საქართველოს სახალხო დამცველი მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021 12:10

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მპგ „ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც ის საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად. სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შემდეგ მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს.

მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს/ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპების (https://bit.ly/3HzC8NK), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (https://bit.ly/3DuL1G1) და ვენეციის პრინციპების (https://bit.ly/30ve39L)საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ.

წაკითხულია 231 ჯერ

Related items

  • სახალხო დამცველის განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით

    2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

    სახალხო დამცველისასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიმიუთითებს, რომ ამ საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

    სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

    მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.

    ამრიგად, საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

    საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

    გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.

    როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ.

    ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.

    ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ - არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.

    ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.

    უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ ნაციონალური მოძრაობის სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად,  ღიად ისაუბრონ ამაზე.

    კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.

    აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს.

    ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

    უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე", - ნათქვამია ი. კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება
    მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო ამ წუთას განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.
    სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას.
    ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
    გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.
    როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
    სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
    საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა.
    სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.
    უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ.
    გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა - „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს.
    არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების - ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია.
    საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.
    დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს.
  • „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

    „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ. 

    "პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

    უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება.

    გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა.

    ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს, საკითხების უტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

    რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი:

    როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.

    ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა. საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ - მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ - განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა.

    გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის.

    სინამდვილეში, მათ, იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს.

    კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.

    გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია მ. მდინარაძის განცხადებაში.

  • „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

    ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ისეთ საკითზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც დღეს მოგიწვიეთ, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად  კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განცხადა.

    მისი თქმით, საუბარია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა.

    სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33  დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული  შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა - არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც  შეიძლება.

    ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით 16   33-ის ნახევარზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია:  სხდომა უფლებმოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მიმიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე. წ. „გადაწყვეტილებები“:  

    „გადააყენეს“ სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად „დანიშნეს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს (აქამდე ნაც. მოძრაობის წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე პირიქით, გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს მხარი); ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე. წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილ ე. წ. „სხდომა“ ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით.

    ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ამ მსოფლიო პრაქტიკას და კანონმდებლობას არ აღიარებენ სააკააშვილის და გახარიას პარტიის წევრები და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე!

    სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა ოცდაცამეტდეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინაღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური