AFD-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს სესხის თანადაფინანსებას საქართველოს წყალმომარაგების რეფორმისთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022 16:23

28 იანვარს საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 30 მილიონი ევროს პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს საქართველოს მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად. ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში  სესხს  ხელი მოაწერეს  AFD-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების  სექტორის მმართველობის გაძლიერების გზით.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს30 მილიონი ევროს ოდენობის სესხი წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პოლიტიკაზე დაფუძნებული  სესხის მეორე ტრანშის თანადაფინანსებას.

გარდა აღნიშნული სესხისა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას 500 000 ევროს ოდენობის FEXTE-ის გრანტის მეშვეობით.

„საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიზანდასახულობა, ჰქონდეთ ევროპული სტილის სახელმწიფო და ეკონომიკა, აღმაფრთოვანებელია. ჩვენ საფრანგეთში და ევროკავშირში ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მხარი დავუჭიროთ ამას წყლის მართვის შესახებ საჯარო პოლიტიკის სესხზე ხელმოწერით. ეს გააუმჯობესებს მმართველობას, გააუმჯობესებს ადგილობრივი ინსტიტუტების დემოკრატიულობის დონეს და ამით უზრუნველყოფს საჯარო სერვისების უკეთეს მიწოდებას“, - განაცხადა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.

“მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას. საფრანგეთი არის განვითარების მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, დახმარების დროული და ეფექტური მიწოდებით AFD-ის მეშვეობით, ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად. AFD-სა და საქართველოს შორის მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების პროგრამისთვის საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი ილუსტრაციაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შეთანხმების მიზნები, რომელიც არის მმართველობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, მათ შორის, ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მმართველობის გაძლიერება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა საქართველის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, ქალბატონმა სესილ კუპრიმ აღნიშნა, რომ „ამ პროექტის შესახებ საკრედიტო შეთანხმების ხელმოწერა, ტექნიკური დახმარების კომპონენტთან ერთად, ადასტურებს AFD-ის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ამბიციური რეფორმების გატარების პროცესში. ეს აჩვენებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ ერთად ქვეყანაში უფრო მდგრადი და სამართლიანი წინსვლისთვის. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ”

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)        

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD Group) ახორციელებს საფრანგეთის პოლიტიკას განვითარებისა და საერთაშორისო სოლიდარობის სფეროში. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის დაფინანსების, ასევე კვლევებისა და პუბლიკაციების მეშვეობით, AFD მხარს უჭერს და წვლილი შეაქვს უფრო სამართლიანი და მდგრადი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. AFD ატარებს მდგრადი განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების სხვა ტრენინგებს საფრანგეთში (AFD კამპუსში). 

ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვიღებთ  საერთო გადაწყვეტილებებს გლობალური სამხრეთის ხალხთან და ხალხისთვის.  ჩვენი გუნდები აქტიურად მონაწილეობენ  4000-ზე მეტ პროექტში - საფრანგეთის საზღვრებს მიღმა, 115 ქვეყანასა და კრიზისულ რეგიონებში, რათა განამტკიცონ „საერთო სიკეთე“, როგორიცაა კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, მშვიდობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პასუხი, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიერ  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აღებული ვალდებულების ხელშესაწყობად, საერთო სამყაროსკენ.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Georgia | AFD - Agence Française de Développement

AFD-ის პრეს რელიზი

წაკითხულია 181 ჯერ

Related items

  • როდის უნდა აიღოთ ბიზნეს სესხი?

    საკუთარი ბიზნესის ქონა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ცადოთ. დღეს, ისე როგორც არასდროს, უამრავი ინფორმაცია თუ გზამკვლევი არსებობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიო, შესაბამისად ინფორმაციული ერა სათავეს უდებს ეპოქას, სადაც ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს საკუთარი, ინდივიდუალური საქმე შექმნას. კომპანიის დაარსება საკმაოდ პოპულარული ნაბიჯია, თუმცა ისევე, როგორც სხვა სახის ბიზნესს დასაწყისიდანვე უამრავი გამოწვევა ელოდება წინ. უპირველესი საზრუნავი, რა თქმა უნდა, ფინანსების მობილიზებაა, ამის შემდეგ კი სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნა უკვე მფლობელზეა. ყველაფერთან ერთად, უნდა განისაზღვროს რისკები, გარემო ფაქტორები, შიდა ხარვეზები და გადაწყვეტილების მიღებისას ყოველი შედეგისთვის უნდა იყოს მზადყოფნა.

    ბიზნესის მართვისას გამოწვევა მხოლოდ მისი დაწყება არ გახლავთ, პირიქით, ნამდვილი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც პირველ წარმატებებს მიაღწევთ, თუმცა მოტივაცია ამ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ პრობლემების გადალახვაც მეტ-ნაკლებად მარტივდება, მთავარია სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესის გარკვეულ ეტაპზე მისი განვითარებისთვის შეიძლება ფინანსური დახმარება გახდეს საჭირო, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში თქვენს შესაძლებლობებს აღემატებოდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ინფორმაციას ფლობდეთ იმაზე, თუ რა ალტერნატივები შეიძლება გქონდეთ და რომელია მათგან საუკეთესო. ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთმნიშვნელოვნად სესხის აღებაა, ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კი სანდოობის კუთხით ნამდვილად კარგი გამოსავალია. აქ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს მოთხოვნილებებზე სრულად მორგებული ბიზნეს სესხი, რომელსაც ეტაპობრივად დაფარავთ.

    ბიზნეს სესხით სარგებლობა ნებისმიერი სახისა თუ ზომის კომპანიას შეუძლია სხვადასხვაგვარი მიზნობრიობითა თუ დანიშნულებით. კრედიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენისთვის თუ განახლებისთვის. აღნიშნული ტიპის კრედიტის აღება მიზანშეწონილი უმეტესად მაშინ არის, თუკი მმართველს საკუთარი ბიზნესის განვითარება ან გაფართოება სურს. ბიზნეს სესხები უმეტესად გრძელვადიანი ტიპის კრედიტებია, რომელთა მოცულობაც შეიძლება საკმაოდ დიდია, შესაბამისად გადახდის გრაფიკი წლებზე ნაწილდება, დადგენილი პროცენტითა და ყოველთვიური ფიქსირებული შესატანით.

    საბრუნავი საშუალებებისთვის რეკომენდირებულია სესხის მოკლე ვადით გამოტანა, რადგან ასეთ შემთხვევაში მართალია მისი ყოველთვიური შენატანი უფრო მაღალი იქნება, თუმცა ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ პროცენტის სახით, ვიდრე გრძელვადიანი სესხით სარგებლობისას. გაითვალისეინეთ, ამ მიზნით სესხით დაფინანსებისას საბრუნავი საშუალებების შეძენისთვის დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნებაა შესაძლებელი, რადგან გადასახდელი თანხა შედარებით ნაკლები უწევს.

    ძირითადი საშუალებების შეძენისა თუ განახლებისთვის გამოყოფილი თანხის დაბრუნება უკეთესია გრძელვადიან პერიოდში მოხდეს, რადგან თანხის ოცულობა შედარებით დიდია როგორც წესი, საბრუნავი საშუალებები ბიზნესის ერთ ციკლს გადის, რომელიც დაახლოებით რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად მეწარმეს უჩნდება შესაძლებლობა, რომ პროდუქტში დახარჯული თანხა, ამ პროდუქტის გაყიდვითვე დაიბრუნოს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში.

    როგორც წესი, ბიზნეს სესხები სხვადასხვა ბანკში განსხვავდება მათი პირობებით, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია სხვადასხვა ორგანიზაციის შემოთავაზებებს გაეცნოთ და საუკეთესო აირჩიოთ. სესხის განაცხადის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხი კი აუცილებლად დააზუსტეთ ადგილზევე მანამ, სანამ ხელშეკრულებას გააფორმებთ.

  • ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით საჯარო შენობების მოდერნიზაცია აუმჯობესებს სასწავლო გარემოს და ხელს უწყობს ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესს საქართველოში

    ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (Nefco) პირველი განხორციელებული ენერგოეფექტურობის პროექტის აღნიშვნა საქართველოში ემთხვევა ახალი 6.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ხელმოწერას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით ქვეყნის შორეულ მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების მოდერნიზაციას.

    Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში, რომელიც მოიცავს 26 საჯარო შენობის განახლებას ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის შემოდგომიდან 2021 წლის ბოლომდე ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა მოდერნიზაციამ განაპირობა შენობების შიდა პირობების გაუმჯობესება, ენერგიის დაზოგვა და საქართველოს მხარდაჭერა მწვანე ენერგეტიკის განვითარების გზაზე განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით. პროექტმა ასევე ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საქართველოს ეროვნული მიზნების განხორციელებას და აჩვენა ახალი სამშენებლო ნორმების და წესების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციის შენობებში, და აღნიშნული ახალი ნორმების დაცვა სხვადასხვა კლიმატურ ზონებში.

    Nefco-ს მიერ 2.8 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო დაფინანსების გარდა, პროექტი დაფინანსდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) გრანტის მიერ, რომელიც 1.87 მილიონ ევროს შეადგენდა, აქედან ყველაზე დიდი წილი ევროკავშირს და შვედეთს ეკუთვნის. დანიამ პროექტის ტექნიკური მხარდაჭერისთვის 956,000 ევროზე მეტი გაიღო, როგორც განხორციელების, ისე პროექტის მომზადების ფაზაში.

    პროექტის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, E5P-თან და მის სპონსორებთან, ასევე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა პროექტი 2022 წლის 4 მაისს და მოინახულა ენერგოეფექტური მოდერნიზებული ორი სკოლა, რომლებშიც განხორციელდა ზომები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით - 55-ე საჯარო სკოლა და სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა.

    „მოხარული ვართ საზეიმოდ აღვნიშნოთ ჩვენი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში. პროექტის პარტნიორებთან ერთად, ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის პროგრესის დანახვა ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის გზაზე. სიამოვნებით გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის მეშვეობით, რომელიც განსაკუთრებით საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს მოუტანს სარგებელს“, - განაცხადა დღეს თბილისში ტრონდ მოემ, Nefco-ს მმართველმა დირექტორმა.

    როგორც განხორციელებული, ისე ახლადხელმოწერილი პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ ხასიათდება საქართველოში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით. განხორციელებული ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ყოველწლიურად სითბური და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას დაახლოებით 5000 მგვტ/სთ და შედეგად 1100 ტონა CO2-ის ემისიების შემცირებას. ფაქტობრივი დანაზოგების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხდება ათი წლის განმავლობაში. განხორციელებულმა პროექტმა შექმნა კარგი და კომფორტული სასწავლო გარემო სკოლის მოსწავლეებისა და მუნიციპალური მუშაკებისთვის. Nefco-ს მიერ განხორციელებული მეორე პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას და 15 საჯარო სკოლის განახლებას საქართველოს მთიან რეგიონებში.

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაფასებთ Nefco-ს და E5P-ის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში და იმ გულისხმიერებას, რომლითაც ისინი უდგებიან ჩვენს პრიორიტეტულ საჭიროებებს. პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ მხარს უჭერს საქართველოს გადასვლას მწვანე ეკონომიკაზე, ხელს უწყობს უფრო მდგრადი და ეფექტური ინფრასტრუქტურის აშენებას, ამავდროულად, აუმჯობესებს სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის ჩვენი ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში და დახმარებას უწევს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. მიმაჩნია, რომ პროექტს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროში და ბევრ სარგებელს მოიტანს, როგორიცაა სწავლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, გაუმჯობესებული კომფორტის დონე და სტუდენტებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მომავალში გაზრდილი ენერგოეფექტურობის კატალიზატორი “, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

    Nefco-ს მეორე პროექტი საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 15 საჯარო სკოლის მოდერნიზაციას და განახლებას. ის დაეფუძნება პირველი დასრულებული პროექტის შედეგად მიღებულ გამოცდილებას და მოიცავს უფრო ფართო და რთულ გეოგრაფიულ არეალს ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში, რაც სარგებელს მოუტანს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. გარემოზე დადებითი ზემოქმედებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პარალელურად, ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით განათლების, ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის სფეროში. Nefco-ს ორივე პროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ შემოღებულ ახალ ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონებს და წარმოადგენს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებასთან არის დაკავშირებული.

    „E5P დონორები ამაყობენ ამ პირველი Nefco-ს პროექტით და მისი გაგრძელებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. E5P დონორები, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, კვლავ მზად არიან განახორციელონ ისეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომლებიც უამრავ გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელს უზრუნველყოფენ რეფორმების დღის წესრიგთან ერთად “, - განაცხადა ევა მანიკმა, E5P-ის ასოცირებულმა დირექტორმა.

    „ევროკავშირი, E5P ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, მოხარულია, რომ მხარს უჭერს სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებას საქართველოში. Nefco-ს მიერ განხორციელებულ E5P პროექტებს, ენერგოეფექტურობის კუთხით, ეკონომიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის სარგებელი მოაქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში შენობების სარემონტო სამუშაოების გააქტიურებას ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროგრამებით, რომლებიც ეფუძნება რეფორმების დახმარებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

    თბილისში დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის ჯამური ინვესტიცია 6,5 მილიონ ევროს შეადგენს. Nefco-ს საკრედიტო დაფინანსება შეადგენს 3,9 მლნ ევროს, ხოლო E5P საგრანტო დაფინანსება 2,6 მლნ ევროს შეადგენს. შვედეთმა დააფინანსა პროექტის შემუშავების ხარჯები და, სავარაუდოდ, გამოყოფს დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერისთვის პროექტის განხორციელების პროცესში, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, 2022 წლის ბოლოს დაიწყება.

    „შვედეთი მოხარულია წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლაში, მათ შორის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში. ჩვენ განვახორციელეთ 8 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია E5P ფონდში საქართველოსთვის, როგორც უმსხვილესი ორმხრივი დონორი. ასევე, ჩვენ წარმოვადგენთ ერთერთ მთავარ დაინტერესებულ მხარეს Nordic Green Bank Nefco-ში  სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ უზრუნველვყოფთ თანადაფინანსების გრანტებს მუნიციპალური სექტორის პროექტებისთვის საქართველოს მასშტაბით ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად და სხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებში პროგრესის დასაჩქარებლად. შვედეთის მხრიდან დახმარება უნდა განიხილებოდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში გატარებული რეფორმების მტკიცე პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უფრო ფართო კონტექსტში“ - განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში.

    ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებები, რომლებიც ახალი პროექტით არის გათვალისწინებული, ეხება შენობების გარსის თბოიზოლაციას, კარ-ფანჯრების შეცვლას, ახალი გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟებას, ასევე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ზომებს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სტრუქტურული მოდერნიზაცია სკოლის შენობების ცუდი მდგომარეობის გამო. განხორციელებული განახლება და ენერგოეფექტურობის გაზრდის ღონისძიებები გაახანგრძლივებს შენობების ექსპლუატაციის ვადას.

    2010 წლიდან Nefco-მ დააფინანსა 170-ზე მეტი ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით უკრაინაში საჯარო შენობების მოდერნიზაციის პროექტი და ამჟამად ახორციელებს პროექტებს მოლდოვაში, რომელთაგან პირველი პროექტი 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდა.Nefco-მ E5P-თან ერთად 36 ენერგოეფექტურობის პროექტი  დაასრულა  აღმოსავლეთ ევროპაში.

    Nefco-ს შესახებ

    Nefco, the Nordic Green Bank, არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI), რომელიც უზრუნველყოფს სარისკო კაპიტალს სკანდინავიის ქვეყნების მწვანე ტექნოლოგიებისთვის (Nordic green solutions). 1990 წელს დაარსებული ხუთი სკანდინავიური ქვეყნის მიერ: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი, Nefco ემსახურება მისი მფლობელების ინტერესებს. ჩვენი ამოცანაა განვახორციელოთ კონკრეტული ქმედებები მწვანე გარდაქმნის პროცესის დასაჩქარებლად. საგრძნობი შედეგების მქონე მცირე და საშუალო პროექტებზე ფოკუსირებით, ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ კლიმატის და გარემოსდაცვითი პროექტები მდგრადი და ხარჯეფექტური გზით. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ეფექტიანობას ევროკავშირის ტაქსონომიის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ჩვენი საკუთარი გარემოსდაცვითი კრიტერიუმების შესაბამისად. წლების განმავლობაში, Nefco -მ განახორციელა დაახლოებით 1500 კერძო და საჯარო პროექტი სხვადასხვა სექტორში მსოფლიოს მასშტაბით. Nefco-ს შტაბ-ბინა მდებარეობს ჰელსინკში, ფინეთი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.nefco.int

    E5P-ს შესახებ

     აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობა (E5P) არის სხვადასხვა დონორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის (IFI) მიერ შექმნილი მხარდამჭერი ფონდი, რომელიც დაარსდა 2009 წელს ევროკავშირის ინიციატივით შვედეთის თავმჯდომარეობის დროს. E5P ფონდი საქართველოსთვის შეადგენს 40,56 მილიონ ევროს. ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ევროკავშირია (20,4 მილიონი ევრო), ფინასური წვლილი შეაქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი (8 მილიონი ევრო), გერმანია (4 მილიონი ევრო), ნორვეგია (3 მილიონი ევრო), დანია (0,5 მილიონი ევრო), ფინეთი (0,4 მილიონი ევრო), ლიტვა (0,35 მილიონი ევრო), აშშ (0,3 მილიონი ევრო), ესტონეთი (0,15 მილიონი ევრო), პოლონეთი (0,13 მილიონი ევრო), ჩეხეთი (0,1 მილიონი ევრო), სლოვაკეთი (0,1 მილიონი ევრო) , TaiwanBusiness EBRD TC ფონდი (0,13 მილიონი ევრო). საქართველომაც განახორციელა 3 მილიონი ევროს ოდენობის კონტრიბუცია. ფონდი ახორციელებს საგრანტო თანადაფინანსებას მუნიციპალური სექტორის პროექტებისთვის ენერგოეფექტურობის გაზრდის და მრავალი სხვა გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პროგრამის ფართო კონტექსტში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:  www.e5p.eu/georgia

  • რა არის ავტო სესხი?

    რა არის ავტო სესხი?

    ყველამ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, კარგად იცის როგორი შეგრძნებაა მისი შეძენის გემო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი პირველი  მანქანაა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ყიდულობ. თუ ავტომობილი არ გყავთ, დიდი ალბათობით თქვენს წარმოდგენაში ხშირად გაცოცხლებულა ეს სცენა, როგორ ხსნით კარებს და თავდაჯერებულად ხელს კიდებთ საჭეს. იდეაში, ამ მიზნის მიღწევა დღეს სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ.

    ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტია, რომლის უდიდესი უპირატესობა საპროცენტო პირობებია, სესხის უზრუნველყოფა კი, ავტომობილის გირავნობით ხდება და მისი მართვის უფლება თქვენ გრჩებათ. კრედიტი გაიცემა მხოლოდ ავტომობილის შეძენის მიზნით, ამიტომ პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მყიდველზე. პროცესი მარტივია - თავდაპირველად უნდა გაგიჩნდეთ ახალი, ან სულაც, პირველი ავტომობილის ყოლის სურვილი, შემდეგ შეძენა უნდა გადაწყვიტოთ, ამის შემდეგ ალტერნატივებიდან რომელიმეს აარჩევთ, დაეკონტაქტებით მფლობელებს და დააზუსტებთ ინფორმაციას, აარჩევთ სასურველ მანქანას, შემდეგ ესტუმრებით ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდს ან უახლოეს თუ უშორეს ფილიალს, შეავსებთ კრედიტის განაცხადს, დაელოდებით პროცედურის დამსრულებას, რომელიც მაქსიმალურადაა გამარტივებული და 30 წუთის შემდეგ მიიღებთ დამტკიცებულ სესხს. გაითვალისწინეთ, სასურველი ავტომობილის არჩევიდან სასესხო განაცხადის შევსებამდე აირჩიეთ სასურველი ბანკი, ისეთი, რომელსაც ყველაზე მისაღები პირობები ექნება თქვენთვის.

    ავტო სესხის აღებისას აუცილებლად შეამოწმეთ სხვადასხვა ბანკისა თუ საფინანსო ორგანიზაციის პირობები, რადგან პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია. გაითვალისწინეთ, ავტომობილზე შეზღუდულია გამოშვების წელი და  სხვადასხვა ბანკებში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მინიმუმი ზღვარი არის 1995 წელს გამოშვებული. კრედიტის მისაღებად უნდა გახლდეთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთ ორგანიზაციაში ასაკი შეიძლება იყოს დაწეული და 20 წლის ახალგაზრდას ჰქონდეს განაცხადის შევსების შესაძლებლობა. სესხის მისაღებად, როგორც უკვე ვახსენეთ, აუცილებელი მოთხოვნაა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რათა მისი დაფარვა შეძლოთ.

    ავტო სესხიინდივიდუალურია, რომლის მოცულობა დგინდება ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, მანქანის შერჩევისას აჯობებს ეს დეტალი გაითვალისწინოთ და წინასწა, ცალი თვალი მაინც შეავლოთ ბანკების პირობებს. ამ ტიპის კრედიტისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი, თუმცა განაცხადის შევსებისას დაგჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

    სანამ ავტო სესხის პირობებზე დათანხმდებით და ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, კარგად გაეცანით მის პირობებს და ვალდებულებებს. უპირველესად შეამოწმეთ რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას. ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხის შემთხვევაში ეს ნაწილი აუცილებლად დააზუსტეთ ექსპერტთან, რათა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდეს და დამატებითი პასუხისმგებლობა არ იტვირთოთ დაუკვირვებლობისდა გამო. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გადახდის გრაფიკი, რომელიც აუცილებლად შეამოწმეთ, რათ ნებისმიერი სახის უზუსტობების თავიდან შეძლოთ. გაითვალისწინეთ, ავტო სესხის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ კრედიტი წინსწრებით გადაიხადოთ, თუკი ამის სურვილი თავად გექნებათ, თუმცა აჯობებს წინასწარ დააზუსტოთ ასეთ შემთხვევაში საკომისიო გადასახადი იქნება თუ არა და თუ კი, რამდენი. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი რამ - გახსნათ საკუთარი ავტომობილის კარი, საჭეს ხელი თავდაჯერებულმა მოკიდოთ და წახვიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდათ რომ წახვიდეთ.

  • თურქმენეთისა და საქართველოს მებაჟეებმა ვიდეო შეხვედრა გამართეს

    თურქმენეთის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის სპეციალისტებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა სამშაბათს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური დახმარება გაუწია თურქმენეთის საელჩომ თბილისში.

    შეხვედრის მთავარი თემა "ერთიანი ფანჯრის" სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების განხილვა იყო. ქართველმა მებაჟეებმა ამ სისტემის გამოყენების გამოცდილება გაუზიარეს.

    ონლაინ საუბრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ინტერესის არაერთი საკითხი, ასევე თურქმენეთისა და საქართველოს საბაჟო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გამოცდილების გაცვლის საკითხები.

    თურქმენეთის საელჩო თბილისში

  • "ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე", - ვაჟა მენაბდე

    ,,არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი - საბაზროზე დაბალი პროცენტით და აბსოლუტურად გამჭვირვალე განაკვეთით“ - გადაცემა ,,ბიზნეს კურიერის“ ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდესთან.

    – ამაზე მინდოდა, მეკითხა.. დაზღვევის კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად აძვირებს სესხს, არის სიცოცხლის დაზღვევა. ხანდაზმული ადამიანების დაზღვევა საერთოდ არ არსებობს ფაქტობრივად ბაზარზე, ან იმდენად ძვირი შეიძლება იყოს, რომ აზრი აღარ ჰქონდეს ასეთ დაზღვევას.
    ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამას ხელი მოჰკიდონ, ან ხომ არ შეიძლება, რომ მთავრობის ჩართულობითა და კერძო სტრუქტურების ერთმანეთში მოლაპარაკების გზით, მივიდეთ საკითხის გადაწყვეტამდე.
    თუ გქონიათ, ამის მცდელობა და საუბარი ამ თემებზე?

    – სადაზღვევოსთან გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ ხანდაზმულებს იმიტომ არ აზღვევს არავინ, რომ ეს საკმაოდ ძვირია, რისკი ასაკთან ერთად საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღეთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი მომხმარებლისთვის, რომ შეგვეთავაზებინა.

    ვერავინ სთავაზობს ასაკოვან მოქალაქეებს, სიცოცხლის დაზღვევას სესხის გაცემის მომენტში, ამიტომ ჩვენ ეს სესხის ფასში გვაქვს გათვალისწინებული და თუ ღმერთმა დაიფაროს და ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენ მისი ოჯახის წევრებს არ ვთხოვთ სესხის გადახდას, ანუ ჩამოწერას ვახდენთ ხოლმე ამ სესხის.

    შესაბამისად პირდაპირ დაზღვევას ვერ დავარქმევთ, მაგრამ საბოლოო შედეგით იგივე გამოდის. ანუ ფაქტობრივად გარდაცვალების რისკის ფასი, ჩადებულია, ამ სესხის თანხაში. მთლიანობაში ფაქტი ამასაც მოიცავს და ამის მიუხედავად ჩვენი ფასი მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ანალოგიური კრედიტები სხვა ბანკებში.

    – დაპირებები ხშირად ისმის პოლიტიკოსებისგან, ხან სესხის პროცენტს ანახევრებენ და პრობლემებს უგვარებენ და იპოთეკით დაზარალებულების თემაც გვახსოვს, არჩევნების წინ ხშირად ხდება ხოლმე აქტუალური. სამწუხაროდ ხშირად ეს სრულდება უშედეგოდ. თუმცა ამით ზარალდება კერძო სექტორი და მომხმარებლები.

    რა თქმა უნდა, ბანკის საქმე სულაც არაა პოლიტიკურ ბატალიებში შესვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნოყიერ ნიადაგს, ხშირად აქტიურად იყენებენ.
    ალბათ პოლიტიკოსებს პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით მართებთ პასუხისმგებლობა, რომ თავიანთ განცხადებებს, უფრო მეტი პასუხისმგებლიანობით მოეკიდონ, რადგან ჩვენ ბევრი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს.

    – ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ საქმიანი ხალხი ვართ, გვინდა, მომხმარებელს მოვემსახუროთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

    თუ ვინმეს რაიმეს დაზუსტება უნდა, აინტერესებს რატომ გვაქვს ასეთი ფასი და ის მაღალია თუ დაბალი, აბსოლუტურად ყველაფერზე გვაქვს პასუხი და ნებისმიერს შეგვიძლია მოგვმართოს. დავსხდებით და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებთ.

    ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს და საქმიან რეჟიმში დაგველაპარაკოს.

    – თუ ჰქონდათ პოლიტიკოსებს მცდელობა, ვინც ბანკებს აკრიტიკებს, კამერების გარეშე გაერკვიათ, ამბავი.

    – ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ არ გვქონია. პირდაპირ რეჟიმში არავინ მოსულა და კონსტრუქციულ რეჟიმში არავის გაუვლია ეს საკითხები.

    საჯარო განხილვები და საკომიტეტო განხილვები კი გვქონდა და ასე რომ ვიღაც მოსულიყო და უბრალოდ შეხვედრა ეთხოვა და კითხვები დაესვა, ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

    მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ამისთვის ყოველთვის ღია ვართ და მზად ვართ.

    – ბოლოს მინდა გკითხოთ ახალ ტენდერთან დაკავშირებით. ეს პროცესი თითქოს ცოტა გაიწელა. პრინციპში არ გვიანდება, მაგრამ დიდი ხანია უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

    რა ეტაპზეა ახლა, ჩვენ რამდენადაც ვიცით, სხვა ბანკები რეალურად დაინტერესებასაც არ აცხადებენ, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ლოჯისტიკური შესაძლებლობები, რომ ყველა პენსიონერს ყოველთვიურად მიუტანონ პენსია და არ დააგვიანონ და შესაბამისად მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“ რჩება ერთადერთ ბანკად, ვინც ამას შეძლებს, როგორც ამას აკეთებს წინა საუკუნიდან მოყოლებული.

    – ჯერ დაგვიანებული არაფერია. ერთ წელია თითქმის დარჩენილი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ შემოდგომაზე ტენდერი და ჩვენი სურვილი იყო, იმისთვის, რომ დასრულებულიყო ამ თემის ირგვლივ გაუთავებელი მითქმა-მოთქმა.

    ჩვენი ვამბობდით, თუ შეიძლება, გამოაცხადეთ გამჭვირვალე ტენდერი და მოვიდეს, თუ ვინმეს აქვს სურვილი ეს საქმე უკეთესად აკეთოს და ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, ისევე როგორც ამ კონტრაქტის დასრულებისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება.

    თუ ვიღაც უკეთეს პირობებს მოიტანს, ამაში არანაირი ტრაგედია არ იქნება. ამ საკითხის სხვა ბანკების დაინტერესების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს.

    შეიძლება, ვიღაცას დაინტერესება აქვს და უნდა, ტენდერში შემოვიდეს, რაც მეტი მსურველი იქნება და რაც მეტი ჯანსაღი კონკურენცია იქნება, მით უკეთესია ყველასთვის.

    ასეთია ჩვენი პოზიცია და თუ არავინ იქნება, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ტენდერის პირობებზეა დამოკიდებული და ჩვენ დაინტერესება და სურვილი გვაქვს, გავაკეთოთ ეს საქმე, პირობების თემა მნიშვნელოვანია, ვემზადებით.

    თუმცა იმისთვისაც მზად ვართ, რომ სხვა თუ უკეთეს თემას მოიტანს, გააკეთოს სხვამ. ამაში არაფერი ტრაგიკული არაფერი იქნება.
    ჩვენ ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ იმისთვის, რომ მომხმარებელს კარგად მოვემსახუროთ.

    ყველაფრის განვითარების ფუნდამენტი არის კონკურენცია და პირველ რიგში ბიზნესში კონკურენცია მნიშვნელოვანია.

    – მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები ჩარევა იყოს კონკურენციაში და რეგულაციაში, მით უფრო ეს უკეთესი იქნება ბაზრისთვისაც და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც სარგებლობს ამ სესხებით.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური