ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 17 დეკემბერი 2021 11:32

ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, განახორციელებს ინვესტიციას 34 მილიონი ევროს ოდენობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი, როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.

წაკითხულია 198 ჯერ

Related items

  • ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).

    აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მერსი ქორფსის პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სს ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ზაქარიაძე, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები.

    ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება სს ‘ლიბერთი ბანკთან, რომელიც პროექტის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით,  მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.

    პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განვითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

    ,,ლიბერთი  „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, იწყებს მჭიდრო პარტნიორობას მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობასთან. ლიბერთის მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები  მეწარმეები, შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.  პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის  მეწარმეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას  შეუწყობს ხელს.“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

    მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.

    ლიბერთი ბანკი არის  სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • ინფორმირების ინსტრუმენტი რუსეთის ან ბელარუსის მიერ ევროკავშირის სანქციების დარღვევის შემთხვევებს კრებს

    ევროკომისიამ შექმნა ანონიმური ონლაინ ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც სურს, ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული  სანქციების დარღვევების შესახებ განაცხადოს.

    „ევროკავშირის სანქციების იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებით, რომელიც თქვენთვის შეიძლება იყოს ცნობილი, ამგვარი ქმედებების გამოძიებაში და ევროკავშირში სანქციების დაცვის უზრუნველყოფაში დაგვეხმარებით“, — განაცხადა ევროკომისიამ Telegram-ზე.

    ევროკავშირის სანქციებზე ინფორმირების ინსტრუმენტი ასაიდუმლოებს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობას და ევროკომისიასთან ანონიმურად დაკავშირების საშუალებას გაძლევთ.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ევროკავშირი „ჰორიზონტი ევროპის“ ბიუჯეტს მწვანე, ჯანდაცვის სფეროს, ციფრული ინოვაციებისა და უკრაინელი მეცნიერების მხარდასაჭერად ზრდის

    10 მაისს ევროკომისიამ დაამტკიცა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) 2021-2022 წლების სამუშაო პროგრამის შესწორება, რომელიც მის ბიუჯეტს თითქმის 562 მილიონი ევროთი ზრდის. დამატებითი ინვესტიციები დაეხმარება ევროკავშირის მისიებს (კლიმატის ცვლილება, ონკოლოგიური დაავადებები, ოკეანე და წყლები, ნიადაგი და კლიმატ-ნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქები), გამოიყენონ ინოვაციური გადაწყვეტები ეკოლოგიის, ჯანდაცვის და ციფრული სფეროს გამოწვევებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტით, ამასთან, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერების დახმარება იქნება შესაძლებელი.

    პროგრამის 2021 და 2022 წლების მთლიანი ბიუჯეტი ახლა დაახლოებით 16 მილიარდ ევროს შეადგენს.

    ახალი MSCA4Ukraine სქემის ფარგლებში, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ნაწილია, იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერებისთვის 25 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამ გზით ისინი ევროკავშირის და „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნების აკადემიურ ან არააკადემიურ მასპინძელ ორგანიზაციებში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ამასთან, ასობით უკრაინელი მეცნიერი პროგრამის, Human Frontier Science, 1 მილიონ ევრომდე გაზრდილი ბიუჯეტითაც ისარგებლებს. 

    გარდა ამისა, აღნიშნულ შესწორებაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ რუსეთში, ბელარუსში ან უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე დაფუძნებულ იურიდიულ ობიექტებს არცერთი ფორმით არ აქვთ „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ რაიმე საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, მიზეზების დასაბუთებით.

     

  • უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირის მთავარი ღირებულება მშვიდობაა

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს, რომ ევროკავშირის უცვლელ ფასეულობას მშვიდობა წარმოადგენს და რომ ის ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების დამცველია.  

    ევროპის დღე რობერტ შუმანის იმ დეკლარაციის მიღებას აღნიშნავს, რომელმაც ევროპულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაბრუნდა, წელს ევროპის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

    „ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უზარმაზარი წარმატების აღმნიშვნელია, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთ ევროპელს ევროპული პროექტის სარგებლიანობაში ეჭვი ეპარება“, — აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს „ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის, ფასეულობას“ და იმას, რომ ის მსოფლიო პოლიტიკაში სამშვიდობო პროცესის მძლავრი მონაწილეა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ბორელმა ოთხ პუნქტს გაუსვა ხაზი:

    • წევრმა ქვეყნებმა აგრესიის ფონზე უძლიერესი პოლიტიკური ერთიანობა გამოავლინეს. „ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ [რუსული] აგრესიის სერიოზულობა და მისით გამოწვეული საფრთხეები. აქედან გამომდინარეობს ის დაჩქარებული ტემპი, რომლითაც ევროკავშირმა G7 პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები მიიღო“.
    • ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა გამოიყენა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფინანსური რესურსები აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოსთვის, რათა მას საკუთარი თავის დაცვაში დახმარებოდა. უკრაინისთვის გადარიცხული სამი ტრანშის მთლიანი ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს უტოლდება. ამ ევროპულ მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნები პირდაპირი სამხედრო დახმარებითაც უდგანან გვერდში. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავის სახელმწიფოებს არათუ ზღუდავს, არამედ ხელს უწყობს თითოეული მათგანის გაძლიერებას“.
    • ევროკავშირი საერთო ძალისხმევით მუშაობს ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასასრულებლად. ამ გზით ევროკავშირი უჩვენებს, რომ ის ერთობლივად უფრო ძლიერია, ვიდრე — მისი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე. „ევროკავშირი არა მარტო უფრო ძლიერი მოთამაშეა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ის ასევე ეხმარება თავის წევრებს, არ იქცნენ ენერგეტიკული შანტაჟის მსხვერპლად. ეს ჩვენს სტრატეგიულ სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს“.
    • უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პასუხის სიძლიერე და სიმტკიცე საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გზით ისინი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომავალი პოტენციური აგრესიისგან დასაცავად და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. გარდა ამისა, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ზოგადი საერთაშორისო ზეგავლენის — მათ შორის, ეკონომიკური ზეგავლენის — შემცირებაში. „ამ მხრივ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებისას ევროკავშირის ერთიანობას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.

    „ამ ომის გამო ევროპა უფრო სწრაფად სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს სიძლიერის ენა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, — „2022 წლის 9 მაისმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია: ევროკავშირის და მისი ფუძემდებლური ფასეულობების დაცვა; ჩვენი კოლექტიური ძალის ჩვენი პარტნიორის, უკრაინის სამსახურში ჩაყენება, რათა მან საკუთარი თავის და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს; საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა არსებითი საერთაშორისო ნორმების და უსაფრთხოების დასაცავად და სოლიდარობის გამოსავლენად ამ ომის გლობალური შედეგების დაძლევის მიზნით“.

    უახლესი ცნობები და ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორებთან! 

  • "ევროპა ერთადერთი გამოსავალია, რომ აღარ გაისმას კითხვა ,,მშვიდობა თუ თავისუფლება” რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, ევროპა!"

    საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე:

    დღეს, როცა აღვნიშნავთ ევროპის დღეს, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, თუ რა იყო ევროპის დაარსების მთავარი ამბიცია და მიზანი: ომის აღმოფხვრა ევროპის კონტინენტიდან, ტერიტორიული პრეტენზიების უგულებელყოფა და ყველა ენერგიის მიმართვა, არა სხვისი დაპყრობისკენ, არამედ ერთიანი ძალისხმევით კეთილდღეობისა და დემოკრატიის ასაშენებლად.

    აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა. ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე. ამ პრინციპების გამო გვინდა ჩვენც ევროპა და მივისწრაფით მისკენ.   

    ეს შეძლო ევროპამ თავისი ეტაპობრივი და შეუქცევადი განვითარებით, გაფართოებით და წინსვლით: მისი პირველი სახეობის - 1950 წელს დაარსებული ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობიდან, 1957 წლის ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობად ქცეული და ბოლოს 30 წლის წინ - 1992 წელს - მაასტრიხტის ტრაქტატის მიერ დაფუძნებულ დღევანდელ  ევროკავშირამდე!  შეძლო ომის თავიდან აცილება, შეძლო გუშინ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის  სოლიდარობის შეკვრა, შეძლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განადგურებული და გაღარიბებული სივრცე გადაექცია დღეს მსოფლიოში მეორე ეკონომიკად ცნობილ სივრცედ.

    ევროპის განვითარება და ზრდა ითვლის მნიშვნელოვან ეტაპებს. გაუვლია რა ევროპას მრავალი კრიზისი, თუმცა თითო კრიზისიდან გამოსულა უფრო ძლიერი, უფრო თავის თავში დაჯერებული, უფრო მიმზიდველი თავისი პარტნიორებისთვის და  მეზობლებისთვის.

    მსოფლიო ისტორიამ არ იცის მსგავსი  ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო გაძლიერება და გაფართოება არა ომით, არა ექსპანსიით, არამედ მასში შემავალი სუბიექტების სურვილით და თავისუფალი ნებით. 

    დღეს უმძიმეს გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია. და პირველ რიგში ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

    ამ გამოწვევაზე  ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა!

    გასცა მან ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს.   

    ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც  გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ  გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით. 

    დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა  ჩვენი ვალდებულებაა.

    ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დაგვდგეთ. ყველას ესმის რომ, თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია.

    ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ.

    ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორბაზე,  ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შევძლებთ! 

    ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ იმას შევძლებთ.  ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“ რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა!

    გილოცავთ ამ დღეს!

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური