ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 08 აპრილი 2022 11:46

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია წერს.

დისკუსია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

„ჩვენ ღია და გახსნილი ვართ დიალოგისთვის ბიზნესთან. მოველით, რომ მოვისმენთ ბიზნესისგან კონკრეტულ შემოთავაზებებსა და რეკომენდაციებს და მათ შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასეთი  გახსნილი დიალოგის პროცესი მოგვცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც გვთავაზობს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის  დაგეგმილზე ადრე გაკეთების მიზეზების შესახებ. მისი თქმით, ეს იყო საქართველოს მთავრობის მკაფიო განაცხადი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია ქვეყნის სუვერენიტეტის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ღირსეული ურთიერთობების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ხსნის ახალ ფურცელს ჩვენს ისტორიაში და ქართველი ხალხის საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანების მისწრაფების გაგრძელებაა,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

წაკითხულია 354 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის მხარდაჭერით, რეგიონებში ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“(RDYE) პროექტი გრძელდება

    საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და  ლიბერთი ბანკისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით,  ახორციელებს მასშტაბურ პროექტს -  „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)

    დღეს, „პულმან თბილისში“ საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  პირველ ეტაპზე მარტში 22 მეწარმე, ხოლო ამჯერად  1ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა.

    გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს  საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა, RDYE პროექტის დირექტორმა უჩა ვარამაშვილმა და ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.  ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური.

    ღონისძიების ფარგლებში, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელმა ახალგაზრდა მეწარმეებმა, რომლებმაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა და მოამზადეს ბიზნეს გეგმები, მონაწილეობა მიიღეს პროექტის საგრანტო კონკურსში და საკუთარი პროდუქციის გამოფენაზე წარმოადგინეს.

    ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახლგაზრული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.

    „RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობის მიმართულებით და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა. დღევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ეს კი დამატებითი ეკონომიკური სტიმული იქნება არამარტო გამარჯვებულთათვის, არამედ რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რათა გააქტიურდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ სათემო განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში.“ - უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის დირექტორი.

    ,,ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის  განვითარებაში.  პროექტის მიმდინარეობისას, გავიცანით ახალგაზრდა მეწარმეები ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეებით. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია კი ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი კომპანიები, გაძლიერდნენ და თავის წვლილი შეიტანონ რეგიონის გაძლიერებასა და მიმზიდველობაში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

    პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი. პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.

    ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად  ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.

    მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.

    „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.

    ლიბერთი,  ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

    ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.

    სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.

    ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

  • კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო კვლევები დაიწყო

    ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები დაიწო. პროექტმა „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 21კლინიკა და საქართველოს წამყვანი ექიმები ერთ სივრცეში გააერთიანა.

    ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც იყო 40 წლის და მეტის, აწუხებდა არტერიული წნევა ან აინტერესებდა, იყო თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ  ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაეტარებინა, ადგილზე გაევლო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაეღო კარდიოგრამა. პაციენტების მიღება დღეს 10:00-დან 18:00-მდე „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში დაიწყო და ხვალ 10:00 საათიდან გაგრძელდება.

    მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.  მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება.

    „გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს და ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    „გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს, რა დროსაც ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში და თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „სერვიე“  ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ  ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას,“ - აღნიშნავს კომპანია „სერვიეს“  დირექტორი საქართველოში მაია ხეცურიანი.

    ცნობისათვის, ხვალ 17 მაისს, 11:00 საათზე,  „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 პავილიონშიჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მედიასთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართება. ჰიპერტენზიის დღეს არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრებს და  კიდევ ერთხელ შეაჯამებს წლევანდელი კამპანიის შედეგებს ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი. დროული დიაგნოსტირების აუცილებლობაზე, ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე, დაავადების სიმძიმესა და სკრინინგის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიანკარდიოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე, ბოხუას სახელობის კარდიოპულმონური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფ. ზურა ფაღავა და გულ-სისხლძართვა კლინიკის ხელმძღვანელი, პროფ. თამაზ შაბურიშვილი. მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან უფასო გასინჯვების პროცესს, რომლებსაც კამპანიაში ჩართული კლინიკების წამყვანი კარდიოლოგები უძღვებიან.

    ღონისძიების საპატიო სტუმარია საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა, რომელიც მხარს უჭერს კამპანიას „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ და მონაწილეობას მიიღებს უფასო სკრინიგში.

     

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

    ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • ევროკავშირი: საქართველომ რუსეთის სახიფათო თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას!

    ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, შეუერთდეს საავიაციო სექტორში ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ დაუშვას არასაიმედო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ 11 მაისს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. 
    10 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა მოხსნა.
    პიტერ სტანომ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის ავიაციას სანქციები დაუწესეს და არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.
    „ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით“, — განაცხადა სტანომ. 
    მან ასევე დაურთო, რომ ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ამის გათვალისწინებით, სტანომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიაზე.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს

    ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

    ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.

    „ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

    ევროპული საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.

    საბჭოს ცნობით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში – 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი.

    ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

  • გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

    დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

    პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

    რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური