ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 25 დეკემბერი 2021 11:59

გუშინ სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" გაიმართა სეოკ-ის საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.

საანგარიშო სესიის დამთავრებისთანავე გაიმართა სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც უძღვებოდა ოთარ ტატიშვილი.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ამსახველი სპეციალური ვიდეო რგოლით.

სეოკ-ის ვერსიით საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ტოკიო-2020-ის ჩემპიონები - ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომლებმაც სეოკ-ის გან მიიღეს საგანგებო პრიზი, ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის სკულპტურა - ,,ოლიმპიური ალი".

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადნენ:

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი-ლაშა გუჯეჯიანი(ძიუდო).

2021 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი-ლალი დოლიძე-ჯანტეზი (მხატვრული ტანვარჯიში).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფედერაცია-საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

2021 წლის აღმოჩენა, ,,ოლიმპიური იმედი\"-ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

2021 წლის აღმოჩენა ,,,ოლიმპიური იმედი\"-მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობებში -მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობაში-გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი).

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია.

2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის- სეოკ-ის გენერალური სპონსორი ს/ს ,,საქართველოს ბანკი.\"

ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდაჭერისთვის-საქართველოს პირველი არხი

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია

ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სს,, საქართველოს ბანკის\" გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორობისთვის - კომპანია ,,თელიანი ველი"

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა კომპანია ,, ავერსის\" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.

სეოკ-ის გენერალური სპონსორის სს,, საქართველოს ბანკის\" გადაწყვეტილებით, ,,ტოკიო 2020\" ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ ყოველთვიური ხელფასი, ხოლო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორების პირად მწვრთნელებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორები , მწვრთნელები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი იყო სეოკ-ისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება. 

წაკითხულია 292 ჯერ

Related items

  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

    ავსტრიის ობერვარტში ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კაცთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ჩვენი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ტატამის დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ), რომელმაც ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა.

    მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში იპონით მოუგო მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩს. ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უნგრელ როლანდ გოზთან და ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა. ბექაურმა აქაც იპონით გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბექაურს ასევე ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილის ძმასთან, ვახიდ ბორჩაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და აქაც წარმატებას მიაღწია.

    ასევე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვლადიმერ ახალკაცსაც (81 კგ). ფინალამდე ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა. დაამარცხა ავსტრიელი, შვეიცარიელი, ბრიტანელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ფრანგ ნიკოლა ჩილარის ოქროს ქულით მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

    ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ).

  • ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონია!

    ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეს ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ კონტინენტის საუკეთესო ძალოსანი გახდა.

    ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა - 208, 212 და 217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

    წარმატებით შეუდგა  გამოსვლას აკვრაშიც. პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი დაიმორჩილა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა დაიბევა. მეორე მისვლაზე 253 კილოგრამი შეუკვეთა და... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წონა ვერ დაიმორჩილა, შემდეგ კი უარი თქვა მესამე მისვლაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მოეპოვებინა ოქროს მედალი.

    რა თქმა უნდა, ოქროს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 462 კილოგრამით.

    გასათვალისწინებელია, რომ მომავალმა ტრიუმფატორმა ოქროს მედლები ტრავმირებულმა მოიპოვა.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2  ბრინჯაოს მედლით დაასრულა, აქედან ერთი ბრინჯაო ქალთა ნაკრებზე მოდის.

  • ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანია!

    ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ცნო!
    ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა.
    აღსანიშნავია, რომ ევროპის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.
    ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა!
    შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და რეკორდებიც დაამყარა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესოდ ძალოსნად აღიარეს!
    გოგონათა შორის საუკეთესოდ რუმინელი ტომა ლორედანა აღიარეს.

    წყარო: https://ewf.sport/2022/05/22/ewf-2021-best-weightlifter-of-the-year-voting-is-now-closed/?fbclid=IwAR0oGj0XjyFba-5-Z2C8CPdcgVpoHlOiFEo7fQnm0iyc0LeczClUktIHVXY

  • ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება.

    აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.

    მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს მათდამი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

    ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და  დასაფასებელია.

    შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა.  

    სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

  • ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა

    ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონითი კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. 

    დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშა ბექაურმა გერმანიის ნაკრების ძიუდოისტი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი "ვაზარით" დაამარცხა. 

    ლაშა ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერასთან ორთაბრძოლაში ჯერ "ვაზარი" გააკეთა, შემდეგ კი შეხვედრა შებოჭვით დაასრულა. მეორე ტურში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან "ვაზარით" აგებდა, თუმცა ჩამორჩენა "ვაზარითვე" გააბათილა და შემდეგ ავასატე იპონით (წმინდა გამარჯვება) დაამარცხა.

    მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე უზბეკეთის წარმომადგენელი დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ძიუდოისტი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

    შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ამ დროისათვის ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოცეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური