კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაციის პროექტის ფარგლებში ბ. ვადაჭკორიას გამოფენა მოეწყო

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021 11:03
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა მოეწყო, რომლის დათვალიერებაც მნახველს ოთხი დღის განმავლობაში შეეძლება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრმა მიულოცა ფოტოხელოვანს პროექტის წარმატებით დასრულება და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან კულტურის სამინისტროს იმაზე სამჯერ მეტი ფოტომასალა გადასცა საჩუქრად, ვიდრე პროექტით იყო გათვალისწინებული. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო იმისათვის რომ დაიცვა და იზრუნო კულტურულ მემკვიდრეობაზე, უმნიშვნელოვანესია მისი ფოტოფიქსაცია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში აღარ ხდებოდა.
თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის 24 ნოემბერს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაში შევიდა ცვლილება და აღდგა ფოტოფიქსაციის ლაბორატორია, რომელიც 2022 წელს უნდა აღიჭურვოს, რათა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყოს. ეს სპეციალისტებს მისცემს კონკრეტულ ძეგლებზე სხვადასხვა დროს არსებული მდგომარეობის შედარების საშუალებას, რაც კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში ბადრი ვადაჭკორიამ მხატვრულ-დოკუმენტური სახის ფოტოგადაღებებით საქართველოს რეგიონებში არსებული 25 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ასახა, მათ შორის: სამთავისის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდის საკათედრო ტაძარი, ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კაცხის სვეტი, პეტრას ციხე, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, თმოგვის ციხე, ნიკორწმინდის ტაძარი და გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ავტორმა პროექტზე 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამავე კონკურსში კიდევ ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა. ესენია: ააიპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, პროექტი - "ციფრული წარსული"; ფ/პ ნუცი კაჭახიძე - სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია; ფ/პ მინდია ჩარქსელიანი - სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგადაღება; ააიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი - გარეჯის მრავალმთის ქრისტიანული ძეგლების ფოტოფიქსაცია.
წაკითხულია 129 ჯერ

Related items

  • 2022 წ. იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს აღნიშნავს

    2022 წელს იაპონიის საელჩო საქართველოში საზეიმოდ აღნიშნავს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ იაპონიის საელჩოში განუცხადეს.

    მათი თქმით, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. უკვე ჩატარდა რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ვებ-გვერდსა (https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html) და ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/EmbassyofJapaninGeorgia).

    შემდეგი ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 18.05-30.06 ჩათვლით გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივანის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. წელს, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იაპონიაში საკურას  უამრავი, ულამაზესი ყვავილი გაიშალა. ზუსტად ამ დროს ბატონი იმანიში ტაკაო იაპონიაში იმყოფებოდა ხანმოკლე ვადით, და გადაიღო ფოტოები სხვადასხვა ადგილას რათა ქართველებისთვის გაეცნო იაპონიის ეს ულამაზესი პერიოდი.

    იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის; აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავალობას განასახოვანებს. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები ტკბებიან საკურას ცქერით; ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს აყვავებული საკურას ხეებ ქვეშ და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ.

     

  • კულტურის სამინისტროს ძალისხმევით რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები საქართველოში დაბრუნდა
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2003 წელს რუსეთში საგამოფენოდ გატანილი ნამუშევრების საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.
    საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
    თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს თავისი ექვსივე ექსპონატი დაუბრუნდა. სამუზეუმო ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძის და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, გიორგი ქაჯაიას აქტიური მონაწილეობით წარიმართა.
    დღეს ექვსი ექსპონატი ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს უბრუნდება. ესენია: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).
    თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა სიხარულიძესა და გიორგი ქაჯაიას თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, პროექტის მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს ზურაბ წერეთელს. ბრიფინგს ესწრებოდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი.
    შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა - ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“. მანამდე კი, მიმდინარე წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).
  • ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს
    ლევილის (საფრანგეთი) მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
    ვიზიტის ფარგლებში მინისტრები ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ესტუმრნენ, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა ჩაატარეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სხდომაზე ლევილის მამულში კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას - კულტურის სამინისტროს გადასცა.
    ამასთან, თეა წულუკიანმა და დავით ზალკალიანმა ლევილის მამულში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - ე.წ. ორანჟერეის განახლებული შენობა დაათვალიერეს.
    აღსანიშნავია, ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერეის პროექტი“, რის შედეგადაც ორანჟერეის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეორე - „დიდი პროექტი“ ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება. 
    მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს - აკადემიას, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი.
    ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად.
    მამულში განსახორციელებელ პროექტს ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია“ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.
  • ბულგარეთის საელჩოს ინიციატივით გამოიცა ბულგარულ-ქართული და ქართულ-ბულგარული ლექსიკონი

    წინამდებარე ნაშრომი ბულგარელი და ქართველი პატრიოტების ღვაწლის შედეგია, რომელთაც სურთ გააღრმავონ ორი ერის კულტურულ-ისტორიული კავშირები. ამის შესახებ თბილისში, ბულგარეთის საელჩოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ.

    გუშინ ბულგარეთის საელჩოში გაიმართა, საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით გამოცემული ბულგარულ-ქართული და ქართულ-ბულგარული ლექსიკონის პრეზენტაცია.

    ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი სახის კულტურული კავშირები ხელს შეუწყობს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. 

    თავის მხრივ, ბულგარეთის ელჩმა დაამატა, რომ ლექსიკონის გამოცემის მიზანია, გააძლიეროს ინტერესი ბულგარული ენის მიმართ და საშუალება მისცეს ყველას გაეცნოს ბულგარულ ლიტერატურას, კულტურასა და ისტორიას. „იმედი მაქვს რომ ლექსიკონი ჩართული იქნება ბულგარეთისა და საქართველოს საბიბლიოთეკო და საუნივერსიტეტო ფონდებში, რითაც გაფართოვდება დაინტერესებულ პირთა წრე“, - დასძინა დ. ივანოვამ.

    ბულგარეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ბულგარული დიასპორის წარმომადგენლები და მასმედიის ხელმძღვანელი პირები

    შეგახსენებთ, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის შესანიშნავი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს მათი ოფიციალური გაფორმების მომენტიდან, კერძოდ 1992 წლიდან.

     ავთანდილ ოთინაშვილი

  • ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

    დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

    „ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

    გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

    გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური