ილია დარჩიაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022 12:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს შეხვდა. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
უმაღლესმა წარმომადგენელმა წარმატება უსურვა მინისტრს მის მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის ღირებულ პარტნიორთან,  არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა წევრობის განაცხადის გაკეთების შემდგომ საქართველოს   ევროინტეგრაციის პროცესის ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე გადასვლას და უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადის გაკეთების შემდგომ გადადგა. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების აქტიური პროცესი და ხაზი გაესვა  იმ პროგრესს, რაც ქვეყანას გააჩნია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.
ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს, ისევე როგორც ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციულ მიზნებს ექნება ევროკავშირის მტკიცე და განგრძობითი მხარდაჭერა. 
უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს.
მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

წაკითხულია 95 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით

    გუშინ ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის  წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
    ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს  რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.  
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.
    საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.   
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას,  რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და  წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. 
    მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
    საქართველო, როგორც  საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების  ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას,  რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.
    საქართველო აქტიურად იმუშავებს  რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. 
    ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

  • ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

    ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

    რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

    "პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", აღნიშნულია ტექსტში. 

    პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

    ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან.

    უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცლოას მადლობა გადაუხადა "შესაბამისი სიმბოლური დადგენილების დღეს მიღებისთვის".

    "უკრაინა არის ევროკავშირის ქვეყანა. ჩვენ კი ამ ამ უფლებისთვის ვიბრძვით არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ იურიდიულ სფეროშიც", - წერს სტეფანჩუკი.

    წყარო: https://mtavari.tv/news/89822-evropulma-parlamentma-ukrainisa-moldovistvis 

  • „უკრაინის სახეები“ - ევროკავშირმა ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა

    „უკრაინის სახეები“ — ევროკავშირმა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა.

    მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა. მათი ნაწილი ქვეყნის მეტად უსაფრთხო რეგიონებში გადავიდა, ნაწილმა კი სახელმწიფო საზღვრები გადაკვეთა. 

    20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ავამოქმედეთ სპეციალური გვერდი, „უკრაინის სახეები“ (Faces of Ukraine). აქ იმ უკრაინელების ისტორიების გაცნობას შეძლებთ, რომლებიც ლტოლვილებად თუ იძულებით ადგილნაცვალ პირებად იქცნენ და მათ ამბებსაც შეიტყობთ, ვინც ქვეყნის დატოვება არ ისურვა. ამ ისტორიების საშუალებით თქვენ ევროკავშირის მიერ უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას. 

    გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინელების ერთი მესამედი გახდა იძულებული, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – დღეისათვის ეს მიგრაციით გამოწვეული უდიდესი მსოფლიო კრიზისია. ქვეყნის საზღვრები 7 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა. კიდევ 7 მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა, უკრაინის საზღვრებშივე შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე კიდევ დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია ჩარჩენილი. მათ წასვლა გადაადგილებასთან დაკავშირებული უზარმაზარი რისკის, ხიდების და გზების განადგურების ან იმის გამო არ შეუძლიათ, რომ არ იციან, როგორ მიაღწიონ უსაფრთხო ადგილებს. 

    „ზუსტად ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირის საზღვართან არსებული ქვეყნის 14 მილიონი მოსახლე რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გახდებოდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ადამიანების ყველაზე მასშტაბური გადაადგილებაა“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ლტოლვილთა საერთაშორისო დღის წინ გაკეთდა.

    ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავშესაფრით უზრუნველყვეს 6 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, რომლებიც, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში — პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში გადავიდნენ. ლტოლვილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

    დამატებითი ინფორმაცია

    უკრაინის სახეები (Faces of Ukraine)

    გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) – უკრაინელ ლტოლვილთა მდგომარეობა

    ლტოლვილთა საერთაშორისო დღე: ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება

  • ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    2022 წლის 17 ივნისს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა სედერფელტთან.
    შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ   საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
    მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც არაერთხელ გამოიხატა სხვადასხვა რეზოლუციებსა და განცხადებებში.  მხარეები შეეხნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარულ დახმარების შესახებ.
    საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ხაზი გაესვა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობას, რომლითაც საქართველოს გაეცა გაწევრიანების პერსპექტივა და  აღინიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.

  • 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა

    20 ივნისს რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაიკეტა და პარლამენტის წინ, აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყოა. ადგილზე მსვლელობით უკვე მიემართებიან სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს. 

    დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან:

    • რასა იუკნევიჩიენე;
    • მარკეტა გრეგოროვა;
    • ჟიგიმანტას პავილიონისი;
    • ანდრიუს კუბილიუსი;
    • ანა ფოტიგა.

    რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა.

    როგორც მანიფესტშია ნათქვამი, ისინი ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას.

    „მინდა, გაგაცნოთ ყველა იმ ძვირფას ადამიანთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში, შემუშავებული მანიფესტი და მიმართვა ყველას, თითოეულ თქვენგანს. ეს მანიფესტი მოიცავს შემდგომი მოქმედებების გეგმას. დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ, რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაუმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი და თუ თაობიდან თაობამდე ისევ და ისევ ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მომავალს ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს გადაშენება არ უწერია. აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია, ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით დავიწყებთ და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინაურობაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი თუ საჯარო მოხელე, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ გაღებული მსხვერპლი დამოუკიდებლობისთვის, გავერთიანდით ეროვნული მიზნით – საქართველო ევროკავშირში.

    ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარიო პრობლემა ეღობება, ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. აქ, ამ გამზირზე ერთად დგომით შეძლებს ჩვენმა ევროპელმა წინაპრებმა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. სწორედ აქ, ერთად დგომით შევძელით 1991 წლის 9 აპრილს და აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. 2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით თქვენ – ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას – სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტსა და მედიაგაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმრჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ, რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ. წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური