მსოფლიოში 7 ადამიანიდან 6 დაუცველობას განიცდის, იუწყება UNDP-ის ახალი ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 თებერვალი 2022 16:23

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობაში დაუცველობის განცდა მატულობს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გაზრდა და განვითარების სტრატეგიების გადახედვაა.

8 თებერვალი, ნიუ იორკი– გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ახალი გლობალური ანგარიში „ადამიანური დაცულობა ანთროპოცენის ეპოქაში“გამოაქვეყნა. ამ გლობალური კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, მსოფლიოში ადამიანური განვითარების მაჩვენებლების ზრდა აღინიშნებოდა, თუმცა ამას დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის გამყარება არ მოჰყოლია.

UNDP-ის კვლევა აჩვენებს, რომ დაცულობის განცდა დაბალია თითქმის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ეკონომიკურად შეძლებულ საზოგადოებებშიც. ათი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ადამიანების შფოთვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი მატულობს.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, აუცილებელია ადამიანებსა და ქვეყნებს შორის სოლიდარობის გაზრდა და განვითარების მიმართ ახალი მიდგომების გამონახვა. ამის შედეგად, ადამიანები შეძლებენ ღირსეულ არსებობას დაუკმაყოფილებლობის, შფოთვისა და შიშის განცდის გარეშე.

„კეთილდღეობის გლობალური მაჩვენებელი დღეს იმდენად მაღალია, როგორც არასდროს. თუმცა, ადამიანები მომავალს მაინც შიშით უყურებენ. სავარაუდოდ, ეს პანდემიის შედეგია“, - განაცხადა UNDP-ის ადმინისტრატორმა აჰიმ შტაინერმა.

„კაცობრიობა ცდილობს, რომ ეკონომიკის შეუზღუდავ ზრდას მიაღწიოს, მაგრამ ამ გზაზე თავის ბუნებრივ გარემოს ანგრევს. ჩვენ ასევე არ ვზრუნავთ უთანასწორობის შემცირებაზე, როგორც ქვეყნების შიგნით, ისე ქვეყნებს შორის. დროა თვალი გავუსწოროთ ამ რეალობას, ვაღიაროთ, რომ გაუსაძლისი სტრესის პირობებში ვარსებობთ და ხელახლა გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს პროგრესი სინამდვილეში. მსოფლიოს სჭირდება განვითარების ახალი მოდელი, რომელიც ჩვენი პლანეტის დაცვისა და აღდგენის იდეის გარშემო იქნება აგებული და ამავდროულად, ყველა ადამიანისთვის ახალი და მდგრადი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს“, - დასძინა აჰიმ შტაინერმა.  

UNDP-ის კვლევის შედეგებით ასევე ირკვევა, რომ პანდემიის ფონზე, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობა და ადამიანური განვითარების სხვა მაჩვენებლები მეორე წელია კლებულობს. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომავალი ათწლეულების მანძილზე სწორედ კლიმატის ცვლილება იქნება. ემისიების ნაწილობრივი შემცირების მიუხედავად, ამ საუკუნის ბოლომდე, გლობალური ტემპერატურის ცვლილებასა და ამ პროცესის თანმხლებ მოვლენებს, შესაძლოა, 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

UNDP-ის ანგარიში განიხილავს კაცობრიობის განსაკუთრებით მძაფრი საფრთხეების მთელ ჯგუფს, რომელმაც გასული წლების მანძილზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. აქ შედის ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, მზარდი უთანასწორობა, კონფლიქტები და ჯანდაცვის სისტემების არსებული შესაძლებლობები, სათანადო პასუხი გასცენ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა დაცულობა, გაძლიერება და სოლიდარობა გათვალისწინებული იქნება პოლიტიკის შექმნისას. ამის შედეგად, ადამიანთა უსაფრთხოება, პლანეტის დაცვა და ადამიანური განვითარება ერთ წრედ შეიკვრება და იმუშავებს ერთიანად და არა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, ერთი პრობლემის გადაწყვეტა სხვა პრობლემებს აღარ გაამწვავებს.

„გლობალური სოლიდარობისა და საერთო დაცულობის იდეა ანგარიშში ხაზგასმული პრაქტიკული ქმედების ძირითადი ელემენტია. საერთო დაცულობის კონცეფცია გულისხმობს, რომ ცალკეული საზოგადოება ბოლომდე დაცული ვერ იქნება, თუ მეზობელი საზოგადოებებიც დაცულები არ არიან. მიმდინარე პანდემია ამის ნათელი მაგალითია. ცალკე აღებულ ქვეყნებს უბრალოდ ძალა არ შესწევთ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება საკუთარი საზღვრებით შეაჩერონ“, - აღნიშნა ასაკო ოკაიმ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის კრიზისების ბიუროს დირექტორმა.

UNDP-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაუცველობის განცდა უშუალო კავშირშია ნდობის შემცირებასთან. ადამიანები, რომელთაც დაუცველობის ძლიერი განცდა ახასიათებთ, სხვებს სამჯერ ნაკლებად ენდობიან.

 

UNDP-ის ანგარიშის „ადამიანური დაცულობა ანთროპოცენის ეპოქაში“ სხვა მიგნებები:

  • მაღალგანვითარებული ქვეყნები უფრო მეტად იყენებენ პლანეტაზე განხორციელებული წნეხის შედეგად მიღებულ სარგებელს, მაგრამ ნაკლებად განიცდიან ამ პროცესის უარყოფით შედეგებს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო აღრმავეს ქვეყნებს შორის ისედაც არსებულ უთანასწორობას.
  • დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში კონფლიქტით დაზარებულ რეგიონებში ცხოვრობს. აქედან, დაახლოებით ნახევარი (560 მილიონი) ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც, ტრადიციული გაგებით, მოწყვლადი ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონფლიქტის მიმართ დაუცველი ქვეყნების განმარტება გადახედვას საჭიროებს.
  • 2021 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობის გლობალური მაჩვენებელი კლებას განაგრძობდა. ეს ტენდენცია უკვე მეორე წელია აღინიშნება და კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლიობა საშუალოდ წელიწადნახევრით შემცირდა. ეს იმის ფონზე მიმდინარეობს, რომ მთელს მსოფლიოში, მთლიანი შიდა პროდუქტი უპრეცედენტოდ გაიზარდა, ხოლო COVID-19-ის ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი იყო ქვეყნების უმეტესობაში.  
  • სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს შორის საგრძნობი განსხვავება აღინიშნება, რომელიც დღითიდღე ღრმავდება. ჯანდაცვის უნივერსალიზმის ინდექსის მიხედვით, დაბალი და მაღალი ადამიანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს შორის განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა 1995-2017 წლებში.        

 

ადამიანური დაცულობის კონცეფცია ადამიანური განვითარების ანგარიშში პირველად 1994 წელს იყო ნახსენები. ამ ხედვის მიხედვით, ადამიანური დაცულობა არა მხოლოდ ტერიტორიულ უსაფრთხოებას, არამედ საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ღირსებასა და სოციალურ დაცულობას ეყრდნობა.

 

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებ-გვერდზე.

წაკითხულია 307 ჯერ

Related items

  • ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა
    დღეს იაპონიის ქალაქ საიტამაში ქალთა კატეგორიაში მოკლე პროგრამით 35 -მა მოციგურავემ იასპარეზა. მათ შორის 24 სპორტსმენი მოკლე პროგრამის შედეგების გათვალისწინებით მონაწილეობას მიიღებს თავისუფალ პროგრამაში, რომელიც პარასკევს, 24 მარტს გაიმართება.
    ჩვენი ქყვეყნის წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა და კარგ შანსს ინარჩუნებს ორი პროგრამის ჯამში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოსახვედრად.
    ანასტასია გუბანოვა მე- 3 ჯგუფში მე- 14 ნომრად იასპარეზებს. თავისუფალ პროგრამაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.
    მოკლე პროგრამის შემდეგ ქალთა კატეგორიაში 79.24 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო ლიდერობს.
    თავისუფალი პროგრამა კი შეგიძლიათ იხილოთ , 24 მარტს 12:20 საათიდან ქვემოთ მითითებულ ლინკზე:
  • პრეზიდენტი - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.

    პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.

    საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას. 

    საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა. 

    ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.

    საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

    გაერთიანებული  ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.

    საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

    კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

    გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ  და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

    მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად  და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.

    მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში

  • ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა: საქართველოში ლგბტქი+ პირების პერსონალურ მონაცემებს ხშირად ემუქრება გასაჯაროება

    საქართველოში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ხშირად ასაჯაროებენ ჟურნალისტები და შედარებით იშვიათად — ჯანდაცვის მუშაკები, სამართალდამცავი უწყებები და ადვოკატები. ეს არის იმ კვლევის დასკვნა, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩაატარა.
    კვლევა, „ლგბტ+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობა საქართველოში“, ლგბტქი+ პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევებს შეისწავლის. ამასთან, ის საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო თუ კერძო სექტორებისთვის გასცემს რეკომენდაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ასამაღლებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად. 
    მაგალითად, კვლევამ დაადგინა, რომ მედია და ჟურნალისტები ხშირად ასაჯაროებენ ლგბტქი+ თემის წევრების სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას — მათ შორის ამ ადამიანების თანხმობის გარეშე და არასათანადო ფორმით. 
    ჯანდაცვის სექტორში ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემები რიგ შემთხვევებში არაკანონიერად მუშავდება — მათ შორის არაოფიციალური (პირადი) მიზნებით. ანგარიშისვე თანახმად, მონაცემები თემის წევრებისგან ღირსების შემლახავი ფორმით იკრიბება.
    მსგავსი პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ამუშავებენ ლგბტქი+ თემის წევრების მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. არის შემთხვევები, როცა ლგბტქი+ პირებისგან გამოკითხვისას მიღებული და/ან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია არაუფლებამოსილ მესამე პირებს გადაეცემათ. 
    ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ადვოკატები მედიასთან საუბრისას და/ან სოციალური ქსელის გამოყენებით არაეთიკური, ღირსების შემლახავი ფორმით თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ასაჯაროებენ სასამართლო პროცესის მონაწილეთა პერსონალურ ინფორმაციას — მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ცნობებს. 
    კიდევ ერთი პრობლემაა სამუშაო ადგილზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხი, ვინაიდან დამსაქმებლები ხშირად ათავისუფლებენ სამსახურიდან ლგბტქი+ პირებს, როდესაც მათი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ იღებენ ინფორმაციას. 
    კვლევის დასკვნის თანახმად, ლგბტქი+ პირები თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვისა თუ კონფიდენციალურობის და  მონაცემთა დაცვის მექანიზმების შესახებ შეზღუდულ ინფორმაციას ფლობენ და, დასჯის შიშით, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო და საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართავენ.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ლიდერების გარეშე მიმდინარეობს

    შვეიცარიის ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 53-ე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დავოსის სამიტი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    მიმდინარე წლის სამიტის თემა გახლავთ, „თანამშრომლობა ფრაგმენტულ სამყაროში“. ფორუმს აერთიანებს 2700-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან 30 ქვეყნიდან, 50 არის სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური. ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სამყაროს მრავალი წარმომადგენელი, 20 იანვრამდე გაგრძელდება.

    ლიდერების გამოსვლები და სესიები კი სხვადასხვა სფეროში დღეს დაიწყება.

    სამიტზე, თურქეთის ოფიციალური მონაწილეობა არ იქნება. ფორუმში ლიდერების დონის მონაწილეობა არ იქნება ასევე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი.

    მეორეს მხრივ, კლიმატის აქტივისტებმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და კლიმატის ცვლილება გუშინ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორუმი მხოლოდ ეკონომიკური მიზნებისთვის არის ორგანიზებული და კლიმატის ცვლილებისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე არ ზრუნავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური