„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 მარტი 2022 15:14

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ. 

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება.

გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს, საკითხების უტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი:

როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა. საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ - მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ - განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა.

გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის.

სინამდვილეში, მათ, იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია მ. მდინარაძის განცხადებაში.

წაკითხულია 224 ჯერ

Related items

  • რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა, წერს 'ტრტ-ქართული".

    ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების მოსახლეობას და აუწყა, რომ ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაწილობრივი სამობილიზაციო ღონისძიებები დღეიდან (21 სექტემბერი) დაიწყება. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს „დათრგუნოს სუვერენული, დამოუკიდებელი განვითარების ცენტრები და გაანადგუროს რუსეთი“.

    „სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. თუ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

     

  • ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ წვრთნებზე შეთანხმდნენ

    ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭომ გაავრცელა.

    „მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე, გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

    აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ჩინელ კოლეგებთან უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

    წყარო: https://1tv.ge/news/roiteri-chineti-da-ruseti-samkhedro-tanamshromlobis-gaghrmavebasa-da-ertobliv-wvrtnebze-shetankhmdnen/

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ

    „თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.
    პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.
    ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია.
    „დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.
    მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • კახა ოქრიაშვილი: „NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა“!

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "გამოქვეყნდა NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევის შედეგები. რომ შევაჯამოთ:

    1. მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს აქვს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა, ვიდრე 5 წლის წინ. ჯამში, 80%-ს გაუარესებული აქვს ფინანსური მდგომარეობა. ეს 20 % კი ის ხალხია, ვინც ფულს „ქოცობით“ შოულობს.
    2. ამ 20 %-ს ემატება ის თავგზააბნეული 8 %, ვისაც იმედი აქვს, რომ „ქოცობით“ ისინიც ფინანსურად იქნებიან უზრუნველყოფილი.  გამოდის, რომ „ქართულ-რუსულ ოცნებას“, ჯამში, აქვს მაქსიმუმ 28 %-იანი მხარდაჭერა. მოსახლეობის 72 %-ს სურს ცვლილება და ეს ცვლილება გარდაუვალია!

    NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა!", - ნათქვამია განცხადებაში.  

  • ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აფასებს უკრაინის საკითხზე პეკინის დაბალანსებულ პოზიციას

    სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს განუცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, ეწინააღმდეგება აშშ-ის „პროვოკაციებს“ ტაივანის სრუტეში და აფასებს ჩინეთის „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხზე.

    ორი ლიდერი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო.

    „ჩვენ ძალზედ ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგებია თქვენი კითხვები და შეშფოთება ამ საკითხზე. ჩვენი შეხვედრის დროს, ცხადია, ჩვენ განვმარტავთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/vladimer-putini-ruseti-afasebs-ukrainis-sakitkhze-pekinis-dabalansebul-pozicias/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური