საქართველოს პრეზიდენტი - მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021 10:22

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.

,,დღეს საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებით და პოლარიზაციით და სურვილი აქვთ რომ გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეს პროცესი დავიწყო, მასში ჩემი წვლილი შევიტანო და რამდენადაც შემიძლია მივიყვანო იქამდე, რომ სულ მცირე, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და შემდგომ შეთანხმება, თუნდაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს - ხვალ რაღაც ზეპროცესი ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან.

ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია. 

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება დღეს, აქაც არის ამ ტრადიციის დაკარგვის და რაღაც სრულ პოლარიზაციაზე გადასვლის ტენდენცია, რომელიც არცერთ დარგს არ ტოვებს ამ პოლარიზაციის გარეთ. ეს ძალიან რტული პროცესია, რომელიც ჩვენზე ბევრად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვრცელდება დღევანდელ დღეს.

მე არ მაქვს ილუზია იმისა, რომ ეს ადვილი პროცესია, ან ხვალვე რამე შედეგს დავდებთ, მაგრამ თუ არ დავიწყებთ ქვეყანასთან ერთად ჩიხურ სიტუაციაში ჩავიძირებით. ამიტომ, მე მინდოდა თქვენთანაც ამ ინიციატივის გაზიარება და თქვენი მხარდაჭერის იმედის გამოხატვა.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღესასწაულები და ვისურვო, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება, რაც ამ პატარა ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა გაგრძელდეს, გაძლიერდეს და იყოს სამაგალითო, როგორც იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიღებას ესწრებოდა ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.

წაკითხულია 135 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტმა რომში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო უცნობი ჯარისკაცის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

    საქართველოს პრეზიდენტი „ვენეციის მოედანზე“ მდებარე უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ლორენცო გუერინისთან და გენერალური შტაბის უფროს ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონესთან ერთად იმყოფებოდა.

    ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და სამხედრო მარში

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება

    საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს პრეზიდენტი:

    დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს. არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, რომ პირველი ვიზიტი საქართველოში შემდგარიყო. ეს ჩვენი მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ნიშანია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. 

    ასევე, ამ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ეს 30 წელი ჩვენი ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მუდამ კეთილმეზობლურია, რაც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას ასახავს, რომელიც მეგობრულად, ურთიერთშეთავსებითა და თანამშრომლობით კიდევ საუკუნეები გაგრძელდება. 

    ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, კიდევ ერთხელ ირღვევა ჩვენი ქვეყნების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც.

    ყველასთვის შემაშფოთებელია, რასაც უკრაინაში ვხედვთ - ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგევართ და მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ.

    რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესია. სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელედება და მძიმდება, რასაც დღეს, 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის სახით ახალი მუქარაც ემატება, თუმცა, ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს, ყოველმხრივ, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალ განვითარებისთვის, კიდევ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

    ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

    შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს - სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტეციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და  ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.

    აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება. 

    ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალქეების თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. 

    დაბოლოს, მინდა, ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და მომავალი საუკუნეების მანძილზე ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გამყარება. 

    სომხეთის პრეზიდენტი:

    უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისთვის და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში, პირველი, ოფიციალური ვიზიტი მეზობელ, სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელე. ეს წელი განსაკუთრებულია და ჩვენი ქვეყნებისთვის საიუბილეოა, რადგან ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. 

    მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. 

    კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთიბები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთიბისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. 

    მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უფრო მეტად გაფართოებისათვის სრულდება ორმხრივად აღებული ვალდებულებები. 

    სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ,,განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები“ ეწოდება და ეს ასეთი კვალიფიკაცია უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას განაპირობებს, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები. თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი სრულ ურთიერთნდობას ეფუძნება.

    დღეს, მე და ქალაბატონმა პრეზიდენტმა, მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი განვიხილეთ და შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო, სატრანსპორტო დერეფანი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, საჭიროა ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახლემწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას გვაძლევს გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები.

    ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავს საკითებში - რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში, ყველაფერი ქართულ-სომხურ მეგობრობას ეფუძნება. 

    დიდი მადლობა მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ყველა წამოწყების წარმატებულ დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს წარმატებებს მოუტანს.

  • სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

    სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

    სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც  ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

    ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

     

  • "მზად ვარ ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს" (ვიდეო)

    ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

    დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს, თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.

    26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება; ამგვარად, ქართველმა ერმა, ერთხელ და სამუდამოდ, უარი თქვა სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე.

    26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

    ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა. რამეთუ, დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი! ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს. თუმცა, ეს დაფიქრება, ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან, სიფრთხილესთან ერთად, ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას. მოითხოვს, პირველ რიგში - და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება - ერთიანობას.

    ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:

    1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.

    2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.

    3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.

    4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.

    ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით - ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა.

    დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!

    ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და  ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს.

    ამ დროს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს.

    დღეს 26 მაისს  ჩემი თხოვნა და მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკურ ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის: ძალა ერთობაშია! როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია! ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ! კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს!

    მინდა წაგიკითხოთ ერთი წინადადება ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის მიერ შექმნილ დეკლარაციიდან: „საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად რათა ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“.

    ჩვენ გვევალება, რომ ამ ახალგაზრდებს ვუსმინოთ და მომავალ თაობებს საკუთარი არჩევანისთვის გზა გავუხსნათ. წარმატება ამ გზაზე ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ნიშნავს ყველაზე: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება თავის ყველა კომპონენტით.

    მე ამიტომ მზად ვარ ვიყო თქვენი ყველასი ხმა და ეს ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს! რათა გაიგონ საქართველოს ერთიანი გზავნილი „ევროპელები ვართ“! რამეთუ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მშვიდობის გამყარება, მხოლოდ ამ გზით მოიპოვება... ამ  მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველა.... და ასე მესმის დღეს თქვენს მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: „ვემსახურები საქართველოს!“

    გაუმარჯოს საქართველოს!

    გთავაზობთ ვიდეოს: 

     

  • ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ მილოცვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "გილოცავთ მეგობრებო ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს 26 მაისს, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღეს!

    რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ფონზე, ჩვენი ბრძოლა დღესაც გრძელდება - ძვირფასი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.

    ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს, ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს!  ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ და უნდა გვახსოვდეს, თუ ერთად ვიქნებით, რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკასაც მალე დავამარცხებთ და მეტად განვამტკიცებთ ჩვენს მრავალეროვან სახელმწიფოს. ჩვენი ყველას ვალდებულებაა რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო".

    დიდი პატივისცემით,

    ილია ზუკაკიშვილი

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

    2022 წლის, 26 მაისი - თბილისი, საქართველო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური