საქართველოსა და ფინეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 იანვარი 2022 12:23

2022 წლის 27 იანვარს, საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები, რომლის ფარგლებში მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ევროკავშირთან, ნატო-სთან, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ფინურ დელეგაციას წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ქართული მხრიდან კი, კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური, ევროპის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა.

მხარეები მიესალმნენ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ ქართულ-ფინურ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. ხაზი განსაკუთრებულად გაესვა 2022 წელს საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ერთობლივად აღნიშვნის მნიშვნელობას.
ევროპის დეპარატმენტის დირექტორმა ნინო ბარათაშვილმა, საუბრისას, ყურადღება გაამახვილა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნებაზე, მათ შორის, ახლო მომავალში, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების საკითხებზე, საქართველოსა და „ნორდიულ-ბალტიურ რვიანს“ შორის სამომავლო ინტერაქციის შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, სამართალდაცვით სფეროში. ფინურმა მხარემ მზაობა გამოხატა თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისა განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედია წიგნიერების კუთხით. ამასთან, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, წაახალისონ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მეტად ათვისების მიზნით.
ევროინტეგრაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა სალომე შაფაქიძემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანებისადმი. ფინურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის თაობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. აღინიშნა, რომ საქართველო ერთგულია შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისადმი და რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მეტად ღრმა ინტეგრაციის, ასევე, სექტორული ინტეგრაციის, როგორც შემდგომი ნაბიჯის, მნიშვნელობაზე. ქართული მხარე მიესალმა ფინეთის აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის Twinning-ის პროექტებში, რომელთა მიზანია ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბოლო სამიტი და მიღებული პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც მოიცავს პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს, მათ შორის, ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას. ამ კონტექსტში, ქართული მხარე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარება საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი საფლაგმანო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლის მაქსიმალურად ათვისებას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს „ასოცირებული ტრიოს“ ინიციატივა, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამავდროულად, ხაზი გაუსვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ახალი ინიციატივების შემუშავების მნიშვნელობაზე.
უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნატა ქორიძემ ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული დინამიკის, მექანიზმებისა და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე; ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ფინურმა მხარემ გამოყო საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი ღირებული წვლილი, მათ შორის, დელეგაციის ხელმძღვანელმა მარია ლიივალამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ავღანეთიდან განხორციელებულ სასწრაფო საევაკუაციო და ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ პროცესებში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

წაკითხულია 145 ჯერ

Related items

  • თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ!

    ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ოთხთა სამიტზე თურქეთმა მიიღო ის, რაც სურდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდელენა ანდერსონი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხმხრივ შეხვედრაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

    პრესისათვის დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა მიაღწია იმის მიღებას, რაც სურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ მემორანდუმს ხელი, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

    საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში კი აღინიშნა: „ფინეთი და შვედეთი მკაფიოდ და ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას აღკვეთონ PKK-ს და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობა“.

    განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე ქვეყანამ გადაწყვიტეს გაზარდონ თანამშრომლობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთის მიზნით და რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად განიხილავენ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დეპორტაციის ან ექსტრადიციის მოთხოვნებს ინფორმაციის გათვალისწინებით.

    ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატოს მომავალი მოკავშირეები, არ დაუჭერენ მხარს PYD/YPG-ს და თურქეთში FETÖ-ს სახელით განსაზღვრულ ორგანიზაციას და აღინიშნა, რომ ხსენებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონმდებლობის არბიტრაჟს განახორციელებს.

    ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ეროვნული იარაღის მიმართ ემბარგოს აღარ დააწესებენ.  

  • ნატო თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი მუშაობენ თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი წევრობა ძალიან მოკლე დროში შეუძლებელია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    საინფორმაციო საიტის Politico-ს პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრობისთვის განაცხადების შესახებ ალიანსში არაერთხელ გამოითქვა განსხვავებული შეხედულებები.

    სტოლტენბერგმა საკითხთან დაკავშირებით მაგალითებად მოიყვანა 1950-იანი წლების სუეცის კრიზისი, 1960-იან წლებში საფრანგეთის გამოყოფა ნატოს სამხედრო ფრთისგან, 1970-იან წლებში ომები აფრიკასა და ვიეტნამში და მოკავშირეებს შორის განსხვავებული დამოკიდებულება ერაყის ომთან მიმართებაში.

    „ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვართ 30 სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა გეოგრაფიით, განსხვავებული ისტორიით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებით ხელისუფლებაში. მიუხედავად ყველა უთანხმოებისა, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ „დაიცვან ერთმანეთი“. მე მჯერა, რომ ჩვენ შეთანხმებულები ვართ ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის დავსხდეთ და მოვაგვაროთ მოკავშირეების მიერ გამოთქმული უთანხმოება და შეშფოთება, როგორც ამას აკეთებს ახლა თურქეთი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი არის ერთადერთი ნატოს მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ტერორისტული თავდასხმებით. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება სირიას და ერაყს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხშიც ყველაზე დიდი წვლილი მათ შეაქვთ. როდესაც თურქეთი გამოთქვამს თავის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსხდებით და ვეცდებით მათ გამოსწორებას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც საშუალებას მისცემს ფინეთს და შვედეთს გახდნენ ალიანსის წევრები რაც შეიძლება მალე“, აღნიშნა სტოლტენბერგმა.

     

  • ფინეთმა და შვედეთმა იენს სტოლტენბერგს ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს

    ფინეთმა და შვედეთმა, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, წერილები ნატოში აკრედიტებული შვედი და ფინელი ელჩებისგან ჩაიბარა.

    სტოლტენბერგმა აქ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და რომ ის მიესალმება ორივე ქვეყნის მოთხოვნებს.

    იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გაზრდის ნატოს უსაფრთხოებას და დაამატა:

    "დღევანდელი განაცხადის გაკეთება ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ ნატოსკენ მიმავალ გზას. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა მოკავშირის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დეტალურად განვიხილოთ ყველა საკითხი და მივაღწიოთ სწრაფ შედეგს."

    სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველა მოკავშირე თანახმაა ნატოს გაფართოების აუცილებლობაზე.

     

  • საქართველოს 15-წლამდელთა გუნდი ევროპის სუპერფინალის სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა

    2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების კალათბურთის 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს.

    ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ფინური ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში გავა, თუ არადა 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.

    საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ირაკლი ტომარაძე, ასისტენტი გიორგი ცინცაძე. მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს. 

  • ორმხრივი კონსულტაციები საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის

    15 სექტემბერს, თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ჩეხეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟი (Aleš Chmelař).
    საგარეო საქმეთა ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს, ხაზი გაუსვეს ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას და ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. 
    მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში დაგეგმილ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს და დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ მუშაობა ორმხრივი ვიზიტების განხორციელებისათვის, ასევე ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩეხეთის დარგობრივ უწყებებს შორის კონტაქტების შემდგომ გაღრმავებას.  
    სექტორული თანამშრომლობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილეებმა მიმოიხილეს არსებული დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების  სფეროებში და იმსჯელეს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ მიმართებით, კმაყოფილებით აღინიშნა უკვე არსებული მიღწევები და პოზიტიური ტენდენციები, ასევე ხაზი გაესვა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა პოტენციალის სრულად ასათვისებლად. 
    კონსულტაციებისას ყურადღება გამახვილდა ჩეხეთის მიერ საქართველოში წარმოებული განვითარების თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებიც Czech Aid-ის ხაზით ხორციელდება და რომელთა მიზანია საქართველოს სხვადასხვა სექტორისა და მიმდინარე რეფორმების  მხარდაჭერა. ჩეხეთის მხარემ გამოხატა მზაობა კვლავაც აქტიურად განაგრძოს საქართველოს მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.
    საგანგებოდ აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში და ჩეხეთის ხელშეწყობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პანდემიასთან ბრძოლისა და მისი შედეგების აღმოფხვრის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა, რომ ძალზე ფასეულია ჩეხეთის მიერ სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებისათვის.
    კონსულტაციების ფარგლებში, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხ კოლეგას დეტალურად გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული სამუშაო, ინიციატივები და გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატზე, ასევე  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტსა და ქართული მხარის მოლოდინებზე. აღინიშნა, რომ  2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ქართული მხარე მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეხური მხარის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციაში. თავის მხრივ, ჩეხურმა მხარემ მიმოიხილა ის მიმართულებები, რომლებზეც მოხდება ფოკუსირება ევროკავშირში ჩეხეთში თავმჯდომარეობის ფარგლებში.
    ასევე ხაზგასმული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და დაფიქსირდა ამ მიმართებით პარტნიორთა მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 
    ჩეხეთის მხარემ საგანგებოდ აღნიშნა ქართული მხარის წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ პარტნიორთა მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
    საუბრისას თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული  მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ  პარტნიორთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაქსიმალურად წარმოჩენისათვის.
    ორმხრივი კონსულტაციებისას ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. 
    შეხვედრისას ასევე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში თანამშრომლობისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ამ მიმართებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება. 
    მინისტრის მოადგილეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
    კონსულტაციებისას მხარეებმა ასევე განიხილეს აქტუალური საერთაშორისო საკითხები, ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორთა აქტიური ძალისხმევა.
    შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად წარმოების პრაქტიკა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური