ჯანმო: „ომიკრონი“ მსოფლიოში უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021 12:33

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო/WHO) გააკეთა გააფრთხილება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვარიანტი „ომიკრონი“ მსოფლიოში უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ომიკრონის შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა. ”ის ვრცელდება ისეთი ტემპით, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს რომელიმე მუტაციაში.” - თქვა მან.

გებრეისუსმა აღნიშნა, რომ მათი შეფასებით, აღნიშნული შტამი ალბათ უფრო მეტ ქვეყანაში არსებობს და დაამატა: ”მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად სერიოზულ დაავადებას, შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება კიდევ ერთხელ ჩააყენოს მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემები რთულ მდგომარეობაში.”

მისივე თქმით, მარტო ვაქცინა ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლაში ვერ დაეხმარება და ხაზი გაუსვა სოციალური დისტანციის, ნიღბების ტარების და ჰიგიენის მნიშვნელობას.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მაჩვენებლებში ჯერ კიდევ დიდი უთანასწორობაა.

"41 ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მათი მოსახლეობის 10 პროცენტის ვაქცინაციას, 98 ქვეყანამ ვერ მიაღწია 40 პროცენტს. ჩვენ ასევე ვხედავთ მნიშვნელოვან უთანასწორობას იმავე ქვეყნის მოსახლეობის ჯგუფებს შორის... თუ ჩვენ აღმოვფხვრით უთანასწორობას, ჩვენ დავასრულებთ Covid-19-ის ეპიდემიას. თუ დავუშვებთ უთანასწორობა გაგრძელებას, დავუშვებთ ეპიდემიის გაგრძელებას."- თქვა გებრეისუსმა.

წაკითხულია 140 ჯერ

Related items

  • მსოფლიოში 7 ადამიანიდან 6 დაუცველობას განიცდის, იუწყება UNDP-ის ახალი ანგარიში

    გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობაში დაუცველობის განცდა მატულობს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გაზრდა და განვითარების სტრატეგიების გადახედვაა.

    8 თებერვალი, ნიუ იორკი– გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ახალი გლობალური ანგარიში „ადამიანური დაცულობა ანთროპოცენის ეპოქაში“გამოაქვეყნა. ამ გლობალური კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, მსოფლიოში ადამიანური განვითარების მაჩვენებლების ზრდა აღინიშნებოდა, თუმცა ამას დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის გამყარება არ მოჰყოლია.

    UNDP-ის კვლევა აჩვენებს, რომ დაცულობის განცდა დაბალია თითქმის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ეკონომიკურად შეძლებულ საზოგადოებებშიც. ათი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ადამიანების შფოთვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი მატულობს.

    ამ გამოწვევის საპასუხოდ, აუცილებელია ადამიანებსა და ქვეყნებს შორის სოლიდარობის გაზრდა და განვითარების მიმართ ახალი მიდგომების გამონახვა. ამის შედეგად, ადამიანები შეძლებენ ღირსეულ არსებობას დაუკმაყოფილებლობის, შფოთვისა და შიშის განცდის გარეშე.

    „კეთილდღეობის გლობალური მაჩვენებელი დღეს იმდენად მაღალია, როგორც არასდროს. თუმცა, ადამიანები მომავალს მაინც შიშით უყურებენ. სავარაუდოდ, ეს პანდემიის შედეგია“, - განაცხადა UNDP-ის ადმინისტრატორმა აჰიმ შტაინერმა.

    „კაცობრიობა ცდილობს, რომ ეკონომიკის შეუზღუდავ ზრდას მიაღწიოს, მაგრამ ამ გზაზე თავის ბუნებრივ გარემოს ანგრევს. ჩვენ ასევე არ ვზრუნავთ უთანასწორობის შემცირებაზე, როგორც ქვეყნების შიგნით, ისე ქვეყნებს შორის. დროა თვალი გავუსწოროთ ამ რეალობას, ვაღიაროთ, რომ გაუსაძლისი სტრესის პირობებში ვარსებობთ და ხელახლა გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს პროგრესი სინამდვილეში. მსოფლიოს სჭირდება განვითარების ახალი მოდელი, რომელიც ჩვენი პლანეტის დაცვისა და აღდგენის იდეის გარშემო იქნება აგებული და ამავდროულად, ყველა ადამიანისთვის ახალი და მდგრადი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს“, - დასძინა აჰიმ შტაინერმა.  

    UNDP-ის კვლევის შედეგებით ასევე ირკვევა, რომ პანდემიის ფონზე, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობა და ადამიანური განვითარების სხვა მაჩვენებლები მეორე წელია კლებულობს. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომავალი ათწლეულების მანძილზე სწორედ კლიმატის ცვლილება იქნება. ემისიების ნაწილობრივი შემცირების მიუხედავად, ამ საუკუნის ბოლომდე, გლობალური ტემპერატურის ცვლილებასა და ამ პროცესის თანმხლებ მოვლენებს, შესაძლოა, 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

    UNDP-ის ანგარიში განიხილავს კაცობრიობის განსაკუთრებით მძაფრი საფრთხეების მთელ ჯგუფს, რომელმაც გასული წლების მანძილზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. აქ შედის ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, მზარდი უთანასწორობა, კონფლიქტები და ჯანდაცვის სისტემების არსებული შესაძლებლობები, სათანადო პასუხი გასცენ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია.

    ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა დაცულობა, გაძლიერება და სოლიდარობა გათვალისწინებული იქნება პოლიტიკის შექმნისას. ამის შედეგად, ადამიანთა უსაფრთხოება, პლანეტის დაცვა და ადამიანური განვითარება ერთ წრედ შეიკვრება და იმუშავებს ერთიანად და არა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, ერთი პრობლემის გადაწყვეტა სხვა პრობლემებს აღარ გაამწვავებს.

    „გლობალური სოლიდარობისა და საერთო დაცულობის იდეა ანგარიშში ხაზგასმული პრაქტიკული ქმედების ძირითადი ელემენტია. საერთო დაცულობის კონცეფცია გულისხმობს, რომ ცალკეული საზოგადოება ბოლომდე დაცული ვერ იქნება, თუ მეზობელი საზოგადოებებიც დაცულები არ არიან. მიმდინარე პანდემია ამის ნათელი მაგალითია. ცალკე აღებულ ქვეყნებს უბრალოდ ძალა არ შესწევთ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება საკუთარი საზღვრებით შეაჩერონ“, - აღნიშნა ასაკო ოკაიმ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის კრიზისების ბიუროს დირექტორმა.

    UNDP-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაუცველობის განცდა უშუალო კავშირშია ნდობის შემცირებასთან. ადამიანები, რომელთაც დაუცველობის ძლიერი განცდა ახასიათებთ, სხვებს სამჯერ ნაკლებად ენდობიან.

     

    UNDP-ის ანგარიშის „ადამიანური დაცულობა ანთროპოცენის ეპოქაში“ სხვა მიგნებები:

    • მაღალგანვითარებული ქვეყნები უფრო მეტად იყენებენ პლანეტაზე განხორციელებული წნეხის შედეგად მიღებულ სარგებელს, მაგრამ ნაკლებად განიცდიან ამ პროცესის უარყოფით შედეგებს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო აღრმავეს ქვეყნებს შორის ისედაც არსებულ უთანასწორობას.
    • დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში კონფლიქტით დაზარებულ რეგიონებში ცხოვრობს. აქედან, დაახლოებით ნახევარი (560 მილიონი) ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც, ტრადიციული გაგებით, მოწყვლადი ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონფლიქტის მიმართ დაუცველი ქვეყნების განმარტება გადახედვას საჭიროებს.
    • 2021 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობის გლობალური მაჩვენებელი კლებას განაგრძობდა. ეს ტენდენცია უკვე მეორე წელია აღინიშნება და კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლიობა საშუალოდ წელიწადნახევრით შემცირდა. ეს იმის ფონზე მიმდინარეობს, რომ მთელს მსოფლიოში, მთლიანი შიდა პროდუქტი უპრეცედენტოდ გაიზარდა, ხოლო COVID-19-ის ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი იყო ქვეყნების უმეტესობაში.  
    • სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს შორის საგრძნობი განსხვავება აღინიშნება, რომელიც დღითიდღე ღრმავდება. ჯანდაცვის უნივერსალიზმის ინდექსის მიხედვით, დაბალი და მაღალი ადამიანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს შორის განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა 1995-2017 წლებში.        

     

    ადამიანური დაცულობის კონცეფცია ადამიანური განვითარების ანგარიშში პირველად 1994 წელს იყო ნახსენები. ამ ხედვის მიხედვით, ადამიანური დაცულობა არა მხოლოდ ტერიტორიულ უსაფრთხოებას, არამედ საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ღირსებასა და სოციალურ დაცულობას ეყრდნობა.

     

    ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებ-გვერდზე.

  • COVID-19-თან ბრძოლის მიზნით ევროკავშირმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, 2,000 პულსოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცეს. აპარატურა სასოფლო სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვისთვისაა განკუთვნილი.
     
    „სამედიცინო აღჭურვილობის  გადაცემის ცერემონიები თითქოს რუტინად იქცა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ და არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის სათანადო სერვისებზე“, — აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ჯანმოსა და საქართველოს მთავრობასთან, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს და მათ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საჭირო მხარდაჭერა მიიღონ“.
     
    სამედიცინო მოწყობილობები საქართველოს ევროკავშირის და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გადაეცა. ინიციატივის მიზანი ქვეყანაში სასოფლო ჯანდაცვის დაწესებულებების გაძლიერება და COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებაა. მომდევნო ეტაპზე პროგრამა სოფლის ამბულატორიებს ტელემედიცინის აპარატურასაც მიაწვდის.

    წყარო: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/110320/node/110320_ka

  • მსოფლიოს ყველაზე წლოვანი ადამიანი 119 წლის გახდა

    დედამიწაზე ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ქალი ტანაკა კეინი, 119 წლის გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, გინესის რეკორდების წიგნის მიერ მინიჭებული "მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანის" ტიტულის მფლობელი ტანაკა კეინი, გუშინ 119 წლის გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანაკა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის  ფუკუოკას პროვინციაში მოქმედ  მოხუცთა თავშესაფარში  ცხოვრობს, მიმიკებითა და სახის გამომეტყველებით დაუკავშირდა თავშესაფრის თანამშრომლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტანაკას, რომელიც რიცხვებისგან შემდგარ თავსატეხებსაც კი ხსნის, ჯერ კიდევ ძალიან უყვარს შოკოლადები და გაზიანი სასმელები.

    ტანაკამდე მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა ასევე იაპონელი ქალი ჩიიო მიაკო,  რომელიც 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანის ტიტული ჯერ ჯერობით უჭირავს ფრანგ ქალ ჟანა ლუიზ კალმენტს, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • მოახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსის ახალი შტამი პეკინი-2022-ის ჩატარებაზე

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ახალი შტამის - ომიკრონის გამოჩენის გათვალისწინებით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა შეიძლება გადახალისდეს.

    როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  განმარტავს, ომიკრონს პოტენციურად შეუძლია ვაქცინის ეფექტურობის შემცირება და სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

    „COVID-19-თან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს სახელმძღვანელო წიგნში (Playbooks) გაწერილი გეგმის მნიშვნელობას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს და მოერგოს საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ ამოცანებს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

    პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების სტარტს აიღებს 4 თებერვალს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოქმნას დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სფეროში, მაგრამ ჩინეთს აქვს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება და სჯერა, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებით და მშვიდად უმასპინძლებს.

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს პერიოდში გამოსცემს ოლიმპიური დელეგაციებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნის (Playbooks) განახლებულ ვერსიას.

  • ჯანმომ ომიკრონთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გასცა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ მოგზაურობის შეზღუდვები იმ ქვეყნებისთვის, სადაც წარმოიშვა ახალი ტიპის კორონავირუსის Omicron ვარიანტი, ხელს ვერ შეუშლის ამ ვარიანტის გლობალურ გავრცელებას. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ორგანიზაციის წერილობით განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას რეკომენდაციები მიეცა Omicron-ის ვარიანტთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ბოტსვანა, რომლებშიც პირველად დაფიქსირდა ეს ახალი ვარიანტი, ომიკრონის შემთხვევების სწრაფად გამოვლენითა და ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების გატარებით, წარმატებულ ბრძოლას აჩვენებენ.

    ამავე განცხადებაში, რომელშიც Omicron-ის ვარიანტი აღწერილია, როგორც "შემაშფოთებელი", იძლევიან რეკომენდაციას, რომ ქვეყნებმა, რომლებიც იყენებენ სამოგზაურო შეზღუდვებს, უნდა მიიღონ ეს ზომები მტკიცებულებებზე და რისკებზე დაფუძნებული მიდგომით. ხოლო ამის პარალელურად, სანამ ეს ეპიდემია გრძელდება, მანამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოგზაურობები, ჰუმანიტარული დახმარებები, ტვირთების ტრანსპორტირება, ძირითადი პროდუქტების მიწოდება და სხვა მსგავსი ჰუმანიტარული დახმარებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური