საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021 12:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. ამის შესახებ ი. ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ზ. აზარაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, და მათ შორის ქართული ავიაციის აღდგენის საქმეში.
„ზ. აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი გაიზარდა ექიმის ოჯახში, აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, და ფინანსური მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. ასევე კარგად იცის თუ რა პრობლემები აქვს დღეს საქართველოს მოსახლეობას. მინდა ვუსურვო მას წარმატებები ახალ თანამდებობაზე მუშაობისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე იყო შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
გარდა ამისა, რამდენიმე წელი მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის თანამდებობა, საკუთარი სურვილით 9 დეკემბერს დატოვა.

წაკითხულია 140 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.

    მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

    მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას.

    მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა.

    აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

    შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • საქართველოს ისტორიული არჩევანია, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - ი. ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

    ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

    შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.

    ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

    შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

    ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრი მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

    ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
    ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა და ზეწოლას.
    ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედია-სივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას.
    კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი

    ირაკლი ღარიბაშვილი

  • დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნა

    დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

    „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, სფეროს წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური