ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 იანვარი 2022 14:22

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

წაკითხულია 123 ჯერ

Related items

  • UNICEF: „ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა“

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო, ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ომარ აბდიმ გაეროს უშიშროების საბჭოსთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ბავშვთა უფლებების კრიზისი შექმნა. მან, სკოლებზე განხორციელებულ თავდასხმებზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებს განათლების უფლებები ჩამოერთვათ რა, ბოლო ერთ თვეში 100-მდე ბავშვი დაიღუპა.

    იმავდროულად, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე რიჩარდ მილსმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთი ყოველდღიურად უკრაინაში საშუალოდ 22 სკოლას ბომბავს.

    რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კი უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ უკრაინაში ბავშვებს ისტორიას სწორად არ ასწავლიან.

    თავის მხრივ, გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცი რუსეთს, უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და უკანონო შვილად აყვანაში ადანაშაულებს.

  • ინფორმირების ინსტრუმენტი რუსეთის ან ბელარუსის მიერ ევროკავშირის სანქციების დარღვევის შემთხვევებს კრებს

    ევროკომისიამ შექმნა ანონიმური ონლაინ ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც სურს, ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული  სანქციების დარღვევების შესახებ განაცხადოს.

    „ევროკავშირის სანქციების იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებით, რომელიც თქვენთვის შეიძლება იყოს ცნობილი, ამგვარი ქმედებების გამოძიებაში და ევროკავშირში სანქციების დაცვის უზრუნველყოფაში დაგვეხმარებით“, — განაცხადა ევროკომისიამ Telegram-ზე.

    ევროკავშირის სანქციებზე ინფორმირების ინსტრუმენტი ასაიდუმლოებს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობას და ევროკომისიასთან ანონიმურად დაკავშირების საშუალებას გაძლევთ.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირის მთავარი ღირებულება მშვიდობაა

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს, რომ ევროკავშირის უცვლელ ფასეულობას მშვიდობა წარმოადგენს და რომ ის ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების დამცველია.  

    ევროპის დღე რობერტ შუმანის იმ დეკლარაციის მიღებას აღნიშნავს, რომელმაც ევროპულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაბრუნდა, წელს ევროპის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

    „ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უზარმაზარი წარმატების აღმნიშვნელია, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთ ევროპელს ევროპული პროექტის სარგებლიანობაში ეჭვი ეპარება“, — აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს „ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის, ფასეულობას“ და იმას, რომ ის მსოფლიო პოლიტიკაში სამშვიდობო პროცესის მძლავრი მონაწილეა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ბორელმა ოთხ პუნქტს გაუსვა ხაზი:

    • წევრმა ქვეყნებმა აგრესიის ფონზე უძლიერესი პოლიტიკური ერთიანობა გამოავლინეს. „ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ [რუსული] აგრესიის სერიოზულობა და მისით გამოწვეული საფრთხეები. აქედან გამომდინარეობს ის დაჩქარებული ტემპი, რომლითაც ევროკავშირმა G7 პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები მიიღო“.
    • ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა გამოიყენა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფინანსური რესურსები აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოსთვის, რათა მას საკუთარი თავის დაცვაში დახმარებოდა. უკრაინისთვის გადარიცხული სამი ტრანშის მთლიანი ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს უტოლდება. ამ ევროპულ მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნები პირდაპირი სამხედრო დახმარებითაც უდგანან გვერდში. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავის სახელმწიფოებს არათუ ზღუდავს, არამედ ხელს უწყობს თითოეული მათგანის გაძლიერებას“.
    • ევროკავშირი საერთო ძალისხმევით მუშაობს ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასასრულებლად. ამ გზით ევროკავშირი უჩვენებს, რომ ის ერთობლივად უფრო ძლიერია, ვიდრე — მისი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე. „ევროკავშირი არა მარტო უფრო ძლიერი მოთამაშეა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ის ასევე ეხმარება თავის წევრებს, არ იქცნენ ენერგეტიკული შანტაჟის მსხვერპლად. ეს ჩვენს სტრატეგიულ სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს“.
    • უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პასუხის სიძლიერე და სიმტკიცე საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გზით ისინი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომავალი პოტენციური აგრესიისგან დასაცავად და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. გარდა ამისა, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ზოგადი საერთაშორისო ზეგავლენის — მათ შორის, ეკონომიკური ზეგავლენის — შემცირებაში. „ამ მხრივ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებისას ევროკავშირის ერთიანობას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.

    „ამ ომის გამო ევროპა უფრო სწრაფად სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს სიძლიერის ენა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, — „2022 წლის 9 მაისმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია: ევროკავშირის და მისი ფუძემდებლური ფასეულობების დაცვა; ჩვენი კოლექტიური ძალის ჩვენი პარტნიორის, უკრაინის სამსახურში ჩაყენება, რათა მან საკუთარი თავის და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს; საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა არსებითი საერთაშორისო ნორმების და უსაფრთხოების დასაცავად და სოლიდარობის გამოსავლენად ამ ომის გლობალური შედეგების დაძლევის მიზნით“.

    უახლესი ცნობები და ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორებთან! 

  • უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 3 ათას 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

    გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმების შედეგად 3 ათას 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    უკრაინაში სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ ინფორმაციაში, რომელიც გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებგვერდზე, ნათქვამია, რომ ქვეყანაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 3280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

    განცხადების მიხედვით, დაშავებულია 3 ათას 451 ადამიანი და ხაზგასმულია, რომ შესაძლოა, მსხვერპლი უფრო მეტი იყოს.

    გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტების წერილობით განცხადებაში გამოთქმული იყო შეშფოთება უკრაინაში დევნილების მზარდი რაოდენობის შესახებ.

    გამოცხადდა, რომ დაახლოებით 12,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი 24 თებერვლის შემდეგ, მათგან 7,7 მილიონმა შეაფარა თავი ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ადგილებში, ხოლო 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები, იმყოფებიან ტრავმის მდგომარეობაში და საჭიროებდნენ სასწრაფო დაცვას და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

     

  • ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას და ჰუმანიტარული სიტუაციის აღდგენას

    თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქარ-შოიგუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულო დაძაბულობა იქნა განხილული.

    ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მნიშვნელობას ჰუმანიტარული სიტუაციის აღდგენისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის აუცილებლობაზე, პირველ რიგში, მარიუპოლიდან, ხმელეთით ან ზღვით.

    მინისტრმა აქარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყველა გზას იყენებს, გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას აკეთებდა ადრე.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, უკრაინაზე სამხედრო ინტერვენცია მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური