საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა - დ. ზალკალიანი
2021 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკურ სხდომას პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა. დავით ზალკალიანის თქმით, ამაზე მიანიშნებს ორმხრივი ვიზიტების მაღალი დინამიკა .
„დღეს განსახილველი საკითხები ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ძალიან აქტუალურია ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა ასევე ორმხრივ ფორმატებში გვექნება საუბარი იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გაჟღერებული, განსაკუთრებით სამხრეთ-კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივასთან დაკავშირებით.“-განაცხადა ზალკალიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია