საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021 00:25

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

წაკითხულია 264 ჯერ

Related items

  • თომას ბახი რუსულ სპორტს პირობას უყენებს!

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წარმომადგენლების დაბრუნების წინადადებით გამოდის, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პირობა. ამის თაობაზე "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, თომას ბახის განცხადებით, რუსი სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს განუდგნენ, საერთაშორისო ტურნირებზე აუცილებლად უნდა დაიშვან ნეიტრალური სტატუსით.

    "ომი რუსს სპორტსმენებს არ დაუწყიათ. ისინი, ვინც ხელისუფლებისგან დისტანცირდა, ნეიტრალური დროშით გამოსვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

    ჩვენი მიზანია შეჯიბრებებზე დავაბრუნოთ სპორტსმენები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ომს, მაგრამ ეს არ არის იოლი, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი, - სპორტი სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური შურისძიების იარაღი. ეს არის კონფლიქტებით სავსე სამყარო, სპორტში განხეთქილება იგრძნობა. ოლიმპიური მოძრაობა ხელს უწყობს მშვიდობას, ამასთან, რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური. ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, ეს ყოველივე როგორ გავაკეთოთ. თამაშების ორგანიზება ადამიანების გაერთიანებას ემსახურება, განსაკუთრებით - რთულ დროს."

    თომას ბახის განცხადებას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა რუსულ სპორტულ საზოგადოებაში. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სტანისლავ პოზდნიაკოვის თქმით, თომას ბახის განცხადება არის რუსეთის და ოლიმპიური ქარტიის კანონების დარღვევისკენ ხელშეწყობა. მისი თქმით, რუსს სპორტსმენებს სთავაზობენ ეროვნული კუთვნილება და სამოქალაქო პოზიცია გაცვალონ დამამცირებელ ნეიტრალურ სტატუსზე.

    თებერვლის ბოლოს, IOC-მა რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი ათლეტები.

    გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლება.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა.

    გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად “ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.

    ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.
    გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი.
    მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა.

    მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას.
    ითქვა, რომ პანდემიამ ოპერატორი კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მთავრობის მეთაური მიესალმა TAV-ის ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება შეთავაზებული.
    შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა TAV-თან ერთად აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით.
    შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ხოლო TAV Airports-ის მხრიდან – TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (ვიცე-პრეზიდენტი) ფრენკ მერეიდი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.
    “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულად რეაბილიტირდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებთან დაკავშირებით

    საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას. 

    ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

    საქართველო,  რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 
  • ი. ღარიბაშვილმა და ხ. კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს

    ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.ყურადღება გამახვილდა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.
    პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური