პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 დეკემბერი 2021 18:45

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, არსებითად, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი.

პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. ჩვენი მხრივ, მე ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკური გუნდის სახელით, კახას ვუხდით დიდ მადლობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა, მას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო. ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია  არ ჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. შალვა წლების მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგრეთვე უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. შალვა პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციის მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. წარმატებებს ვუსურვებ შალვას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

აგრეთვე, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე,  წარმატებას ვუსურვებ გიორგის.

ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი:

-           პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და

-           „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი.

წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის!

წაკითხულია 432 ჯერ

Related items

  • შალვა პაპუაშვილი: კავკასიის უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე გადის

    „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. კავკასიის უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე გადის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე.

    მისი თქმით, შეირაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა.

    „ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას ჩვენს რეგიონში. ამ ისტორიულ დღეს, მსურს, ხაზი გავუსვა შეიარაღებული ძალების მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების დაცვაში, არამედ ჩვენი ხალხების მშვიდობიანი ყოფის უზრუნველყოფაში. შეირაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ვუსურვებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ღირსეულად მსახურებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და შეიარაღებული ძალების დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

    შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

    თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკურებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე.

    ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა.

    მისი თქმით, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ურყევია ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

    შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

    ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი.

    მან აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

    შეხვედრას, საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

  • გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

    დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

    პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

    რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

  • ი. კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

    დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

    საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.

    დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.

    სესიას მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.

    გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე.

    ასევე გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

  • შალვა პაპუაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის შეხვდა.

    შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუიარ ოსმანის ვიზიტისთვის და ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის გეოპოლიტიკურად რთულ პერიოდში.

    შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

    ბუიარ ოსმანიმ მადლიერება გამოხატა ეუთოს საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდამჭერი და რეგიონული ინიციატივების ცენტრია.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

    მხარეებმა დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობა. 

    ისაუბრეს საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

    ბუიარ ოსმანიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროინტეგრაციის ხანგრძლივ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მიღებული, რომლის გაზიარების მზაობა გამოხატა.

    შეხვედრას, შალვა პაპუაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, თინათინ ბოკუჩავა და ქეთევან თურაზაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური