ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022 13:11

2022 წლის 25 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. განიხილეს ასევე, მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობა.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები.

საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას. სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

წაკითხულია 162 ჯერ

Related items

  • საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

    2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, სადაც თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.

    იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

    თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ.

    მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

    ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

    ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას.

    შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.

    სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას.

    თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი!

    პატივისცემით,

    ნინო ლომჯარია

    საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)

  • სახალხო დამცველის განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით

    2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

    სახალხო დამცველისასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიმიუთითებს, რომ ამ საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

    სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

    მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.

    ამრიგად, საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

  • გივი მიქანაძე: საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში სრულ წარმოდგენას იძლევა

    „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ რეზოლუციის პროექტი იძლევა სრულ წარმოდგენას იმ მიღწევების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოში - გამოვთქვამთ სრულ მზაობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებასა და ევროპის საბჭოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    გივი მიქანაძე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა.

    საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ტიტუს კორლატეანს და კლოდ კერნს დოკუმენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა. გივი მიქანაძემ რეზოლუციის პროექტში ასახულ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართ მტკიცე მზადყოფნა დაადასტურა.

    „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარებას ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებასა და ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას. ის მოიცავს საქართველოში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით პარლამენტის არჩევას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტი შეესაბამება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ არჩევნები ჩატარდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად”, - განაცხადა დეპუტატმა.

    მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2021 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში, პარლამენტში შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. თუმცა, მიუხედავად მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს.

    „მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ან წარმოედგინათ მტკიცებულებები მათ მიერ გაყალბებულად შერაცხულ არჩევნებზე, მათი მხრიდან არანაირ გამოხმაურებას ადგილი არ ჰქონია. კომისიამ, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ წევრებისაგან შედგებოდა, ჩაატარა მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიება. შედეგად, პარლამენტმა მიიღო დადგენილება და რეზოლუცია, რომლის თანახმად, გამოიკვეთა რიგი ტექნიკური შეცდომებისა, რაც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და რომ არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და მისი შედეგები სრულად ასახავდა ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოწოდებით მიმართა რუსეთს შეწყვიტოს თავდასხმები

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (აუეს) რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინაში სამხედრო თავდასხმებისგან მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, სამგზავრო საშუალებებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აუეს-ს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა კიევმა გუშინ  მათ სასამართლოს მიმართა, რათა შუალედური ზომები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დროს მასიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მათმა სასამართლომ განიხილა უკრაინის ეს მოთხოვნა და აღინიშნა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული “სამხედრო ოპერაციები“, დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან, წამების აკრძალვასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი თუ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც აუეს რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს “სამხედრო თავდასხმებისგან“ მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, საავადმყოფოებზე და სკოლებზე, ხოლო ამის პარალელურად უზრუნველყოს ჯანდაცვის დაწესებულებებისა და მათი პერსონალის უსაფრთხოება. როგორც ცნობილია ევროპის საბჭომ 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, რუსეთის წარმომადგენლობა მინისტრთა კომიტეტსა და საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერდა, ხოლო ევროპის საბჭოს წევრობა კი ჯერ კიდევ გრძელდება.

  • პროექტმა CyberEast საქართველოში ფინანსური გამოძიების და დარქნეტის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა

    2-4 თებერვალს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის, CyberEast ფარგლებში სასწავლო კურსი ჩატარდა. ფინანსური გამოძიების, ვირტუალური ვალუტის და დარქნეტის საკითხებზე გამართულ ტრენინგში 21 ქართველი გამომძიებელი და პროკურორი მონაწილეობდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, წინანდლის ღონისძიება იმ ტრენინგების სერიის უკანასკნელი კურსი გახლდათ, რომელიც პროექტმა რეგიონის ყველა ქვეყანაში (ბელარუსის გარდა) ჩაატარა.
    კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბლოკჩეინის ანალიზი, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერები (VASP) და მეთოდები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი კრიპტოვალუტებით  ვაჭრობენ.
    CyberEast აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სისხლის სამართლის უწყებების მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს. ამ გზით უწყებები მეტად ეფექტიანად შეძლებენ კიბერდანაშაულთან ბრძოლას და ციფრული მტკიცებულებების მოპოვებას. ამისათვის პროექტის საქმიანობა ფოკუსირდება შემდეგ საკითხებზე: პარალელური ფინანსური გამოძიება და დაზვერვა, კიბერდანაშაულის შემოსავალი, ფინანსური თაღლითობა და ფულის გათეთრება. გარდა ამისა, პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ვირტუალურ ვალუტაზე და დარქნეტში ფინანსური დანაშაულების გამოვლენის მიზნით ჩატარებულ გამოძიებებზე კონცეფციის, „მისდიე ფულს“ (follow the money), კონტექსტში.
    გავრცელებული ინფორმაციით, ქსელ Tor-ზე არსებული ფარული სერვისების დაახლოებით 30% უკანონო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმას უკავშირდება. ამ საქმიანობათა შორისაა ისეთი უკანონო პროდუქტებით ვაჭრობა, როგორებიცაა ნარკოტიკები, იარაღი, კომპრომეტირებული მონაცემები, ყალბი დოკუმენტები, მედიკამენტები, ქიმიკატები და სხვა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური