„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2022 14:51

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ.

ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ - არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ ნაციონალური მოძრაობის სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად,  ღიად ისაუბრონ ამაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს.

ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე", - ნათქვამია ი. კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხულია 264 ჯერ

Related items

  • „დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“ - კახა ოქრიაშვილი
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
    მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
    დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
    ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
    დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად“?!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "10 წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. თბილისის ცენტრში უკვე  წლებია, მუშაობს „ქოლცენტრები“, სადაც დასაქმებულია ასობით ადამიანი. თურმე, მფლობელი  ბატონი კეზერაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეა და მისი „ქოლცენტრები“ დედაქალაქის ცენტრში წლებია, მუშაობს? და სად არიან ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავები? ამას იდიოტსაც ვერ დააჯერებენ -  თუმცა „ოცნებას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს დააჯერებს.

    ვერცერთი უკანონო „ქოლცენტრი“, ვერცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე. აღნიშნული „ქოლცენტრი“ კი არა ჩვენმა, არამედ გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს.

    ასე რომ, დიდი ალბათობით, „ქოლცენტრები“ ეკუთვნით სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და ჩნდება კითხვა:  „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!

    „ოცნებასთან“ არადაახლოებული პირი საქართველოში „ქოლცენტრს“ ვერ ამუშავებს!", აღნიშნულია განცხადებაში.

  • ოქრიაშვილი „ოცნებას“: 2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე ოპოზიციაში გაგიშვებთ რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ ოცნებას“ ახალი მესიჯი აქვს, რომელიც ბატონი კობახიძის მეშვეობით გაახმოვანა: სიღარიბეს დავამარცხებთ 2030 წელს და კარგი იქნება, თუკი ევროკავშირის წევრები გავხდებით 2035 წელს. მაშინვე ბატონი ივანიშვილის პროგნოზი გამახსენდა, რომ 2016 წელს ყველას ჯიბეზე უნდა შეტყობოდა ცვლილებები, 2017 წელს კი თითოეულ ოჯახს მდიდრულად,  წალკოტში უნდა ეცხოვრა და უფასო ფული, უფასო შუქი, უფასო გაზი უნდა ჰქონოდა.

    2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე „ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, ან რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით; მაგრამ თუ გაბედეს და გააყალბეს არჩევნები, მაშინ ვწინასწარმეტყველებ საპროტესტო, რევოლუციურ გამოსვლებს და „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმებას.

    რაც შეეხება საქართველოს წევრობას ევროკავშირში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს არასდროს მოხდება! მსოფლიოსა და ევროპაში პოლიტიკური ამინდი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებიდან 1-2 წელიწადში, საქართველო არამარტო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

    P.S ივანიშვილ-კობახიძემ თავადაც კარგად იციან, რომ სამთავრობო ცვლილებები გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ისინი თავიანთ მომხრეებს აჯერებენ!", აღნიშნულია განცხადებაში.  

     

  • „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან"
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
    "დღეს პოლიტიკურ სივრცეში ითვლება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, „ქართული ოცნება“ და ყველა დანარჩენი პარტია ოპოზიციურია.
    სინამდვილეში, ეს ასე არ არის. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურია, მაგრამ რეალურად, ყოველდღიური საპარლამენტო და არასაპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი „ოცნების“ მოკავშირეები არიან.
    არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ან პიროვნულად შევეხო, მაგრამ ელისაშვილის „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული რამდენიმე ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოკავშირეები არიან. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ამბობს, ოპოზიციონერები ვართო - თუ მმართველი პარტიის მოკავშირე ხარ, მაშინ როგორ ხარ ოპოზიციონერი?!
    მომავალ არჩევნებში, ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მთავარი ამოცანაა, არ მოტყუვდეს და ხმა იმ პარტიებს არ მისცეს, ვინც რეალურად ოპოზიციური ხმებით მოპოვებულ მანდატებს „ქართული ოცნების“ კალათაში მიიტანენ!
    რა უნდა გაკეთდეს: თითოეულმა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, თუ გნებავთ, დაიფიცოს, რომ არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ მთავრობას, რადგან მომავალი მთავრობა ყველა ვარიანტში კოალიციური იქნება!
    ეს ყველამ უნდა დააფიქსიროს, რადგან ისე არ აღმოჩნდეს, როგორც წარსულში - როცა „გირჩმა“ მოიპოვა ოთხი მანდატი, უცებ, ორ პარტიად გაიყო და ნაწილი „ოცნების“ მოკავშირე გახდა, ხოლო „გირჩი - მეტი თავისუფლება“ პარლამენტსგარეთ დარჩა. რა გარანტია გვაქვს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ისევ 4 მანდატს არ აიღებს, მაგრამ ზურა ჯაფარიძე ისევ გარეთ არ დარჩება?! ან რა გარანტია გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ისევ არ მოხვდებიან ადამიანები, ვინც დატოვებენ პარტიას და კვლავ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში აღმოჩნდებიან?!
    რადგან არ გვაქვს გარანტია, მთავარი ამოცანაა, რომ ამ საკითხებს ამომრჩეველმაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც ყურადღება მიაქციოს!
    ყველა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს, ითანამშრომლებს თუ არა მომავალში „ქართულ ოცნებასთან“, მის მიერ მოპოვებული მანდატების დამატებით, თუ შექმნის კოალიციას ახალ პროდასავლურ მთავრობასთან. თუმცა აქვე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და გააკეთოს ანალიზი - დაუჯერებს თუ არა კონკრეტულ პარტიებს და პერსონებს.
    მიმაჩნია, რომ ყველა პარტია, მით უმეტეს, მსხვილი, უნდა ეცადოს და დამოუკიდებლად მოიპოვოს საპარლამენტო მანდატები. ეს განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან.
    მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი დროა, ჩემი ვარაუდით, 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, გარდა ორი დიდი პარტიისა, „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, აქვთ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „ლელოს“ და როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს, ხოშტარიას „დროა“-ს და ვაშაძის „სტრატეგია“-ს", - ნათქვამია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "ვეხმაურები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს - DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას.

    არსებული ცვლილებები არ არის ის ძირეული რეფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას სჭირდება. დარგს და ქვეყანას ესაჭიროება საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა, ფარმაცევტული კომპონენტით, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები სავალდებულო წესით შეიძენენ ჯანდაცვის საბაზისო საოჯახო პაკეტს. საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს კი, საოჯახო დაზღვევის პაკეტს შეუძენს სახელმწიფო, სრულად ან ნაწილობრივ, სპეციალური შკალით, ამ ოჯახების შემოსავლისდა მიხედვით.

    მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, რა განფასებებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო დარგს.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანდაცვაში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ფარმაცევტული სექტორი)  ხარჯების 50 %-ზე მეტი მოდის სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. რადგან ჯანდაცვის სისტემის მთავარი დამკვეთი არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რეალურად არეგულირებს ფასებს, ამ ცვლილებამ უნდა მოიცვას ხელფასების რეგულაციაც. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს შესაბამისი გათვლები და შემოიღოს დაახლოებით ასეთი  სახელფასო ნიხრები:

    • ექთნის მინიმალური ანაზღაურება -  1 200 ლარიდან.
    • აფთიაქში დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტის ხელფასი -  1500-1800 ლარიდან.
    • ოჯახის ექიმის ხელფასი - 3 000 ლარიდან.

     ხელფასების ზრდის გარეშე, დარგში იქმნება კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი. უკვე დღეს, კვალიფიციური ექთნების რაოდენობა ქვეყანაში არანაირ ნორმას არ შეესაბამება. რატომ: იმიტომ, რომ არ არის ღირსეული ანაზღაურება! კვალიფიციური ექთნები მიდიან საზღვარგარეთ, სადაც მათ სიამოვნებით იღებენ და მათი შემოსავალი 1000-დან 2000 ევრომდე მერყეობს.

    აქვე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს და შემოიღოს მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით. ასევე,  უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც დღეს 250 ლარამდეა, არ არის რელევანტური და როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 ლარს.

    ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!", - ნათქვამია განცხადებაში.   

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური