სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, არ დაუშვას რუსეთის აგრესია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022 13:04

ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, როგორც სენატორები აცხადებენ, მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელმაც უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა განალაგა.  სენატორების თქმით, ამით  პუტინი უარს ამბობს პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„აშშ და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას, ისევე როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას  ისე, რომ აღნიშნულს არ  მოჰყვეს მძიმე შედეგები“ - ნათქვამია განცხადებაში. 
სენატორების მიხედვით, რუსეთის მიერ მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიები" რაც უკრაინისთვის ნატოს წევრობაზე უარის თქმასა და ალიანსის შემდგომი გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს, სინამდვილეში წარმოადგენს რუსეთის მცდელობას კვლავ შექმნას გავლენის სფეროები ევროპაში, და მათი მეშვეობით ზეწოლა მოახდინოს და დაჩაგროს ის ქვეყნები, კერძოდ,  უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან.
„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ნატო-ს წევრები იღებენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზეც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ შეასრულონ ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, და რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - წერია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელზე შედგენილ ღია წერილს ხელს აწერენ როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.

წაკითხულია 159 ჯერ

Related items

  • ჩიკაგოში თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

    ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ, ჩიკაგოში კვირის ბოლოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცმებით 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ქვეყნის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩიკაგოში კვირის ბოლოს ერთზე მეტი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

    პოლიციამ თავდასხმების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  • პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა

    საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    ყურადღება დაეთმო საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო - აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით.

    პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია.

    ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • აშშ-მა ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა

    ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტმა, ბოლოდროინდელი ავარიების შემდეგ, ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა, რათა ჩაატაროს თვითმფრინავების უსაფრთხოების შემოწმება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ივნისში სამი ავარიის შემდეგ, რომელთაგანაც ორი ფატალური იყო.

    აშშ-ს საზღვაო ძალების პილოტი, 3 ივნისს ლოს-ანჯელესის მახლობლად მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა, როდესაც საწვრთნელ ფრენას ატარებდა თვითმფრინავით F/A-18E Super Hornet.

    8 ივნისს, ხუთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა კიდევ ერთი თვითმფრინავის MV-22B Osprey-ის კალიფორნიაში სან დიეგოს აღმოსავლეთით ჩამოვარდნის შედეგად.

    9 ივნისს, კალიფორნიაში რუტინული სასწავლო ფრენის დროს ავიაკატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა MH-60S Seahawk-მა. საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენში მყოფი ოთხივე ადამიანი გადარჩა.

    სამივე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

     

  • საქართველოს პრეზიდენტმა რომში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო უცნობი ჯარისკაცის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

    საქართველოს პრეზიდენტი „ვენეციის მოედანზე“ მდებარე უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ლორენცო გუერინისთან და გენერალური შტაბის უფროს ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონესთან ერთად იმყოფებოდა.

    ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და სამხედრო მარში

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება

    საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს პრეზიდენტი:

    დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს. არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, რომ პირველი ვიზიტი საქართველოში შემდგარიყო. ეს ჩვენი მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ნიშანია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. 

    ასევე, ამ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ეს 30 წელი ჩვენი ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მუდამ კეთილმეზობლურია, რაც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას ასახავს, რომელიც მეგობრულად, ურთიერთშეთავსებითა და თანამშრომლობით კიდევ საუკუნეები გაგრძელდება. 

    ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, კიდევ ერთხელ ირღვევა ჩვენი ქვეყნების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც.

    ყველასთვის შემაშფოთებელია, რასაც უკრაინაში ვხედვთ - ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგევართ და მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ.

    რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესია. სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელედება და მძიმდება, რასაც დღეს, 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის სახით ახალი მუქარაც ემატება, თუმცა, ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს, ყოველმხრივ, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალ განვითარებისთვის, კიდევ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

    ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

    შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს - სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტეციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და  ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.

    აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება. 

    ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალქეების თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. 

    დაბოლოს, მინდა, ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და მომავალი საუკუნეების მანძილზე ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გამყარება. 

    სომხეთის პრეზიდენტი:

    უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისთვის და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში, პირველი, ოფიციალური ვიზიტი მეზობელ, სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელე. ეს წელი განსაკუთრებულია და ჩვენი ქვეყნებისთვის საიუბილეოა, რადგან ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. 

    მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. 

    კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთიბები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთიბისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. 

    მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უფრო მეტად გაფართოებისათვის სრულდება ორმხრივად აღებული ვალდებულებები. 

    სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ,,განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები“ ეწოდება და ეს ასეთი კვალიფიკაცია უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას განაპირობებს, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები. თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი სრულ ურთიერთნდობას ეფუძნება.

    დღეს, მე და ქალაბატონმა პრეზიდენტმა, მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი განვიხილეთ და შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო, სატრანსპორტო დერეფანი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, საჭიროა ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახლემწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას გვაძლევს გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები.

    ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავს საკითებში - რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში, ყველაფერი ქართულ-სომხურ მეგობრობას ეფუძნება. 

    დიდი მადლობა მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ყველა წამოწყების წარმატებულ დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს წარმატებებს მოუტანს.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური