საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021 11:32

2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში შთანთქმაა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს.
საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქართველი მონაწილეების მხრიდან აღინიშნა აგრეთვე, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის ფართო ესკალაციის მიმართულებით.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და ისაუბრა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე.
მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის 2 წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
საქართველოს დელაგაციამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.
საგნობრივი განხილვა შედგა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზებზე, მათ შორის, 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას.
მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.
მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და მას პირნათლად ასრულებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რფ-ის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია ისევე, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებულ თემებზე. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა სამუშაო ქვე-ჯგუფის შეხვედრა გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე, რა დროსაც მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე.
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ანიკა სოდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

წაკითხულია 173 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო უწყება თეა კატუკიას პასუხობს
    საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება და საპასუხო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:
    "გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.
    მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით

    გუშინ ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის  წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
    ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს  რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.  
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.
    საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.   
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას,  რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და  წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. 
    მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
    საქართველო, როგორც  საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების  ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას,  რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.
    საქართველო აქტიურად იმუშავებს  რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. 
    ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

  • გაერო-მ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

    2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ.
    საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. 
    ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.
    რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. 
    გასული სამი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 61 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. 
    ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის დელეგაციის (განცხადებას მიუერთდნენ თურქეთის, ალბანეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ლიხტენშტაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ანდორასა და სან მარინოს დელეგაციები), ლიეტუვას (ბალტიური და ნორდიკული ქვეყნების სახელით, განცხადებას ასევე მიუერთდნენ ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, სლოვაკეთის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ჩეხეთის რესპუბლიკის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციები), კანადის (CANZ-ის სახელით -კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია), იაპონიის, იტალიის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, წმინდა საყდრის წარმომადგენლებმა და გაეროს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

    ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად არა მარტო შეძლო და შეინარჩუნა, არამედ მკვეთრად გაზარდა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.  
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.
     
    რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია,  ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

  • საქველმოქმედო საღამო “NOW”

    „NOW“ არის სხვადასხვა ქვეყნების ხელოვანთა გაერთიანება, რომლებიც შეიკრიბნენ საქველმოქმედო აქციის გასამართად უკრაინის მხარდასაჭერად.

    ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი  ომის საწინააღმდეგო ხელოვნების ნამუშევრები: აქციონიზმი, პერფორმანსული ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო.

    საგამოფენო წარმოდგენას ხელმძღვანელობს რია ქებურია

    პერფომანსულ წარმოდგენას ხელმძღვანელობს ანდრო დადიანი

    - კინოჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ სალომე ჯაშის და თორნიკე ბზიავას ფილმები

    - პერფომატორები იქნებიან საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, თურქმენეთიდან და რუსეთიდან

    - გამოვლიან მუსიკოსები: სანდრო ბიბიჩი და ნოდარიკო ხუციშვილისი, ასევე ზუკა სიმონიშვილი და დათო კაკულია

    - ექსპერიმენტული ელექტრო მუსიკა - თორნიკესგან

    ომის დროს ხელოვნებმა უნდა განაგრძონ საუბარი მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე – ანუ ხელოვნების ენაზე.

    შუა საღამოს, სტუმრებს ელოდება აუქციონი, სადაც ყველას შეუძლია შეიძინოს ომის საწინააღმდეგო ექსპონატები (სლოტები). შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

    საგამოფენო წარმოდგენას ხელმძღვანელობს რია ქებურია.

    პერფომანსულ წარმოდგენას ხელმძღვანელობს ანდრო დადიანი.

    შემოსასვლელში იქნება ფიქსირებული შემოწირულობა 25 ლარის ოდენობით.  თანხა გადანაწილდება პარტნიორ ფონდებს შორის. თანხის ⅔ გაიგზავნება უკრაინისა და მისი მაცხოვრებლების დასახმარებლად, ⅓ თანხიდან გადაირიცხება ქართველი ლტოლვილების დასახმარებლად.

    ჩვენი მთავარი თეზისები:

    • ხელოვნება - პოლიტიკურიც არის
    • ვემხრობით საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას.
    • ვემხრობით საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანისა და სრული დეოკუპაციის. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა.
    • დიქტატურის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგები ვართ.
    • წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და ძალადობის.
    • თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

    ადგილი: Hermitspace (1 Vasil Petriashvili Street, Tbilisi) №1 ღვინის ქარხანის ტერიტორია

    თარიღი: 4 ივნისი 17:30-02:00

  • თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

    თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა და საფრანგეთის ელჩმა იზაბელ გუინელმა ორშაბათს შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ჩართულობა ევროკავშირთან, რომელსაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს მიმდინარე ნახევარი წლის განმავლობაში.

    დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ თურქმენეთმა და ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა სტაბილურობა და უსაფრთხოება, ვაჭრობა, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა სექტორების ჩათვლით. ორმხრივ ინტერესს იწვევს ეკოლოგიური სფეროც. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ არსებობს ურთიერთსასარგებლო კავშირების გაფართოების ფართო პერსპექტივები.

    თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საფრანგეთის ელჩი შეთანხმდნენ ამ მიზნით რეგულარული სამუშაო კონტაქტების შენარჩუნებაზე.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური