​საქართველოს საგარეო უწყების განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021 10:37

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (дезавуировать).

2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.

ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

წაკითხულია 139 ჯერ

Related items

  • ფინეთმა და შვედეთმა იენს სტოლტენბერგს ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს

    ფინეთმა და შვედეთმა, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ნატოს წევრობაზე ოფიციალური წერილები გაუგზავნეს.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, წერილები ნატოში აკრედიტებული შვედი და ფინელი ელჩებისგან ჩაიბარა.

    სტოლტენბერგმა აქ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და რომ ის მიესალმება ორივე ქვეყნის მოთხოვნებს.

    იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გაზრდის ნატოს უსაფრთხოებას და დაამატა:

    "დღევანდელი განაცხადის გაკეთება ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ ნატოსკენ მიმავალ გზას. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა მოკავშირის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დეტალურად განვიხილოთ ყველა საკითხი და მივაღწიოთ სწრაფ შედეგს."

    სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველა მოკავშირე თანახმაა ნატოს გაფართოების აუცილებლობაზე.

     

  • საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
    ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
    ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს.
    გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა.
    მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.
    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური
  • სახალხო დამცველის განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით

    2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

    სახალხო დამცველისასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიმიუთითებს, რომ ამ საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

    სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

    მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.

    ამრიგად, საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

  • ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

    დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მთავარი"-ის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
    "დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

  • საქართველოს პროკურატურის განცხადება

    თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი-2-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პროკურატურის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში, ნ.გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

    ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

    ანალოგიურად, ტელეკომპანია რუსთავი-2-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. ამ შემთხვევაშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. კახაბერ დამენიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

    რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. 

    კახაბერ დამენიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

    ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.

    წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა შპს ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

    2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს. 

    მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ  და კახაბერ დამენიამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყეს.

    2015 წელს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის რეალიზაციიდან შპს „ინტერ მედია პლიუსის“ მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა 48 014 847 ლარი, საიდანაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გადაუხადა მხოლოდ 36 467 000 ლარი, რაც 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე მიღებულ თანხებთან შედარებით 6 763 509 ლარით ნაკლები იყო.  შედეგად, ნ.გვარამიამ და კ.დამენიამ, 2015 წლის მეორე ნახევარში, შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.

    შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით - 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ,  შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან უკანონოდ მიიღო შესაბამისი სარგებელი  - უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩაზე მდებარე 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით - 238,74 კვ.მ

    ნიკა გვარამიამ  შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ უძრავი ქონებების უკანონოდ მიღების შემდეგ, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. შედეგად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამდენიმე თვეში,  2017 წლის ივლისში და სექტემბერში ორივე საცხოვრებელი ბინა, გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521 ლარის  შემოსავალი.

    გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის თებერვალში,  ნ. გვარამიამ ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (პორშეს ცენტრი) ხელმძღვანელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შესთავაზა, რომ მათგან ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, რაც მასთან დაკავშირებული სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით განხორციელდებოდა.

    შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა.

    მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.

    2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი - ,,Porche Macan S”.

    ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური