​აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 იანვარი 2022 13:10

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. შესაბამისი პრეს-რელიზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი ასევე შეეხო ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებს.

 

წაკითხულია 358 ჯერ

Related items

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადებას
    საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა „Politico“-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.
    სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.
    საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ 7-8 ივნისს, სართაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით.
    დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია.
    სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით.
    საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.
    კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან.
     
    წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  • ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს

    ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დაასრულეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა  და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

    კურსის დახურვის ცერემონია საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მონაწილეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. მათ სამხედროებს წარმატებები უსურვეს და ორმხრივი  თანამშრომლობის  გაღრმავების პროცესში  ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. 

    კურსის ძირითადი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეების  სამთო-ტექნიკურ  მომზადებას დაეთმო.  სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით,  მათ  კლდეზე ცოცვის, სამთო აღჭურვილობის მოხმარების, ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, მდინარის გადალახვის, მთიან რელიეფზე  უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის, კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებისთვის საჭირო ხერხები და ტექნიკა შეისწავლეს.  ღონისძიების დასასრულს მსმენელებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. 

  • აშშ-ი უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ე. ბლინკენმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ გვერდში დგომას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, როდესაც ისინი იცავენ თავს რუსეთის აგრესიული ომისგან. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მიღებული მანდატის თანახმად, მე ვამტკიცებ ტრანზაქციას უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, აშშ-ს ინვენტარიდან.“

    ბლინკენი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომო რომ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ იგი ამას ისურვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს.

    თავის მხრივ, პენტაგონის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში 300 მილიონი დოლარის პაკეტის მოცულობა იქნა გაზიარებულია.

    შესაბამისად, პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ (HIMARS), TOW და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Hydra-70 საჰაერო რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები.

    ასევე აღინიშნა, რომ პაკეტში შედის მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, მძიმე ტექნიკა, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა სათადარიგო ნაწილები.

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ!

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

    როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ გარკვეული რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული. 

    "შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.

  • ქალბატონ კატრინ კოლონას, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფრაგლებში 26-დან 28 აპრილამდე და გამოხატავს მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება. ის აღნიშნავს საფრანგეთის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთოშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. ის ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და დაუყოვნებლივ აღდგეს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მიმოსვლა.

    ბაქოში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის აგრეთვე პატივს მიაგებს 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.

    ერევანში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა ბატონ არარატ მირზოიანთან. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს.

    თბილისში, მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური