რაგბი ევროპა 2022 | საქართველო VS პორტუგალია - 25:25
რაგბი ევროპა 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 6 თებერვალს, თბილისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და ეს საინტერესო მატჩი ფრედ - 25:25 დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს "ბორჯღალოსნების" მესამე ფრეა, რომელიც ამ გუნდებს შორის გამართულ 23 შეხვედრაში დაფიქსირდა. 2006 წელს თამაში ლისაბონში 11:11, ხოლო 2009 წელს კი თბილისში 20:20 დამთავრდა.
პორტუგალიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაღალი დონის თამაში აჩვენეს და თბილისიდან ქულების წაღება დაიმსახურეს. რაც შეეხება, "ბორჯღალოსნებს", ისინი თავდადებით იბრძოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
აქვე იმის დამატება შეიძლება, რომ ტრავმებისა და კოვიდ-პანდემიის გამო, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს რამდენჯერმე მოუწია გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილების შეტანა და მზადებამაც ფორს-მაჟორულ ვითარებაში ჩაიარა.
პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ლევან მაისაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შესძლეს საკუთარ პოზიციებზე პირველი ნომრის მოთამაშეების ჩამოყვანა. ჯამში, საქართველოს ნაკრებს 11 ასეთი მოთამაშე გამოაკლდა და ამის ძირითადი მიზეზი კოვიდი გახდა. "რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველ დღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კოვიდი ქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერცერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ“, - აღნიშნა ლ. მაისაშვილმა.
“ბორჯღალოსნები” მომდევნო თამაშს 27 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ, 20 მარტს კი – ესპანეთს დაპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასთანა და ესპანეთთან მატჩები ავჭალის სტადიონზე დაიგეგმა, რუსებთან შერკინებას კი "დინამო არენა" მიიღებს.
რაც შეეხება საგარეო მატჩებს, ქართველი მორაგბეები 12 თებერვალს ამსტერდამში ნიდერლანდებთან ითამაშებენ, 12 მარტს კი, ბუქარესტში, რუმინეთთან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი 2021 წლის შეჯიბრთან ერთად, პარალელურად მსოფლიოს თასის (2023) საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრები ხუთიდან ხუთი მოგებით ლიდერობს (24 ქულა) და უდიდესი ალბათობით, ევროპა 1-ის სახელით მოიპოვებს მსოფლიოს თასის საგზურს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და საკვალიფიკაციოდან მოხვედრილ კიდევ ერთ გუნდთან ერთად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ეს სამეული 2019 წლის მსოფლიო თასზეც “ბორჯღალოსნების” ჯგუფში იყო.
გიორგი ოთინაშვილი