დ. ზალკალიანმა დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022 10:40

24 იანვარს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საუბრისას დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.
ამ კონტექსტში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის ქვეყნების სუვერენული უფლება - აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები - არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება და გადაწყვეტილებები საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე.
სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო პლატფორმებსა და ორმხრივ რეჟიმში არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლის და პოზიციების გაზიარების მიზნით.

წაკითხულია 103 ჯერ

Related items

  • აშშ-ს სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

    ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვა უკრაინისთვის და რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 33 მილიარდიდან 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    დახმარების პაკეტის ოფიციალურად დასამტკიცებლად, რომელიც გენერალურ სესიაზე 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღეს, ხოლო სამმა სენატრომა თავი შეიკავა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობაა საჭირო.

    ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არმიის ინვენტარიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მე-10 პაკეტი დაამტკიცა.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტის (ჯო ბაიდენის) დავალებით, უკრაინის თავდაცვისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარიდან 100 მილიონ დოლარამდემე მეათე დამატებითი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება დავამტკიცე. ამან, 24 თებერვიდან რუსეთის სასტიკი და უმიზეზო შეჭრიდან უკრაინაში, აშშ-ის ჯამური სამხედრო იარაღითა და აღჭურვლობით დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 3,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“.

  • უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა

    უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

    უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული არმიის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1828 სასწავლო დაწესებულება, მათგან 171 მთლიანად განადგურდა.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავდასხმები დაიწყო, 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა.

    თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 19 მაისამდე რუსეთის დანაკარგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 200 ჯარისკაცი დაკარგა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა არმიამ სულ დაკარგა 28500 ჯარისკაცი, განადგურდა რუსების კუთვნილი 203 თვითმფრინავი, 167 შვეულმფრენი, 1254 ტანკი, 3063 ჯავშანტექნიკა, 595 საარტილერიო სისტემა, 199 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგა 2 ათას 157 მანქანა, 13 გამი და მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა, 455 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე რუსების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმაც გაანადგურეს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სულ 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. 

    შეხვედრებზე  განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

  • UNICEF: „ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა“

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო, ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ომარ აბდიმ გაეროს უშიშროების საბჭოსთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ბავშვთა უფლებების კრიზისი შექმნა. მან, სკოლებზე განხორციელებულ თავდასხმებზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებს განათლების უფლებები ჩამოერთვათ რა, ბოლო ერთ თვეში 100-მდე ბავშვი დაიღუპა.

    იმავდროულად, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე რიჩარდ მილსმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთი ყოველდღიურად უკრაინაში საშუალოდ 22 სკოლას ბომბავს.

    რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კი უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ უკრაინაში ბავშვებს ისტორიას სწორად არ ასწავლიან.

    თავის მხრივ, გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცი რუსეთს, უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და უკანონო შვილად აყვანაში ადანაშაულებს.

  • ევროკავშირი „ჰორიზონტი ევროპის“ ბიუჯეტს მწვანე, ჯანდაცვის სფეროს, ციფრული ინოვაციებისა და უკრაინელი მეცნიერების მხარდასაჭერად ზრდის

    10 მაისს ევროკომისიამ დაამტკიცა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) 2021-2022 წლების სამუშაო პროგრამის შესწორება, რომელიც მის ბიუჯეტს თითქმის 562 მილიონი ევროთი ზრდის. დამატებითი ინვესტიციები დაეხმარება ევროკავშირის მისიებს (კლიმატის ცვლილება, ონკოლოგიური დაავადებები, ოკეანე და წყლები, ნიადაგი და კლიმატ-ნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქები), გამოიყენონ ინოვაციური გადაწყვეტები ეკოლოგიის, ჯანდაცვის და ციფრული სფეროს გამოწვევებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტით, ამასთან, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერების დახმარება იქნება შესაძლებელი.

    პროგრამის 2021 და 2022 წლების მთლიანი ბიუჯეტი ახლა დაახლოებით 16 მილიარდ ევროს შეადგენს.

    ახალი MSCA4Ukraine სქემის ფარგლებში, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ნაწილია, იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერებისთვის 25 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამ გზით ისინი ევროკავშირის და „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნების აკადემიურ ან არააკადემიურ მასპინძელ ორგანიზაციებში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ამასთან, ასობით უკრაინელი მეცნიერი პროგრამის, Human Frontier Science, 1 მილიონ ევრომდე გაზრდილი ბიუჯეტითაც ისარგებლებს. 

    გარდა ამისა, აღნიშნულ შესწორებაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ რუსეთში, ბელარუსში ან უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე დაფუძნებულ იურიდიულ ობიექტებს არცერთი ფორმით არ აქვთ „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ რაიმე საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, მიზეზების დასაბუთებით.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური