ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე - ი. სტოლტენბერგი

გამოქვეყნებულია სამხედრო
პარასკევი, 25 მარტი 2022 11:39

გუშინ, ბელგიის დედაქალაქ, ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გამართული, ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ, რომელსაც თურქეთის სახელით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებოდა, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ი. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში მკაცრად იქნა დაგმობილი რუსეთი, რომელმაც ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატოს ქვეყნების ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაცული იქნება.

სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა: „ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინას კიბერუსაფრთხოებითა და აღჭურვილობით დახმარება გავუწიოთ ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავის დასაცავად. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, რუსეთის ომის ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან თავი შეიკავოს. ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენება, მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ კონფლიქტი, რომ არ გადაიქცეს ომად ევროპაში და არ მოხდეს ომი ნატოსა და რუსეთს შორის“.  

წაკითხულია 146 ჯერ

Related items

  • თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ!

    ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ოთხთა სამიტზე თურქეთმა მიიღო ის, რაც სურდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდელენა ანდერსონი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხმხრივ შეხვედრაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

    პრესისათვის დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა მიაღწია იმის მიღებას, რაც სურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ მემორანდუმს ხელი, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

    საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში კი აღინიშნა: „ფინეთი და შვედეთი მკაფიოდ და ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას აღკვეთონ PKK-ს და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობა“.

    განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე ქვეყანამ გადაწყვიტეს გაზარდონ თანამშრომლობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთის მიზნით და რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად განიხილავენ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დეპორტაციის ან ექსტრადიციის მოთხოვნებს ინფორმაციის გათვალისწინებით.

    ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატოს მომავალი მოკავშირეები, არ დაუჭერენ მხარს PYD/YPG-ს და თურქეთში FETÖ-ს სახელით განსაზღვრულ ორგანიზაციას და აღინიშნა, რომ ხსენებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონმდებლობის არბიტრაჟს განახორციელებს.

    ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ეროვნული იარაღის მიმართ ემბარგოს აღარ დააწესებენ.  

  • ნატო თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი მუშაობენ თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი წევრობა ძალიან მოკლე დროში შეუძლებელია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    საინფორმაციო საიტის Politico-ს პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრობისთვის განაცხადების შესახებ ალიანსში არაერთხელ გამოითქვა განსხვავებული შეხედულებები.

    სტოლტენბერგმა საკითხთან დაკავშირებით მაგალითებად მოიყვანა 1950-იანი წლების სუეცის კრიზისი, 1960-იან წლებში საფრანგეთის გამოყოფა ნატოს სამხედრო ფრთისგან, 1970-იან წლებში ომები აფრიკასა და ვიეტნამში და მოკავშირეებს შორის განსხვავებული დამოკიდებულება ერაყის ომთან მიმართებაში.

    „ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვართ 30 სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა გეოგრაფიით, განსხვავებული ისტორიით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებით ხელისუფლებაში. მიუხედავად ყველა უთანხმოებისა, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ „დაიცვან ერთმანეთი“. მე მჯერა, რომ ჩვენ შეთანხმებულები ვართ ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის დავსხდეთ და მოვაგვაროთ მოკავშირეების მიერ გამოთქმული უთანხმოება და შეშფოთება, როგორც ამას აკეთებს ახლა თურქეთი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი არის ერთადერთი ნატოს მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ტერორისტული თავდასხმებით. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება სირიას და ერაყს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხშიც ყველაზე დიდი წვლილი მათ შეაქვთ. როდესაც თურქეთი გამოთქვამს თავის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსხდებით და ვეცდებით მათ გამოსწორებას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც საშუალებას მისცემს ფინეთს და შვედეთს გახდნენ ალიანსის წევრები რაც შეიძლება მალე“, აღნიშნა სტოლტენბერგმა.

     

  • უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

    ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, უკრაინის მხარდაჭერი საკონტაქტო ჯგუფის ნატოში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გზავნილი მიიღეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    ნატოში გაკეთებული განცხადებით, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომის დაწყებამდე ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მასპინძლობით გუშინ გამართულ შეხვედრაზე 45 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.

    შეხვედრაზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდნენ, განიხილეს უკრაინის გადაუდებელი სამხედრო მატერიალური საჭიროებები.

    იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოხარულია უკრაინისადმი მოკავშირე ქვეყნების ახალი დახმარებების განცხადებებით და რომ ნატოს ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო მასალების, მათ შორის მძიმე შეიარაღებისა და შორი მანძილის მოქმედების სისტემების მიწოდებას.

    სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ესპანეთში, მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის მასშტაბური დახმარების პაკეტზე.

    უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფი, უკრაინის მხარდაჭერის კოორდინაციისთვის მანამდე ორჯერ შეიკრიბა.

  • თავდაცვის უწყებაში გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტის მიზანს გერმანია-საქართველოს შორის სამხედრო - პოლიტიკური დიალოგის წარმართვა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს. გერმანიის დელეგაციის წევრებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გენერალურ შტაბში უმასპინძლა, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები თავდაცვის სამინისტროში განიხილეს. 

    შეხვედრებზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ მოქმედებებზე იმსჯელეს. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ასპექტებზეც. ქართულმა მხარემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესებსა და თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზე. 

    აღინიშნა, რომ გერმანიის პრაქტიკული დახმარება თავდაცვის სფეროში ორ ათწლეულზე მეტია წარმატებით ხორციელდება, მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა გერმანული მხარის მნიშვნელოვან წვლილზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების საქმეში. 

    გერმანია ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი ქვეყანაა და არსებითი პაკეტის ფარგლებში სამ ინიციატივას ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია გერმანიის ფინანსურ კონტრიბუცია ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდში. 

  • ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადება

    ნატო, ბალტიის ზღვაში მრავალი ქვეყნიდან ათობით სამხედრო ხომალდის, საბრძოლო თვითმფრინავისა და 7000 ჯარისკაცის მონაწილეობით წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ნატოს განცხადებით, 51-ე საზღვაო წვრთნები „ბალტიის ოპერაციები 22“ (BALTOPS22) 5-17 ივნისს ჩატარდება.

    სამხედრო წვრთნებში თურქეთის გარდა, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებენ მონაწილეობას.

    სწავლებაში 45 ხომალდი, მინიმუმ 75 თვითმფრინავი და დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.

    წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ბალტიის რეგიონში სანავიგაციო თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებას, სწავლებები ჩატარდება ამფიბიურ ოპერაციებში, სროლის ტექნიკაში, წყალქვეშა გემების წინააღმდეგ ოპერაციებში, საჰაერო თავდაცვის მანევრებში, განაღმვაში, ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფაში, უპილოტო წყალქვეშა აპარატების მართვასა და სამედიცინო ჩარევებში.

    წვრთნებს BALTOPS22-ს, რომელიც პირველად 1972 წელს ჩატარდა და ყოველწლიურად იმართება, წელს შვედეთი უმასპინძლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური