოს და ჩინურ ენაზე გამოხატოს არ ამხოლოდ ჩინური კულტურისთვის დამახასიათებელი ინფორმაცია, არამედ სხვა ქვეყნების, მათ შორის ქართული კულტურის შესახებ ინფორმაციაც.

    ჯერჯერობით ლექსიკონები მხოლოდ ჩინეთის წიგნის მაღაზიებში და ინტერნეტ მაღაზიებში იყიდება. იმედია ქართველ ჩინური ენის შემსწავლელებს მალე მიეცემა მათი საქართველოში შეძენის შესაძლებლობა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური