"ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს" - საქართველოს მთავრობის მეთაური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2022 17:42

დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული.

საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა" სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია.

ისტორიამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს წინსვლას ამ მიმართულებით და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

დღეს საქართველო, ისე როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირთან.

2014 წელს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ხელი მოვაწერე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რათა წარმატებით დაგვეწყო სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ჩაგვეყარა მტკიცე და მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის საბოლოო ევროპეიზაციისთვის.
საამაყოა, რომ 2014 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრულობითა და საზოგადოების მხარდაჭერით საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, წარმატებით ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ევროკავშირთან სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით.

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ვამკვიდრებთ ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.

თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ. ქვეყნის მოდერნიზაცია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მთელ რიგ სექტორებში შეუქცევადი გახდა.

შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს.

ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თორემ, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.

ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.

საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა შექმნა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუცია ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებსაც კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა.

1991 წელს აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განსაზღვრა.
ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისათვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

დასასრულს, მინდა მოვიშველიო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის ავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელის) სიტყვები, ადამიანის, რომელმაც გაუსწრო დროს და ერთიანი ევროპის იდეით შეპყრობილმა იწინასწარმეტყველა კიდეც ევროგაერთიანება: „საქართველომ იცის, რომ ევროპას ეკუთვნის. ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები. საჭიროა, საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპაში და დასავლურმა ერებმა მიიღონ საქართველო თავიანთ ოჯახში".

ეს სიტყვები, ისე როგორც არასდროს, პასუხობს დღევანდელ რეალობას. იმედი გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

წაკითხულია 199 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე. "ჩემთვის დიდი პატივია, ქართველი ხალხის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას კიდევ ერთხელ მოგმართოთ.

    დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.

    მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.

    2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.

    დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.

    ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ.

    ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის  შეხვდა.
    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო.

    აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.

    აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
    მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

    ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.

    მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

    საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

    გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.

    საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
     მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ

    „თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.
    პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.
    ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია.
    „დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.
    მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური