4 თებერვლიდან ჩინეთის დედაქალაქი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს
გამოქვეყნებულია
ჩინეთი
პარასკევი, 04 თებერვალი 2022 11:34
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პეკინის „ეროვნულ სტადიონზე“ თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ოლიმპიადის თილისმად შეარჩიეს გიგანტური პანდა, ბინ დუნ დუნი, რომელსაც ყინულის „კოსტიუმი“ აცვია. ოლიმპიადაზე 95 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის 15 დისციპლინაში, მათ შორის : ბიატლონში, ყინულის ჰოკეიში, ციგურებით სრიალში, სათხილამურო სპორტში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები-http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=132
1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).
2. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).
3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).
4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).
5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.
6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.
7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა.
საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე - http://geonoc.org.ge/files/Niusebi/PDF/Ganrigi.pdf
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.