პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა (ვიდეო)
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა - პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე, „ჩიტის ბუდეში" აინთო თამაშების მთავარი სიმბოლო - ოლიმპიური ცეცხლი. 14 წლის შემდეგ ჩინეთის დედაქალაქი კვლავ ოლიმპიური თამაშების მასპინძელია და ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიღების პატივი ერთ ქალაქს ერგო.
ტრადიციისამებრ, მონაწილე ქვეყნების აღლუმი გახსნეს ბერძნებმა, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა. დანარჩენი 90 მონაწილე ქვეყანა აღლუმზე წარსდგა ჩინური ანბანის მიხედვით. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ჩვენი ქვეყნის დროშით მოუძღოდნენ სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
მასპინძლებმა წარმოადგინეს თვალწარმტაცი და ორიგინალური ორსაათიანი სანახაობა. ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას და ფართო ტელეაუდიტორიას სიტყვით მიმართეს პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ცაი ძიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი