საქართველოს პროკურატურის განცხადება!

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022 14:12

საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.
აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.
ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

წაკითხულია 399 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ“!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს - ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფო გვერდიგვერდ სწორედ იმის გათვალისწინებით აშენდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყო  ქართული მედიცინის მთავარი სასწავლო ბაზა. საკითხი, ეს შენობა დაინგრეს, თუ მოხდეს მისი რენოვაცია, უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურება და სტუდენტების აღზრდა არ შეჩერდეს და არ შეფერხდეს.    

    მითქმა-მოთქმა ისმის იმაზეც, რომ ქალაქის ცენტრში არსებული 8  ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის მინიმალური ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია, სასურველი ლუკმაა და არსებული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ საავადმყოფო აღარ აშენდება. საზოგადოებამ ისიც იცის, როგორ ღიად და ურცხვად არის ჩაბმული „ქართული ოცნება“ სისტემურ კორუფციაში, ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

    ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.   

  • საქართველოს პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "შემაშფოთებელია, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხავა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ჩემთვის გაუგებარია ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა როგორც ადამიანურად, ასევე, მორალურად, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.

    კატეგორიულად ვგმობ ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი.

    ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. და რამაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და კიდეც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალებს არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე, პოლიტიკური ზიანი.

    იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალთა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორეთი ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!", - ნათქვამია პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • შსს-ს განცხადება ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

    სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

    სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

  • შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ოფიციალური განცხადება

    ვის ინტერესში შედის გაფიცვა და რეალურად რა სურს რადიკალურად განწყობილ ჯგუფს

    „საირმე მინერალ ვოთერსის“  ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით  შედგა, თუმცა მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებაზე გაფიცულებმა უარი განაცხადეს. მნიშვნელოვანია, რომ საირმემ გაფიცულ თანამშრომლებს თითქმის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზა.

    შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა. გაფიცვის უმოკლეს ვადაში დასრულებისა და  მუშაობის პროცესის სრულად განახლების  მიზნით, მოლაპარაკების ფარგლებში კომპანიამ დასაწყისშივე დაადასტურა მზადყოფნა, დაეკმაყოფილებინა გაფიცულების მიერ ადრე წამოყენებული თითქმის ყველა მოთხოვნა.  გარდა ამისა, ასოციაციის მონაწილეობით, კომპანიამ შუამავლობის დროს შეთავაზებული ხელფასის 10%-იანი მატება მოლაპარაკებების დროს 22,5%-მდე გაზარდა. თუმცა, გაფიცულებმა  მოულოდნელად უარი თქვეს  არსებული შეთანხმებაზე. ფაქტობრივად, მათი ყველა პირობა მაქსიმალურად შევასრულეთ, მაგრამ რადიკალმა ჯგუფმა გაფიცულებს მათთვის ნამდვილად მომგებიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცა და უარყვეს ჩვენი წინადადებები.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახლა ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ გაფიცვის მიზანია არა სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაუმჯობესება, არამედ ცალკეული მოქალაქის სრულიად განსხვავებული პირადი ინტერესები, რომლებმაც კომპანიის თანამშრომლები შეიყვანეს შეცდომაში, ჩაითრიეს აღნიშნულ    მძიმე სიტუაციაში, რამაც გამოიწვია  უამრავი პრობლემა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიძიებენ კონკრეტულ ფაქტებს, დაადგენენ  გამომწვევ მიზეზებს და დამნაშვეები დაისჯებიან!

    იმის გათვალისიწინებით, რომ გაფიცულთა ორგანიზატორები არ ეთანხმებიან  შეთანხმების პირობებს, ჩვენ გვრჩება გაფიცვის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზა - გავაგრძელოთ მუშაობა და მივცეთ საშუალება იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ამ პროვოკაციაში და გააგრძელონ სამუშაო პროცესი. ამ საკითხში ძალოვან სტრუქტურებს ვთხოვთ დაგვეხმარონ,  კანონსაწინააღმდეგო ფაქტებს   კი სასამართლო ორგანო მიხედავს.

    აღსანიშნავია, რომ ქარხანა უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს მუშაობას, მუშაობს ჩამოსასხმელი ხაზები, პროდუქცია იტვირთება  და დისტრუბუციაში გადის,  მიუხედავად ყველა მცდელობისა, ჩვენ ვმუშაობთ!

  • კახა ოქრიაშვილი: „საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე.

    დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ  გაიწვევენ არადემოკრატიულ, უკანონო კანონპროექტს.

    ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციის უკანონოდ დაკავებული ყველა მონაწილე!

    საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც  სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ.

    გამარჯვება წინ არის!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური