ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება - ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021 15:11

ახალ 2022 წელს, ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან  30 წელი სრულდება. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე, ურთიერთობის პერსპეტქივებზე, პანდემისთან ბრძოლოს კუთხით მხარდაჭერასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში - ლი იენი ესაუბრა:

-  ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელთან  დაკავშირებით,  თქვენ, როგორც ჩინეთის ელჩი, ამჟამინდელ ურთიერთობებსა და „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას როგორ შეაფასებდით?  და  რა პერსპექტივა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

-  დიახ, მომავალ წელს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავია. კარგი ფაქტია ის, რომ 30 წლის მანძილზე, ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა ურთიერთობებმა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ სწრაფი განვითარება პოვა; რომ  ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად იზრდება. ბოლო წლებში კი,  მაღალ დონეზე კავშირები ნარჩუნდება; სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - ვანგ ი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჩინეთში ესწრებოდნენ დავოსის ფორუმს, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ისტორიული თუ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის დიდი პერსპექტივა ჰქონდა. იმედი მაქვს, ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის მომენტს გამოიყენებს პოლიტიკური ურთიერთნდობის უფრო გასაღრმავებლად, „სარტყლისა და გზის“ და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რათა ორმხრივი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდეს და მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩინელ და ქართველ ხალხს. 

„სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობის რვა წლის შედეგების და გამოცდილების შეჯამებისას, გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა „ერთობლივი კონსულტაციების, ერთობლივი მშენებლობისა და ურთიერთგაზიარების“ პრინციპის დაცვას, ინფრასტრუქტურის, როგორც „მყარი კავშირის“ და ნორმებისა და სტანდარტების, როგორც „რბილი კავშირის“ მნიშვნელობას, ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდასა და „სარტყლისა და გზის“ მაღალი ხარისხით განვითარებას. ჩვენ სწორედ ამ იდეებით ვხელმძღვანელობთ და საქართველოსთან „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობას ინტენსიურად ვაძლიერებთ. ქართული მხარის ორგანიზებით, უკვე სამჯერ ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი. საქართველო ასევე მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩინეთში გამართულ „სარტყლისა და გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე“. ჩინური კომპანიები საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნებს შორის „მყარი კავშირის“ დასამყარებლად. 2018 წ. ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. საქართველო გახდა ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. „რბილი კავშირის“ სტიმულით ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ზედიზედ რამდენიმე წელია სტაბილურად იზრდება. ჩინეთი ასევე სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას და უკვე ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარიც გახდა. კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდას. სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა ეუფლება ჩინურ ენას, ჩინეთის ახალ საინფორმაციო საიტებზე სულ უფრო ხშირად შეხვდებით ბლოგებს საქართველოს შესახებ, ჩინელი ახალგაზრდობაც სულ უფრო მეტად ეცნობა საქართველოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას რეალური და ხელშესახები შედეგები აქვს.

-  წარმოების შესაძლებლობების ზრდის კუთხით თანამშრომლობისა და განვითარების სტრატეგიების დაახლოების გარდა, თქვენი აზრით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა?

-  ჩინეთი და საქართველო განვითარებადი ქვეყნებია, ამიტომ, მათ მსგავსი განვითარების საჭიროებები აქვთ. პოლიტიკის დონეზე ბევრი საერთო შეხების წერტილია, მაგრამ, ერთმანეთისგანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია. საქართველოს, როგორც „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყანას, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას უთმობს ამ უპირატესობის გამოყენებას და ქვეყნის ევრაზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლის განვითარებას და ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებას აქტიურად უწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის შექმნის კუთხით, ჩინეთს ტექნიკური უპირატესობა და მდიდარი საინჟინრო გამოცდილება აქვს. ორი ქვეყანა უკვე არაერთ პრიორიტეტულ პროექტს ახორციელებს და თანამშრომლობის განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალიც არსებობს. 

საქართველო ჩინეთთან სავაჭრო კავშირებს უწყვეტად აღრმავებს. 2018 წ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდის ტენდენცია სახეზეა. ეპიდემიით გამოწვეული საერთო კლების მიმართ ორმხრივი ვაჭრობა საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა. მჯერა, მომავალში საქონლით ვაჭრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ორი ქვეყნის მოსახლეობა უკეთ შეძლებს მეორე ქვეყნის საუკეთესო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობას საქართველოს წარმოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ორმხრივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ ბევრი თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება, მათ შორის, აღსანიშნავია სასათბურე მეურნეობების მხარდამჭერი პროექტი. აგრარულ სექტორს  ჩინეთშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება და გლეხების კეთილდღეობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩინეთმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოფხვრა უკიდურესი სიღარიბე. მჯერა, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ინსპირაციის წყარო იქნება. მზად ვართ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა. მზად ვართ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. 

სინამდვილეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს პოტენციალი, მაგ. ტურიზმის, კულტურის, განათლების და ა.შ. თუმცა, პანდემიის ზეგავლენით, ამ სფეროებში კომპლექსური თანამშრომლობის განვითარება დროებით შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა უფრო მძაფრად გაიზრდება და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩქაროსნულ ზოლში გადავა. 

- როგორ შეაფასებდით ჩინეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო თანამშრომლობას? ბოლო დროს საქართველოში ეპიდ-მდგომარეობა არც ისე კარგია, კოვიდ-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში, ჩინეთი დამატებით დახმარებას თუ გაუწევს საქართველოს?

-  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა მუდამ ერთმანეთს უჭერენ მხარს  და ეხმარებიან. რეალური ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. ჩინური მხარე „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას ემხრობა, ხელს უწყობს „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას, საქართველოს აქტიურად უზიარებს ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პროდუქციით, 200 000 დოზა ვაქცინა საჩუქრად გადასცა, ხოლო 2 600 000 ვაქცინის ექსპორტი მოახდინა, რითაც აქტიური როლი ითამაშა საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართული მხარეც აქტიურად ეხმარება ჩინეთს: ქვეყანამ საელჩოს მხარი დაუჭირა ჩინეთის მოქალაქეების ვაქცინაციის ორგანიზებაში, რითაც საქართველოში მცხოვრები ჩინელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყო.

სამწუხაროდ, მსოფლიოში პანდემია კვლავაც მძვინვარებს. საქართველოში ეპიდ-სიტუაცია შედარებით მძიმეა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში პირველად დაფიქსირდა ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევა. სპეციალისტების თანახმად, ომიკრონის შტამი ვირუსის წინა შტამებზე 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ამიტომ, საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას. ჩინეთი ყოველთვის აქტიურად პასუხობს საქართველოს საჭიროებებს და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ეხმარება მას. ჩინეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ეპიდემიის ჩრდილიდან, აღადგინოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

-  პეკინის ზამთრის ოლიმპიადა მალე დაიწყება. როგორ ემზადება ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის?

-  24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალს, ოფიციალურად გაიხსნება. ეს მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისა და ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის გრანდიოზული ღონისძიებაა. პეკინი პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში, რომელიც, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს, რითაც ჩინეთისა და ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ახალი თავი დაიწერება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის მაინც მაქსიმალურად ემზადება. იგი ყველაფერს აკეთებს ეპიდემიის პრევენციისათვის და ცდილობს, რომ მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადა აჩუქოს. წარმატებული ოლიმპიადა მთელი მსოფლიოს ხალხებს რწმენას შემატებს და ეპიდემიის წინააღმდეგ გაერთიანებასაც ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ოლიმპიური სულისკვეთება. ზოგიერთ ქვეყანასა და პიროვნებას სპორტის პოლიტიზება სურთ, რასაც, მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ, რომ მარცხს შეეგუონ.

მოგეხსენებათ, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი და ზამთრის სპორტის სხვა სახეობები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ქვეყანაში არაერთი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. უკვე 8 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კვალიფიკაცია. იმედია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას  პეკინის ზამთრის ოლიმპიადაში, საკუთარ ნიჭს სრულად წარმოაჩენს და შესანიშნავ შედეგებსაც მიაღწევს.

წაკითხულია 256 ჯერ

Related items

  • ჩინეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
    ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი ამილახვარს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ჩინეთის საელჩოში განუცხადეს.
    მათი თქმით, 2022 წლის 21 ივნისს, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან გიორგი ამილახვართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
    შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და საპარლამენტთაშორისო და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
  • „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“

    ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, 15 ივნისს, გაზეთში „გოძი შანგპაო“ საქართველოში ჩინეთის ელჩის - ჭოუ ციენის საავტორო სტატია გამოქვეყნდა.

    „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“
    საქართველოში ჩინეთის ელჩი - ჭოუ ციენი
    წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება. მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, ერთმანეთს ენდობიან და კეთილსინდისიერად თანამშრომლობენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, ეხმარებიან, ერთად ვითარდებიან, ხელს უწყობენ „სარტყლისა და გზის“ და სხვა მიმართულებით საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას; ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
    - პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად იზრდება
    1992 წლის 9 ივნისს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მას შემდეგ, ორივე ქვეყანა მუდამ იცავს თანასწორობის, ურთიერთნდობის, გულწრფელი თანამშრომლობის და ერთობლივი განვითარების პრინციპს; ჩინეთი და საქართველო ერთად იცავენ საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს; პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძირითად ინტერესებს. ერთად მისდევენ ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომლის ბირთვსაც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია წარმოადგენს; ხელს უწყობენ ინოვაციებს, საერთო შეხების ფაქტორების მოძებნას, მწვანე და დაბალნახშირბადიან ეკონომიკას, დაბალანსებულ განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების გაფართოებას, რეგიონულ განვითარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ეკონომიკური გლობალიზაციით მიღებული შედეგების ურთიერთგაზიარებას. საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. ჩინეთი და საქართველო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და სავაჭრო ზონების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში საქმიან თანამშრომლობას აქტიურად ახორციელებენ; ცდილობენ პოლიტიკური კოორდინაციის, ინფრასტრუქტურული კავშირების, თავისუფალი ვაჭრობის, ფინანსური ინტეგრაციის და ხალხთაშორისი კავშირების რეალიზებას. ამ მხრივ, ორმა ქვეყანამ არაერთ წარმატებას მიაღწია. შეიქმნა ურთიერთსარგებლიანი განვითარების მოდელი. ორ მხარეს შორის პოლიტიკური ნდობა დღითიდღე იზრდება. ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან.
    - ორმხრივი ვაჭრობა სწრაფად ვითარდება
    ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. მრავალი წელია, სავაჭრო ბრუნვა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს. სტატისტიკური მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 1992 წელს სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 1.48 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 400-ჯერ გაიზარდა. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა დაამყარა. ამით, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ახალი პერიოდი დაიწყო. ორმხრივი ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ რეგიონის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ, პირიქით, კიდევ უფრო მოიმატა. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკის აღდგენაში და ქართული მხარის კმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა წინა წელთან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა და 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა და 616 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 22%-ით გაიზარდა და 865 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა. ორმხრივი ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში 10.3%-ია. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა, ჩინეთში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.5%-ია. ჩინეთი საქართველოს საიმპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილზეა, ჩინეთიდან იმპორტის წილი მთლიანი მოცულობის 8.6%-ს შეადგენს.
    - თანამშრომლობა უწყვეტად ღრმავდება
    საქართველო, ევროპისა და აზიის გასაყარზე, სტრატეგიულად მნიშველოვან ადგილას მდებარეობს. იგი უძველესი კულტურის და თვალწარმტაცი ბუნების მქონე ქვეყანაა. საქართველო ცნობილია, როგორც „ღვთის ბაღნარი“ და „ღვინის სამშობლო“. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მაღალი დონის ეკონომიკური თავისუფლება და კარგი საინვესტიციო პირობებია. ბოლო წლებში, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, უცხოური კაპიტალის გამოყენებით აქტიურად უწყობს ხელს პორტების, ჩქაროსნული მაგისტრალების, რკინიგზის, ელექტროსადგურების, წყალმომარაგების და სადრენაჟე სისტემების და მისთ. მშენებლობას. „გარეთ გასვლის“ სტრატეგიის ფარგლებში, ჩინური კომპანიები საქართველოს შედარებით ღია და სამართლიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, აქტიურად მონაწილეობენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინვესტიციებს დებენ ინდუსტრიული პარკების, ჰიდროელექტროსადგურების და მისთ. მშენებლობაში, აქტიურ როლს თამაშობენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; მათი აქტიურობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამავდროულად, ჩემი ქვეყნის შესაბამისი მაღალხარისხოვანი აღჭურვილობა, სპეციალური ტექნოლოგია, მენეჯმენტის გამოცდილება ქართულ ბაზარზე ფეხს იკიდებს და დიდი ნდობით სარგებლობს. ჩინეთი და საქართველო განაგრძობენ საქმიან თანამშრომლობას, მრავალმხრივი და ორმხრივი შესაძლებლობების გამოყენებას, ერთმანეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, ფორუმებზე, გამოფენებზე, სემინარებზე დასწრებას; საქართველოს მთავრობა, ორგანიზაციები, ბიზნესასოციაციები და მათი წევრი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოში, კუანგჭოუს ბაზრობაში, ჩინეთის საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაში, ცენტრალური ჩინეთის ექსპოსა და სხვა ღონისძიებებში, ჩინეთის შესაბამის ასოციაციებთან და კომპანიებთან ამყარებენ კონტაქტებსა და საქმიან თანამშრომლობას, სარგებლობენ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დადებითი მხარეებით და მსოფლიო ბიზნეს შესაძლებლობებით.
    სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის არსებულ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში პრაგმატული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ფართო პერსპექტივას აჩენს. ორმხრივ სავაჭრო თანამშრომლობაში განვითარების ახალი პერიოდი იწყება. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას. იმედია, საქართველო დამაკავშირებელი ხიდის როლს ითამაშებს და დაეხმარება ჩინურ კომპანიებს დსთ-ის, აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ბაზრებზე გასასვლელად, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ბაზრებსა და მოსახლეობას.

     

  • ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ხელს უწყობს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის გაღრმავებას

    2022 წლის 9 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მილოცვები გაცვალეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით. ორი მხარის ლიდერებს შორის მეგობრულმა ზარმა გაამხნევა საქართველოში მოღვაწე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის (China Railway 23rd Bureau Group Co.) ყველა ქართველი თანამშრომელი.
    ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი(China Railway Construction 23rd Bureau Group), როგორც ჩინეთის მიერ დაფინანსებული უმსხვილესი საწარმო კონტრაქტორი საქართველოში, მუდმივად მონაწილეობდა საქართველოს თბილისის რგოლის რკინიგზის, თანამედროვე რკინიგზის, E60 მაგისტრალის,ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გზის მშენებლობასა და სხვა პროექტებში.

    კომპანია ყოველთვის ერთგული იყო ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში.
    ქართული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ხალხის საარსებო წყაროს გაუმჯობესების პროექტებში აქტიურად მონაწილეობისას პარალელურად კომპანიას ასევე აქვს გამბედაობა, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჩინურ-ქართულ კულტურულ ინდუსტრიაში და საქველმოქმედო ღონისძიებებში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა  გადარჩენაში, მოინახულოს ადგილობრივი საბავშვო ბაღები, ადგილობრივი სოფლის მოსახლეობისთვის შეაკეთოს გზები და წყალსაცავები, ჩაერთოს ტყის გაშენებასა და სხვა სამუშაოებში, რის გამოც არაერთხელ მიიღეს შექებისა და მადლობის წერილები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მოსახლეობისაგან.

    ამავდროულად, კომპანიის “ლოკალიზებულმა” მენეჯმენტის მოდელმა ადგილობრივ ტერიტორიაზე ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა და პროექტის განხორციელების ზონის მახლობლად მოსახლეობის დასაქმებას სრულად შეუწყო ხელი. კომპანიას ახლა უფრო და უფრო მეტი ქართველი იცნობს, რომელიც არა მხოლოდ ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას მატებს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, არამედ აძლიერებს მეგობრობას ჩინეთისა და საქართველოს ერებს შორის.

  • იშვიათი ჩინური თეთრი დელფინები აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროზე გამოჩნდნენ (ვიდეო)

    სიამენი, (სინჰუა) -- სიამენი არის ერთადერთი ქალაქი ჩინეთის კონტინენტზე, სადაც ჩინეთის თეთრი დელფინები შეიძლება ნახოთ პლაჟებიდან.

    ცნობილი როგორც "ზღვის გიგანტური პანდა", გადაშენების პირას მყოფი სახეობა ჩინეთში სახელმწიფო მფარველობის ქვეშ იმყოფება. ეს სახეობა ზოგადად ცხოვრობს არაღრმა წყლებში, 10 მეტრზე ნაკლებ სიღრმის ზღვაში.

    სიამენში დაფუძნებული მკვლევარის, ვანგ ქსიანიანის თქმით, ამჟამად სიამენის ყურეში 60-დან 70-მდე ჩინური თეთრი დელფინია, 1990-იან წლებში მათი რაოდენობა დაახლოებით 40 იყო. 

    აღსანიშნავია, რომ ნაპირებთან მცხოვრებ ზოგიერთ მაცხოვრებელს შეუძლია ამ ძუძუმწოვრების დანახვა საკუთარ აივანიდანაც კი.

    დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

     

  • ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს.

    ლი კეციანის თქმით, დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება.

    "ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს და გისურვებთ წარმატებებს.
    დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ ამ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება, პოლიტიკური ნდობა მხარეებს შორის იზრდება, სხვადასხვა სფეროში შეინიშნება პრაგმატული თანამშრომლობის დამაჯერებელი წინსვლა, ხოლო მოქალაქეთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლა სულ უფრო მტკიცე ხდება.

    ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის გამოყენება, როგორც სხვადასხვა სფეროში ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ასევე ჩვენი ქვეყნებისა და ერების სასიკეთოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და მეგობრობის კონოტაციის გაფართოების შესაძლებლობა.

    გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში.

    გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მარადიულ მეგობრობას!", - აღნიშნავს ლი კეციანი.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური