მოახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსის ახალი შტამი პეკინი-2022-ის ჩატარებაზე

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021 13:18

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ახალი შტამის - ომიკრონის გამოჩენის გათვალისწინებით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა შეიძლება გადახალისდეს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  განმარტავს, ომიკრონს პოტენციურად შეუძლია ვაქცინის ეფექტურობის შემცირება და სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

„COVID-19-თან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს სახელმძღვანელო წიგნში (Playbooks) გაწერილი გეგმის მნიშვნელობას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს და მოერგოს საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ ამოცანებს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების სტარტს აიღებს 4 თებერვალს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოქმნას დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სფეროში, მაგრამ ჩინეთს აქვს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება და სჯერა, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებით და მშვიდად უმასპინძლებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს პერიოდში გამოსცემს ოლიმპიური დელეგაციებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნის (Playbooks) განახლებულ ვერსიას.

წაკითხულია 212 ჯერ

Related items

  • პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დასრულდა

    ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები პეკინში დღეს საზეიმოდ დაიხურა  - პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე, „ჩიტის ბუდეში" ჩაქრა თამაშების მთავარი სიმბოლო - ოლიმპიური ცეცხლი. 14 წლის შემდეგ ჩინეთის დედაქალაქი კვლავ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი გახდა და ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიღების პატივი ერთ ქალაქს ერგო.

    მასპინძლებმა წარმოადგინეს თვალწარმტაცი და ორიგინალური ორსაათიანი სანახაობა. ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას და ფართო ტელეაუდიტორიას სიტყვით მიმართეს პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ცაი ძიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

    ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

    როგორც ცნობილია, ოლიმპიადის თილისმად შეარჩიეს გიგანტური პანდა, ბინ დუნ დუნი, რომელსაც ყინულის „კოსტიუმი“ აცვია. ოლიმპიადაზე 95 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენმა იასპარეზა, სპორტის 15 დისციპლინაში, მათ შორის : ბიატლონში, ყინულის ჰოკეიში, ციგურებით სრიალში, სათხილამურო სპორტში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში.
    ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
     
    2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები-http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=132
     
    1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).
    2. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).
    3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).
    4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).
    5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.
    6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.
    7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა.
     
    ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყო საქართველოს პირველმა არხმა.
  • ანასტასია გუბანოვამ პეკინის თამაშებზე გამოსვლა მე-11 ადგილით დაასრულა

    პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეცამეტე საშეჯიბრო დღეს მოციგურავე ქალებმა თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს და მედლებიც გაინაწილეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მსაჯებისგან მისთვის საუკეთესო - 135.58-ქულიანი შეფასება მიიღო. იქამდე კი გუბანოვას საუკეთესო მაჩვენებელი (134.41) Finlandia Trophy-ის 2021 წლის ტურნირზე ჰქონდა.

    საქართველოს ნაკრების წევრმა ორი დღით ადრე მოკლე პროგრამა 65.40 ქულით და მეათე შედეგით დაასრულა. მეათე შედეგი აჩვენა დღესაც. აი, ორივე პროგრამის ჯამში კი 200.98 ქულა დააგროვა და პეკინის თამაშებზე გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა. გუბანოვამ მაღალი ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინა და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოადგინა ზამთრის ოლიმპიადაზე.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა. კაცთა ერთეულებში მეათე შედეგით დაასრულა ასპარეზობა მორის ყვითელაშვილმა, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ.

  • "უღრმესი მადლობა ლევან რატიანსა და მისი კლინიკის გუნდს - მათ შეუძლებელი შეძლეს" - რას ჰყვებიან ცნობილი ადამიანები, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორზე

    მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩაერთო. პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ ათი ათასობით კოვიდპაციენტი მიიღო და ის თავიდანვე გამოირჩეოდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უამრავმა პაციენტმა, მათ შორის ცნობილმა სახეებმა გაიარეს მკურნალობა და ისინი ყოველთვის მადლიერებას გამოხატავდნენ კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის მიმართ. პაციენტები მუდმივად უსვამენ ხაზს რატიანის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას. ლევან რატიანი კი თავის მხრივ, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული დამოკიდებულებით მისი პაციენტების მიმართ.

    "ჯორჯიან თაიმსი" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ ცნობილი ადამიანების დამოკიდებულებით დაინტერესდა. გამოცემა დაინტერესდა, როგორ აფასებენ ისინი კლინიკის მენეჯმენტს, მკურნალობის მეთოდებს და თავად ლევან რატიანის პროფესიონალიზმს.

    ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელმაც მკურნალობა საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა, ჩვენთან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. აბდალაძე ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებისა და პირადად ლევან რატიანის თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად, ის მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა და დაავადება დაძლია.

    "ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი ტყვეობაც, ციხეც, ომიც, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს მინახავს. ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი... ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს,“ - ამბობს აბდალაძე და ადამიანებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სამედიცინო პერსონალს. აბდალაძემ მედპერსონალის მიერ გაწეულ მძიმე შრომაზეც ისაუბრა.

    "თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე... სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს...“ - გვითხრა გიორგი აბდალაძემ.

    ლევან რატიანსა და მის გუნდს დიდ მადლობას უხდის ტელეწამყვანი მაია ასათიანი და ის მედპერსონალის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

    "უღრმესი მადლობა ლევან რატიანსა და მისი კლინიკის გუნდს, მათ შეუძლებელი შეძლეს"- აცხადებს მაია ასათიანი.

    კლინიკის ხელმძღვანელს თავდაუზოგავი შრომისთვის საჯარო მადლობას უხდის პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც კორონავირუსი სწორედ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაამარცხა.

    "ლევან რატიანს საჯაროდ მადლობა ვერასოდეს გადავუხადე იმ ზრუნვისთვის, რაც ჩემი როგორც პაციენტის მიმართ გამოავლინა. ახლა ვუხდი მადლობას მას და ვუხდი ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისი სიცოცხლის გადასარჩენადაც ის და მისი კოლეგები აგერ უკვე წელიწადნახევარია, 24/7-ზე იბრძვიან. ექიმების შესაძლებლობებიც ამოწურვადია," - აცხადევს ნათია მეზვრიშვილი.

    მადლიერ პოლიტიკოსებს შორისაა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. კოვიდისგან გამოჯანმრთელდა შალვა ნათელაშვილის მეუღლეც, ბელა ალანიაც, რომელიც ლევან რატიანის და მისი გუნდის მიმართ დიდ მადლიერებას გამოხატავს.

    "მიუხედავად სიშორისა, გვერდიდან არ მშორდებოდნენ…. ოთო ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა. აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ. ერთ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები… შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა. იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო… აქ ყველას ყველა უყვარს… არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა. 

    ფუსფუსა ექთნები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, „ჩვენიანი“ ექიმები ჰყავს კლინიკას. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს. ის, უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!"- აცხადებს ნათელაშვილის მეუღლე.

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს და ყველა ექიმს, რომელიც ჩართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯარო მადლობას უხდის მომღერალი მერაბ სეფაშვილი.

    "მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილ პროფესიონალთა გუნდი. მადლობა ლევან,” – აცხადებს მომღერალი

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაავადება დაამარცხა მსახიობმა მარიკა შალიკაშვილმაც, რომელმაც ლევან რატიანის მხრიდან გამოჩენილ დამოკიდებულებაზე საუბრობს და საკუთარი თვალით ნანახ რეალობას უზიარებს საზოგადოებას.

    "ლევან რატიანი დამპირდა ნუ შეგეშინდება, თუ დაგემართა მოგხედავო, დამემართა და მომხედა აღარ ქვია ამას - თან გადამყვა. თვეების მანძილზე ჩემი ყოველი დილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით იწყებოდა, მაშინ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაცხადებდი და სულ მაინტერესებდა, შიგნით რა ხდებოდა.

    ლევან რატიანს დიდ პატივს ვცემდი და ვაფასებდი როგორც უკეთილეს, პროფესიონალ ექიმს, რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძოდა. ახლა უკვე ყველაფერი ის რაც პირველ საუნივერსიტეტოში ხდება, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს არის თავდადებული, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მებრძოლი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანების გუნდი. მიხარია რომ ასეთი ხალხი არსებობს და მათ რომ ვხედავ, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება," - აცხადებს მარიკა შალიკაშვილი.

    ემოციური მიმართვა აქვს ცნობილ მომღერალ ნოდიკო ტატიშვილსაც, სადაც ის კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს მადლობას უხდის. მომღერალი აცხადებს, რომ ლევან რატიანმა მისი მშობლები სიკვდილისგან გადაარჩინა.

    "არც ვიცი ისეთი მადლობა როგორ გადავუხადო ამ სასწაულ პიროვნებას და ექიმს, როგორსაც იმსახურებს. დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა და ხელიდან გამოგლიჯა ვერაგ კოვიდს! რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა! ძეგლი ეკუთვნის და უდიდესი გაფრთხილება ასეთი უმაღლესი დონის პროფესიონალს თავისი სუპერ გუნდით, რომლებიც არაფერს იშურებენ პაციენტებისთვის!"- აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი.

    მართალია, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ კორონავირუსი სახლის პირობებში დაამარცხა, მაგრამ მან კვლევები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა და გამოჩენილი ყურადღებისთვის ის კლინიკის დირექტორს განსაკუთრებულად უხდის მადლობას.

    კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა დაავადების დამარცხების გამო სწორედ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს ემადლიერება და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

    წყარო: https://www.gtmedia.ge/news/jandacva/tsnobili-adamianebis-vrtseli-sia-romlebits-levan-ratians-gadarchenistvis-emadlierebian

  • კაზაკოვა/რევიას წყვილმა პეკინის თამაშებზე გამოსვლა მე-19 ადგილით დაასრულა

    პეკინის ზამთრის XXIV  ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს ფიგურულ ციგურაობაში მედლები გაითამაშეს ყინულზე მოცეკვავეებმა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, რომელმაც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამა 67.08 ქულით და მე-18 ადგილით დაასრულა, დღეს თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობისას 97.25 ქულა დაიმსახურა, რაც მე-19 შედეგი აღმოჩნდა. ჩვენს დუეტს მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 164.33 ქულით ასევე-მე19 ადგილი ერგო.

    რამდენიმე დღით ადრე კაცთა ერთეულებში გამოსვლა მეათე შედეგით დაასრულა მორის ყვითელაშვილმა, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ.

  • საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა პეკინის თამაშებზე გამოსვლა მეათე ადგილით დაასრულა

    პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღეს მორის ყვითელაშვილმა კაცთა შეჯიბრების თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა და მსაჯებისგან 170.64-ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი მისმა მაჩვენებელმა 268.62 ქულა შეადგინა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შედეგად, საქართველოს  მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა პეკინის თამაშებზე გამოსვლა მეათე ადგილით დაასრულა.

    მორისი პეკინში ორიგინალური თავისუფალი პროგრამით წარსდგა, რომელიც რთული ხტომებისა და ეფექტური მხატვრული ელემენტებისგან შედგებოდა. სრიალისას რამდენიმე დასანანი ხარვეზი  რომ არა, მას შეეძლო პირველ ხუთეულში შეენარჩუნებინა ადგილი. თუმცა, მსოფლიოს უძლიერეს მოციგურავეთა ათეულში მოხვედრა, თავისთავად მნიშვნელოვანი წარმატებაა.

    პეკინის ოლიმპიურ ყინულზე თავისუფალ პროგრამაში მიღებული ქულები ყვითელაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ორჭიდის ჯამში  შარშან, როსტელეკომის თასზე ნაჩვენები თავისივე შედეგი  2.29 ქულით გააუმჯობესა, რაც  პეკინში 7 თებერვალს ეფექტურად შესრულებულმა მოკლე პროგრამამ განაპირობა. აქ მორისმა  მსაჯებისგან მისთვის საუკეთესო შეფასება - 97.98 ქულა და მეხუთე ადგილი დაიმსახურა. აქამდე ქართველი მოციგურავის საუკეთესო მაჩვენებელი 95.37 ქულა იყო, რომელიც შარშან იმავე როსტელეკომის თასზე მიიღო და ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

    აქამდე ერთეულთა თანრიგში  საუკეთესო ოლიმპიური შედეგი 2006 წელს, ტურინის თამაშებზე გვქონდა. მაშინ ელენე გედევანიშვილმა ქალთა შეჯიბრებაში ასევე მეათე ადგილი დაიკავა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური