თინათინ ხიდაშელი: „ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე თქვენზე დგას“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 ივლისი 2015 12:52

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართული სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მზადაა. ქართველი სამხედროები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააცილეს. გაცილების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა: „ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე თქვენზე დგას. ავღანეთში ქართველი მეომრების საქმიანობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უყურებს და რითიც გვაფასებს მთელი მსოფლიო. როგორი იქნებით თქვენ, როგორები იქნებით ავღანეთში, დიდწილად არის ამაზე დამოკიდებული ქვეყნის ავტორიტეტი. დღეს თუკი საქართველოს პატივს სცემენ სადმე, დედამიწის რომელიმე წერტილში, თუკი საქართველო ამაყად დადის ნატოს დერეფნებში, თუკი საქართველოსთვის კარი ყველგან ღიაა, პირველ რიგში ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით თქვენ“.

ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ცერემონიალის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სწრაფი რეაგირების ასეული. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.

ქართველმა სამხედროებმა მომზადება ივნისში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და  „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე,  ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, დადებითად შეფასდა.

წაკითხულია 574 ჯერ

Related items

  • თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    2020 წლის 21-22 იანვარს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვევა. აღნიშნული ორმხრივი ვიზიტი ხორციელდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ (2009 წლის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმე ვერჰაგენი).
    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.  ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი დინამიკის გაგრძელებას, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტმა ნიდერლანდების სამეფოში. შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი,  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მინისტრების განცხადება პრესისთვის.
    ოფიციალური  ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი  ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანმხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
    სტეფ ბლოკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

  • საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

    3-5 ივნისს საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ ეწვია.

    ვიზიტის ფარგლებში ბოცვანას დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს შეხვდება.

    უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოცვანას დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.

    ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.

  • სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოეწერა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

    შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

    დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

    მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

    შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

    „ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

    მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

    თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

    „საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

     

  • მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა. 

    შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვანგ ვენფუნგმა ქართულ დელეგაციას კორპირაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით გამოთქვა დაინტერესება. 

    “ეს კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის და სასიხარულოა, რომ მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მომავალ პროექტებში, რაც ქართულ ბაზარს მიმზიდველს და მეტად კონკურენტუნარიანს ხდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

    ვიცე-პრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და საინვესტიციო გარემოს უკეთ შეფასების მიზნით, კორპორაციის ხელმძღვანელები თბილისში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, "აბრეშუმის გზის ფორუმზე" დაპატიჟა.

    ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური შემადგენლობა.
     

  • ვიცე-პრემიერმა ეკონომიკურ ფორუმზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მნიშვნელობაზე ისაუბრა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

    სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარ გამოსვლაში მაია ცქიტიშვილმა დიდი დრო დაუთმო საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონულ  ცენტრად და მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად ჩამოყალიბების მიზნით, საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო ასეთი ზონების შექმნაზე ფიქრი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება უცხოური კომპანიების საქმიანობის გააქტიურებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, რათა მათ დადგენილი შეღავათების გამოყენებით, 2.3 მილიარდიანი ბაზრით ისარგებლონ. 

    ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში ამჟამად სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს. 

    „სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის მეტად გამოყენების მიზნით, საქართველო-ჩინეთს შორის 2017 წელს გააფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ეკონომიკური ზონების განვითარების შესახებ. ასეთი ზონები ეხმარება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სამეწარმოე პოტენციალის  და სამეწარმეო  კლასტერების განვითარებას. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონების განვითარება მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისთვის, ახალისებს მეწარმეებს, რაც თავის მხრივ ააქტიურებს ეკონომიკური საქმიანობის ბევრ სექტორს, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და საერთო ჯამში, ხელს უწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური