საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021 00:25

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

წაკითხულია 232 ჯერ

Related items

  • საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს

    ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.

    „მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო! მივესალმები ჩემს მეგობარს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მე მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას,“- განაცხადა პრემიერმა.

    მისივე თქმით, ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

    მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო.

    „მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკის წარმომადგენელს. ამ პროექტისთვის გამოიყო დაახლოებით 7 მლნ ევროზე მეტი. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებს, ორივე მხარის სამთავრობო უწყებებსა და პროფესიონალთა გუნდს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!,“- განაცხადა პრემიერმა.

    ახალი საავტომობილო ხიდის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

    მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას, ასევე სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

    „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო! მოხარული ვარ, მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი, მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა.
    პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, როდესაც ვუბრუნდებით და ციფრებს ვადარებთ, ვხედავთ ასეთ პოზიტიურ ტენდენციებს, ჩვენ უფრო განგვაწყობს, რომ ინტენსიური გავხადოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მუშაობით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს რეალური ნაბიჯები გადავდგათ არა მხოლოდ სპარსეთის ყურის და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს საკვანძო კავშირის უზრუნველყოფის მიმართულებით სხვა საკვანძო ინიციატივებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით დავაინტერესებთ სხვა მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო სომხეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა კანონიერი გადაყვანა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაოები მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ასევე ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და მულტიმოდალურ, კერძოდ, საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ.
    „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროებში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ გაადვილებული უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ,“- განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
    საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო. ერთობლივი ხიდი რეგიონში უნიკალური ტრანსსასაზღვრო პროექტია, რადგან ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
    ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ძველ ხიდთან შედარებით, ორმაგდება ახალი ხიდის გამტარობა, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
    ღონისძიებას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ახალი საავტომობილო ხიდი დაათვალიერეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

    პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

    შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთი თავის წვლილს შეიტანს

    პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გუშინ უკრაინაში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლვოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც უკრაინაში, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობას ისახავს მიზნად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    მემორანდუმს ხელი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა მოაწერეს.

    მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინაში სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქციას, როგორიცაა გზები, ხიდები, წყლისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და სკოლები

  • ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

    უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ხარკოვის მერმა იგორ ტერეჰოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ღამით ხარკოვში სამსართულიან შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

    ტერეჰოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. მისივე თქმით, ყველა დაშავებულს გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარებ და უსახლკაროები თავშესაფარით უზრუნველყვეს.

    მერმა ტერეჰოვმა ასევე აღნიშნა: "რაც არ უნდა დაბომბონ უკრაინა და ხარკოვი, ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს და სიკვდილს."

    რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.

     

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

    პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება – 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.
    პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
    პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
    აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
    როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია.
    პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური